რეზონანსი
26.04.2024

პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ვუერთდებით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ საქართველოს მოქალაქეებს, რათა კიდევ ერთხელ, მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!" - ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი ინფორმაციით, 29 აპრილს „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანია, დაყოს და დააპირისპიროს ქართველი ხალხი.

„ჩვენ, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ვუერთდებით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ საქართველოს მოქალაქეებს, რათა კიდევ ერთხელ, მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!" ვაფასებთ სამოქალაქო სექტორის პოზიციას ღირსების შემლახავ რეესტრში დარეგისტრირებაზე უარისა და რუსული კანონის გახმობამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ.

29 აპრილს „ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი შეკრება, რომელზეც საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ თბილისში ჩამოიყვანენ, არის ამ ადამიანების შეურაცხყოფა, რუსული ხელისუფლების მიერ მათი გამოყენება ჩვენი საერთო ევროპული მომავლის წინააღმდეგ და ცხადი პროვოკაცია იმ გულწრფელი და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომელთა უწყვეტმა პროტესტმა უკვე ათი დღეა მოიცვა დედაქალაქის ქუჩები.

მივმართავთ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს. ჩვენ კარგად გვესმის პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც „ქართული ოცნება" თქვენს წინააღმდეგ იყენებს. თუმცა, ეს ის მომენტია, როდესაც თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააკეთოს ერთადერთი სწორი არჩევანი - არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების მითითებას და ნუ გახდებით ივანიშვილის ფარი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლაში.

29 აპრილს ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანია დაყოს და დააპირისპიროს ქართველი ხალხი, შექმნას ყალბი სურათი, თითქოს რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს განსხვავებული პოზიციის მქონე ორი ბანაკი. ჩვენ კარგად გვესმის საზოგადოების მთლიანობის მნიშვნელობა და არასოდეს დავუშვებთ კრემლის საოცნებო სცენარს ჩვენი ხალხის დაყოფისა და დაპირისპირების შესახებ.

ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ვემზადებით წინააღმდეგობისთვის რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის, როცა ყველამ ერთად, მტკიცედ უნდა განვაცხადოთ კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!"- წერია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:„ახალი", „გირჩი მეტი-თავისუფლება", „დროა", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „რესპუბლიკური პარტია", „სტრატეგია აღმაშენებელი".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×