რეზონანსი
13.05.2021

მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერების შემდეგ ყველა პარტიამ, პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან პარლამენტში შესვლის ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანი შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმებას და ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის საკითხს გამოეხმაურა.

ამასთან, როგორც ელჩი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო რეფორმაზე მხარეებმა იმუშაონ, რათა ადგილობრივი არჩევნები ამომრჩევლის სრული ნდობის პირობებში ჩატარდეს.

„ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე იქნა ხელი მოწერილი. მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ განვითრდეს ეს პროცესი და ყველა პარტიამ, პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან შემდეგი ნაბიჯი და მიიღონ პარლამენტის წევრობა. ვიცი, რომ მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე. მისასალმებელია ის, რომ გაგრძელდეს ეს პროცესი და იმუშაონ მხარეებმა, რათა ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ამომრჩევლის სრული ნდობის პირობებში. ეს ზუსტად ეხება იმ ცენტრალურ ელემენტს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. არ დაგვავიწყდეს, ცხრა პარტია მონაწილეობდა ამ პროცესში",- განაცხადა დეგნანმა.

მისივე თქმით, შეთანხმების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი იყო სასამართლო რეფორმა.

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობით სარგებლობდეს სასამართლო პროცესი და მთლიანობაში მართლმსაჯულება. ზუსტად ამიტომ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და ეს იყო ჩვენი გზავნილი არჩევნების დღიდან მათდამი, რომ შესულიყვნენ პარლამენტში და პარლამენტის ჭერქვეშ გაეგრძელებინათ მუშაობა ესოდენ მნიშვნელოვანი სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე, რათა ეს სისტემები ყოფილიყო ნდობით მოსარგებლე პოლიტიკური პარტიებისა და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

ამიტომ იყო თანმიმდევრული ჩვენი გზავნილი, როდესაც მოვუწოდებდით, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი და ნება ყოფილიყო გამოხატული, შესულიყვნენ პარტიები და მათი წევრები პარლამენტში და იქ გაეგრძელებინათ ის რთული სამუშაო, რომელიც უკავშირდება შემდგომი რეფორმების განხორციელებას, რომელიც აისახა კიდეც შეთანხმებაში. ეს უზრუნველყოფდა აგრეთვე მრავალპარტიულ პარლამენტს. ეს იყო ზუსტად ის, რაც გასული წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს და მისცეს ხმას იმას, რომ საპარლამენტო მუშაობა გაგრძელებულიყო",- განაცხადა კელი დეგნანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×