თამთა ჩაჩანიძე
10.03.2024

რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა „ანტიდასავლურ ღერძს" ქმნიან - დასავლური მედია ამაზე უკვე ღიად წერს. მეორეს მხრივ კი, საფრანგეთის ინიციატივაა ისეთი ქვეყნების ალიანსი შექმნა, რომლებიც მზად არიან უკრაინაში ჯარები განათავსონ. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეს მოვლენები გლობალური სამხედრო დაპირისპირების წინაპირობა აღმოჩნდეს.

ფრონტის ხაზზე კი ვითარება თითქმის უცვლელია, თუმცა რუსების მთავარი დაწოლა მაინც დონეცკისკენ აქვს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აქტიური ბრძოლები სლავიანსკი-კრამატორკსისკენაა.

„რუსეთს ის გეგმა აქვს, რომ 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ჩაატაროს. ფრონტზე აქტიური ბრძოლები სლავიანსკი-კრამატორსკისა და ჩასოვი-იარისკენაა. რუსები ცდილობენ დონეცკის ოქლი მთლიანად მოაქციონ ოკუპაციაში და ოპერატიულ სივრცეზე გავიდნენ, რომ ამით ხარკოვისა და ლუგანსკის მიმართულებაზე შექმნან პლაცდარმი.

„ზაპოროჟიესკენ აქტიური შეტევითი ოპერაცია მიდის, მაგრამ აქ უფრო ლოკალური ბრძოლებია. გარდა ამისა, რუსები ხერსონის მიმართულებით იმ ტერიტორიის შევიწროვებას ცდილობენ, სადაც უკრაინელებს პლაცდარმის შექმნა უნდოდათ. ამის პარალელურად, რუსეთი უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებს ახორციელებს", - განაცხადა მაისაიამ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინის ფრონტზე ცხელი ზონა მაინც აღმოსავლეთია.

„ცხელი წერტილები ყველგანაა, თუმცა დაწოლის მხარე აღმოსავლეთია. ალბათ რუსები კიდევ რომელიმე ქალაქის მიმართ ისეთივე შეტევას შეეცდებიან, როგორიც ავდეევკას გარშემო ვნახეთ. ბევრი ქალაქი შეიძლება განიხილებოდეს, რომელი შეიძლება იყოს ეს, მაგრამ პრინცილუპად ეს ომის ბედს მაინც ვერ გადაწყვეტს.

„სხვადასხვა მიმართულებებზე არის შეტევის მცდელობა. პატარა ქალაქებთან - ლიმანი, კუპიანსკი, სვიატოვო, კრემინას მიმართულებაზე დიდი ხანია რუსები რაღაცის შექმნას ცდილობენ. ძნელია იმის თქმა, თუ სადამდე ეყოფა რუსეთს იმის რესურსი, რომ საკუთარი ჯარისკაცების მასიური დაღუპვის ხარჯზე, წინ წაიწიოს და მიწასთან გასწორებული ქალაქები დაკავოს.

„ალბათ ასეთი სცენარი იქნება - რუსეთი შეედება კიდევ ერთი ავდეევკის ზომის პატარა ქალაქი დაიკავოს და ამით გარკვეული წარმატება წარმოსახოს, მაგრამ რეალურად ამით გარღვევას ვერ მოახდენს, დღეს ამის შესაძლებლობა არც რუსეთს და არც უკრაინას არ აქვთ", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ანტიდასავლური ღერძი და დასავლური ახალი შესაძლო ალიანსი

ბრიტანული „სანდი თაიმსი" წერს, რომ ოფიციალური მოსკოვი პრაქტიკულად „ანტიდასავლურ ღერძს ქმნის", რომელშიც მოიაზრებიან რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ცნობისათვის, თავის შეიარაღებაში წარმოქმნილ დეფიციტს რუსეთის არმია სწორედ ამ ქვეყნებიდან მიღებული რაკეტებით, დრონებით, ჭურვებითა და სხვა სახის საბრძოლო მასალით ავსებს. ამავე წყაროს შეფასებით, სწორედ „სანქციების გვერდის ავლით ურთიერთდახმარება არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ღერძს".

ამის პარალელურად, საფრანგეთის გარშემო იწყება იმ ქვეყნების ერთგვარი კოალიციის ფორმირება, რომლებიც წინააღმდეგი არ არიან უკრაინაში თავისი სახმედრო ნაწილები გაგზავნონ. პირველ რიგში საუბარია პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებზე. დასავლური მედიის ცნობით, 8 მარტს პარიზში გამართული შეხვედრის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს იყო.

ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლური ჯარების განთავსება არ გამორიცხა, თუმცა თქვა, რომ ამაზე კონსენსუსი ჯერ არ იყო. მაკრონის აზრზეა პოლონეთიც. ეს განცხადება ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობისა და თავად ალიანსის გენმდივნის იენს სტოლტენბერგის კრიტიკის ობიექტი გახდა. ნატოს ქვეყნების ლიდერებმა მათ შორის გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადეს, რომ სიტუაციის ესკალაციის საფრთხის გამო, ალიანსის ქვეყნები უკრაინაში ჯარის შეყვანას არ განიხილავდნენ, თუმცა მაკრონმა არც ამის შემდეგ დაიხია უკან და განაცხადა, უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები კარგად „მოზომილი და გააზრებული" იყო.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე შაბათს პარიზში შეხვდა ბალტიელ და უკრაინელ კოლეგებს, რათა მხარი დაუჭიროს იდეას, რომ უცხოელ ჯარისკაცებს შეეძლოთ დაეხმარონ კიევს.

