ელზა პაპოშვილი
19.01.2024

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების თემა კვლავ აქტუალური გახდა - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ამ საკითხის გარშემო დაპირისპირება მაშინ განახლდა, როცა ევროსაბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტმა კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასება გამოაქვეყნა. 

კომიტეტის განცხადებაში წერია, რომ  ყველა პატიმარი, რომელიც „ვივამედის“ დაცულ ნაწილში იმყოფებოდა, დათანხმდა იქ მკურნალობას ნებაყოფლობით ან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათი უმრავლესობა კმაყოფილია მიღებული მკურნალობით. თუმცა არსებობს რიგი პრობლემები, მაგალითად დაბურული შუშები და ის, რომ ბევრი მათგანი სუფთა ჰაერის მიღებას ვერ ახერხებს. 

ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ სასამართლომ სააკაშვილს სასჯელის მოხდა ოროთახიან ლუქსში კი არ მიუსაჯა, არამედ შესაბამის დაწესებულებაში. 

„ყველა იმ ადამიანის პოზიცია მაინტერესებს, ვინც ამბობდა, რომ სააკაშვილს ევროპული ჰაერი სჭირდებოდა. სტრასბურგის სასამართლოსა და კომიტეტის დასკვნის შემდეგ რას ამბობენ? ევროპარლამენტში მათი პლაკატები, დემარშები რომ იყო, თურმე სააკაშვილს აწამებდნენ, ახლა საპირისპირო დასკვნა რომ არსებობს, რას ფიქრობენ? ან დასკვნა აღიარონ, ან ქართული სახელმწიფოს მიმართ ბოდიში მოიხადონ. სამწუხაროდ, დასკვნებს უკუღმა კითხულობენ“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუატმა, გურამ მაჭარაშვილმა.  

„როდესაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, ეს არის ერთგვარი დისკრიმინაციული მდგომარეობა იმიტომ, რომ ის არის პრივილეგირებული სხვა პატიმრებთან შედარებით,“ - თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, და დაამატა, რომ სააკაშვილი არის იმ სისტემის შემოქმედი, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული ციხეებში ადამიანების წამებასთან.

„წესით და რიგით, ალბათ ეს ადამიანი უნდა იყოს ციხეში, თუმცა არის სხვადასხვა ფაქტორი, რის გამოც შესაბამისი უწყებები იღებენ გადაწყვეტილებას მისი პრივილეგირებულ მდგომარეობაში დატოვებაზე. ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები და საფუძვლები. თუ საუბარია დისკრიმინაციაზე, ეს არის ერთგვარი პოზიტიური დისკრიმინაცია. კაცი, რომელიც უნდა იჯდეს ციხეში, სინამდვილეში არის კლინიკაში, ოროთახიან პალატაში. სპეკულაციები ხშირად გვესმის ამ თემაზე და უნდა გავიხსენოთ ის, რომ სააკაშვილი არის იმ სისტემის შემოქმედი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ადამიანების წამებასთან ციხეებში, არაჰუმანურ მოპყრობასთან და ასეთი ადამიანი დღეს არის ოროთახიან პალატაში განთავსებული, რაც იმ საერთო წინსვლაზე მიანიშნებს, რომელიც განიცადა ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მიმართულებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.   

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე კი ამბობს, რომ იმ დროს, როცა ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა უმძიმესი დასკვნა გაასაჯაროვა, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ „ვივამედში“ შექმნილი მდგომარეობა სააკაშვილისთვის მჩაგვრელი და დამამცირებელია, საპარლამენტო უმრავლესობა მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.

„რაც შეეხება სააკაშვილს, რაში ედება ბრალი? - რომ გადარჩა და ცოცხალი რომ არის, ამაზე სთხოვენ პასუხს და ცუდია, მითუმეტეს წამების კომიტეტის განცხადების ფონზე, არ ვისაუბრებდი მე მის ადგილზე ამ საკითხებზე,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯამრთელობა გაუმჯობესდა და, მისი პოლიტიკური განცხადებების მიუხედავად, ახლა არ არის იმის დრო, რომ ციხეში გადაიყვანონ, ხელისუფლებამ მისი სახით ისევ აუტკივარი თავი არ უნდა აიტკიოს და დატოვოს იქ, სადაც არის. 

„მიუხედავად იმისა, რომ გამოჯამრთელდა, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და სამომავლო გეგმებს აწყობს. მაინც ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ყურადღება არ უნდა მიაქციოს და დატოვოს იქ, სადაც არის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სააკაშვილის თემა ისევ აქტუალური ხელოვნურად არ გახდეს. მის მიმართ ხელისუფლების უყურადღებობა უფრო არ მისცემს საბაბს მის მომხრეებს არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ, რომ „ოცნებას“ ხელახალი პრობლემები შექუმნან. 

„ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ეს ბრძოლა მოიგო და სააკაშვილის ცუდად ყოფნის ამბავი აქტუალური აღარ არის. როგორც კი მას ციხეში გადაიყვანენ, ის ამის აქტუალიზებას დაიწყებს. ისევ დაიწყება ევროპიდან და დასავლეთიდან კრიტიკა, რაც ახლა „ოცნებას“ არაფერში აწყობს. ამას სააკაშვილი უფრო  სათავისოდ გამოიყენებს და მისი  პოლიტიკური რეიკარნაცია მოხდება. ისიც სწორედ ამას ცდილობს. ხელისუფლებას ახასიათებს-ხოლმე ასეთ რამ. როცა პრობლემა არა აქვს, ძალით მის პოვნას ცდილობს. სააკაშვილის ციხეში გადაყვანა სწორედ ასეთი ამბავი იქნება. აუტკივარ თავს ისევ ხელახლა აიტკიებენ“, - ამბობს საყვარელიძე.   

რაც შეეხება იმას, აზიანებს თუ არა ხელისუფლებას ეს ფაქტი საკუთარ ამომრჩევლებში, საყვარელიძე ფიქრობს, რომ არა, რადგან მისი ციხეში გადაყვანა უფრო მეტ თავის ტკივილს გაუჩენს ხელისუფლებას, ვიდრე მისი არაფრად ჩაგდება. რაც უფრო  არ მიაქცევენ ყურადღებს, მისი პერსონა მით უფრო  სასაცილო და არც ისე მნიშვნელოვანი იქნება.       

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×