ნაზი ბერიძე
19.01.2024

ოპოზიცია წინასაარჩევნოდ კვლავ, წარმატების მოსაპოვებლად, ძალთა კონსოლიდაციას აანონსებს, რაც არა მხოლოდ 5%-იანი ბარიერის გადალახვას, არამედ ხმების დაცვას ითვალისწინებს. პოლიტიკის ექსპერტები „რეზონანსთან" ოპოზიციის შანსებს კონსოლიდირების შემთხვევაში დიდად მომგებიანად არ მიიჩნევენ, გააჩნია ოპოზიციის წარმომადგენლებს რა ხედვები ექნებათ და რა კრიტერიუმებით შეერწყმებიან ერთი მეორეს.

წლევანდელ არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვების შანსი უფრო მაღლია, ვიდრე 2020 წელს იყო, - თქვა „გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში".

ჯაფარიძე ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციის მნიშნველობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „გირჩი - მეტი თავისუფლება" სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან კონსულტაციებს გადის.

„მნიშვნელოვანია და საჭიროა ძალების კონსოლიდაცია. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ 5%-იან ბარიერს. ამის გარდა ოპოზიციურ ფლანგზე დეფიციტია რესურსების, კოორდინაციაა საჭირო თუნდაც ხმების დაცვის თვალსაზრისით, ასევე საერთო მნიშვნელობის საკითხების გატანა რომ მოხდეს პარლამენტში. ბევრი საკითხია და მათ შორის დიახ, წინასაარჩევნოდ ძალების გარკვეული კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია, მათ შორის ეს დაკავშირებულია საარჩევნო ბარიერთანაც. თუ გამარჯვებაზეა საუბარი, არ შეიძლება, პროდასავლური, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ხმები წაიღოს „ქართულმა ოცნებამ" და ამას ჭირდება აქეთა ფლანგზე ისეთი კონფიგურაცია, რომ ხმები არ დაიკარგოს.

„ჩვენ გვაქვს კონსულტაციები და ეს არც დაგვიმალავს არასდროს. ინიციატორები ვიყავით ძალების კონსოლიდაციის თითქმის ორი წლის წინ. ახლა ამ წუთშიც გვაქვს კონსულტაციები. გადაწყვეტილება რაიმე ტიპის ერთობაზე ჯერ მიღებული არ არის. ეს ისეთი პროცესია, რომელიც ფრთხილადაა გასავლელი, ამიტომ მე ვერიდები ხოლმე წინასწარ რაღაც განცხადებების კეთებას, მაგრამ რაღაც ტიპის კონსულტაციები გვაქვს არაერთ პოლიტიკურ ჯგუფთან", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, ოპოზიციის მთავარი მესიჯი არ უნდა იყოს ბიძინას ჩამოგდება, რადგან ეს იქნება წამგებიანი, მით უმეტეს ქვეყანას აქვს კანდიდატის სტატუსი და მისი დასავლური კურსიც ურყევია. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ არ მიუერთდნენ „ნაციონალურ მოძრაობას", რადგან მათთან ყოველი ერთობა გამორიცხულია.

„გააჩნია რა განაცხადით წარსდგება ოპოზიცია, ვინ იქნებიან, რა ხედვებს წარმოადგენენ და ა.შ. როგორ ესმით კონსოლიდაცია ვთქვათ ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი გახარიას, მამუკა ხაზარაძეს, ვთქვათ იქ ხაბეიშვილს ან თამარ ჩერგოლეიშვილს. ამიტომ მნიშვნელოვანია ახლა შეთანხმება იმაზე, რას ეძახიან კონსოლიდაციას, რა უნდათ, საერთოდ მიზნები რა არის, ბიძინა რომ ჩამოაგდონ? ეს არის ძალიან გაცვეთილი ამბავი. შეუძლებალია რეალური კონსოლიდაცია მოხდეს მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ხელისუფლება არ გვინდა. გასაგებია რომ არ გვინდა ხელისუფლება მაგრამ სანაცვლოდ რა გვინდა.

„ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აქვს, ბიძინა ივანიშვილიც რაღაც დონეზე ფორმალიზებულია, ხელისუფლებაშია, ყოველ შემთხვევაში მთლიანად არაფორმალური არ არის, რაღაც დონეზე მაინც გამოჩნდა. რიტორიკაც ისეთი ანტიდასავლური აღარ აქვთ „ოცნებაში", როგორც ჰქონდათ სტატუსამდე.

„ასეთ დროს უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ ოპოზიციის ფლანგმა თავი წარმოაჩინოს როგორც ხელისუფლებაზე უკეთესმა. ხალხმა დაინახოს, რომ ისინი მათ აჯობებენ. ახლა ეს როგორ გააკეთონ დიპლომატიურად, ეს მეორე საკითხია, მაგრამ თავისთავად მიზანი უნდა იყოს უკეთესი ალტერნატივის ჩვენება და არა ის, რომ „ქართველო ხელი ხმალს იკარ" და „მოვაშოროთ ბიძინა." თუ ასეთი რიტორიკით დაუპირისპირდებიან, აუცილებლად წააგებენ.

„ამასთან საკითხავია, „ნაციონალური მოძრაობის" ადგილი არის თუ არა კონსოლიდაციაში. მე ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება არ შეიძლება, ეს არის იგივე „ნაციონალურ მოძრაობას" მიუერთდე და არა გაუერთიანდე. „ნაციონალური მოძრაობის" არსი არ არის ის, რომ ვიღაცასთან ერთად რაღაცა სინერგია შექმნას, მას უნდა შეუერთდე ან უნდა გაემიჯნო. ამ კითხვებზე კი პასუხი მათ არა აქვთ. აბსტრაქტულად კონსოლიდაცია კარგია, კი ბატონო", - განაცხადა „რეზონანსთან" დავით ზურაბიშვილმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ოპოზიციის გაერთიანება-გაურთიანებლობა კი არ არის პრობლემა, უბრალოდ მათ სწორი მოქმედების გზა ვერ აირჩიეს.

„ნაწილობრივ პასუხობს ზურაბ ჯაფარიძე მაგ კითხვას, როცა ამბობს, რომ ოპოზიცია არ არის ფორმაში. ეს ბევრ რამეს გულისხმობს ოპოზიციასთან დაკავშირებით. ესე იგი მათ აქვთ განცდა, რომ რაღაც ისე არ გამოსდით, როგორც უნდა გამოვიდეს. მაინც და მაინც კონსოლიდაცია, რაც აქვთ დახვეული ხელზე, არა მგონია რომ შედეგიანი იყოს, გვინახავს მასეთი კონსოლიდაციები სხვათაშორის 2020 წელსაც და დიდად შედეგიანი ოპოზიციის პოლიტიკური საარჩევნო აქტივობა არჩევნებზე არ იყო, იმის მიუხედავად, ისინი კონსილიდირებული იყვნენ თუ არა.

„აქედან გამომდინარე ოპოზიცია ვერ ხვდება, სად არის მათი სუსტი წერტილი, მათი სუსტი წერტილი, მე მგონი, არ არის გაერთიანება-გაუერთიანებლობა. აგერ „ქართული ოცნება" არაფერთან გაერთიანებული ამჟამად არ არის, მაგრამ მაინც უკეთეს შედეგებს იძლევა. ასე რომ, გაერთიანებაში არ არის ბურატინოს ოქროს გასაღები.

„ახლა რაღა შანსები აქვთ არჩევნების გზით? ლამის კარზეა მომდგარი არჩევნები და ცოტა უფრო ადრე იგივე 2020 წლის შემდეგ უნდა დაფიქრებულიყვნენ, რა გზა ჯობია, ისინი არ დაფიქრდნენ და დაიწყეს ქუჩაში დგომა. აი, ქუჩაში დგომა, რყევა, დესტრუქცია ეს მცდარი გზა არის და მიიღეს კიდეც შედეგი", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×