ნატალია ჯვარიძე
10.03.2024

აზერბაიჯანი სომხეთისგან 4 სოფლის დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვს, რომელიც, ოფიციალური ბაქოს აზრით, სომხეთის მიერაა ოკუპირებული. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ამ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა, ეს შესაძლოა ახალ საომარ მოქმდებებში გადაიზარდოს.

განცხადება სომხეთისგან 4 სოფლის გადაცემის მოთხოვნის შესახებ აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერ შაჰინ მუსტაფაევის პრესსამსახურმა შაბათს გაავრცელა. აზერბაიჯანის სამთავრობო უწყების ინფორმაციით, საუბარია არაექსკლავურ ოთხ სოფელზე: ბაგანის აირიმი, აშაგი ასკიფარა, ჰეირიმლი და გიზილგაჯილი. ამავე წყაროს ცნობით, მათი აზერბაიჯანისთვის კუთვნილება უდავოა და ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ექვემდებარებიან.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის ოფისის ცნობით, ოფიციალური ბაქო ასევე ოკუპირებულად მიიჩნევს კიდევ 4 არაექკლავურ სოფელს - იუჰარლი ასკიფარა, ცოფულუ, ბარჰუდარლი, ბარჰურდარლი და კიარკი. თუმცა, როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, ამ სოფლების საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია საზღვრის დელიმიტაციის პროცესში.

აღსანიშნავია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამჟამად ერთობლივი საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი მიმდინარეობს და ორი ქვეყნის შესაბამისი კომისიების ბოლო, მე-7 შეხვედრა 7 მარტს გაიმართა.

სომხეთის ხელისუფლებას აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნაზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, აზერბაიჯანი ჯერჯერობით მოლაპარაკების გზით ცდილობს მიზნის მიღწევას, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ უფრო რადიკალური ნაბიჯებიც გადადგას.

„აზერბაიჯანს თავისი სოფლების დაბრუნება უნდა ომის გარეშე, მაგრამ, თუ მშვიდობიანი შეთანხმება ვერ შედგება, არ გამორიცხავს საომარ მოქმედებებს. ეს საკითხი წინ წამოიწია და დაჩქარდა კომისიის მუშაობიდან გამომდინარე, როდესაც ჩატარდა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების მორიგი შეხვედრა და იქ გამოიკვეთა ეს თემაც.

„კომისიები რომ არ ყოფილიყო, დიდი ხანი ლაპარაკი იქნებოდა კომისიების შექმნაზე და არა სოფლების დაბრუნებაზე, რადგან არსებობს უკვე ეს კომისია და მუშაობს, დღის წესრიგში ეს საკითხი დადგა.

„რამდენიმე ხნის წინ რომ გეკითხათ რა საკითხები აწუხებდა აზერბაიჯანს, მე ვიტყოდი, რომ სოფლების დაბრუნების საკითხიც ერთ-ერთი მათგანი იყო. ეს თემა ყოველთვის აქტუალური იყო, უბრალოდ ახლა ამის დრო მოვიდა, აქამდე არ იყო. სომეხი ექსპერტებიც ელოდებოდნენ ამ პროცესს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×