„რუსეთმა არ უნდა გვიკარნახოს, როგორ უნდა დავეხმაროთ უკრაინას შემდეგ თვეებსა თუ წლებში. ყველაფერი ჩვენს შორის უნდა გადავწყვიტოთ. უკრაინას არ უთხოვია ჩვენთვის ჯარისკაცების გაგზავნა. უკრაინა მოცემულ მომენტში გვთხოვს საბრძოლო მასალის გაგზავნას. შემდეგ თვეებში არაფერს არ გამოვრიცხავთ", - თქვა სეჟურნემ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი საკუთარ „ტვიტერზე" უწყების ლიდერის რადოსლავ ыიკორსკის სიტყვებს ციტირებს, რომ უკრაინაში ნატოს ძალები „არ არის წარმოუდგენელი" იდეა.

„ნატოს ძალების ყოფნა უკრაინაში არ არის წარმოუდგენელი. მე ვაფასებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის ინიციატივას, რადგან, მისი მეშვეობით, პუტინს უნდა ეშინოდეს და არა ჩვენ პუტინის", - აცხადებს სიკორსკი.

მოასწავებს თუ არა ამ ალიანსების შექმნა ახალ გლობალურ ომს

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს ფაქტიურად გლობალური ომისკენ გადადგმული ნაბიჯებია, თუმცა მკვეთრი ამის კონტურები ჯერ არ ისახება.

„ეს ფაქტიურად გლობალური ომისკენ სიტუაციის განვითარებას ნიშნავს. ახალი ალიანსების შექმნა უკრაონის კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას კიდევ უფრო გაზრდის. მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ევრაზიული სამხედრო ბლოკი იქნება მობილიზებული, ვიდრე მაკრონის ინიციატივით შექმნილი ალიანსი. მაკრონს ალბათ იმის იმედი აქვს, რომ უკრაინაში დასავლურ ჯარს შეიყვანს და ამაზე თავად დასავლეთის ქვეყნებთან მოლაპარაკებები როგორ დასრულდება, ჯერ არავინ იცის.

„რუსეთი-ირანი-ჩრდილოეთ კორეა ევრაზიული ეკონომიკურ-სამხედრო-პოლიტიკური ბლოკია პირდაპირ ნატოს წინააღმდეგ. რუსეთს ამ ალიანსის გაფართოვების იდეა აქვს, რომელიც შესაძლოა უკრაინის კონტაქსტშიც გამოიყენოს. აქ უკვე ბელარუსის საკითხიც დგება, რომელიც შესაძლოა ამას შეუერთდეს. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის ომში ეს ალიანსი ერთად მოქმედებდა.

„ჯერ მხოლოდ ის ჩანს, რომ საფრანგეთს ალიანსის იდეა აქვს, თუმცა უცნობია ბრიტანეთი ამაზე რა აზრისაა, რადგან მასაც ჰქონდა ფაქტიურად არაფორმალური ალიანსი პოლონეთთან და უკრაინასთან. როგორც ჩანს, მაკრონს ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში ახალი იდეა აქვს.

„ჯერჯერობით ის მკვეთრი ტენდენციები არ იკვეთება, რომ მესამე მსოფლიო ომისკენ მივდივართ. დასავლეთის სახელწიფოებს ეს სცენარი ნამდვილად არ აწყობთ. საფრანგეთს კი თავისი ინტერესები აქვს, რადგან რუსეთმა ის ფაქტიურად თავის სტრატეგიული გავლენის ზონიდან გააძევა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი გამორიცხავს, რომ სიტუაცია მსოფლიო ომამდე მივიდეს, რადგან რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება ატომურ ომს ნიშნავს და ამას ყველა აცნობიერებს.

„რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა დიდი ხანია ალიანსში არიან, აქ ახალი არაფერია. რაც შეეხება უკრაინაში დასავლეთის ჯარების განთავსებას - დიახ, ალბათ საწვრთნელი, გარკვეული გამოცდილების გაზიარების, ტექნიკური სპეციალისტების მისია გამორიცხული არაა. რეალობა ისაა, რომ ევროპას იმის ფუფუნება არ აქვს, რომ უკრაინა ამ ომში დამარცხდეს. ეს ევროპული უსაფრთხოებისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

„მაკრონის განცხადება სწორედ ამას მიანიშნებს, რომ მზად არიან უფრო სერიოზული ნაბიჯები გადადგან უკრაინის დასახმარებლად, თუ ეს საჭირო იქნება. ეს მესიჯი პირველ რიგში რუსებისთვისაა, რათა მიხვდეს, რომ სადღაც უნდა გაჩერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპა უფრო მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს.

„გლობალურ ომად თუ ვიგულისხმებთ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებას, მაშინ ატომურ ომზე ვსაუბრობთ და ამაზე რამის თქმა ძნელია. რუსეთს ატომური იარაღის გარეშეც 24 საათში დაიპყრობენ, მათი საქმე ისე ცუდადაა და დასავლეთის რესურსი იმდენად აღემატება რუსეთისას. მაგრამ რუსებს ატომური იარაღი აქვთ და რუსეთზე თავდასხმის სცენარი ფაქტიურად უნდა გამოვრიცხოთ.

„ახლა მთავარი მიზეზი და მიზანი რუსეთის უკრაინაში დამარცხებაა, რაც ახლა დასავლეთს უდგას. დახმარებას რამდენად მოუმატებენ, ეს სანახავია. ჯერჯერობით ამ მხრივ არც ისე კარგი სურათია", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×