ელზა პაპოშვილი
04.04.2024

მოსალოდნელია თუ არა,  ხელახლა ინიცირებული და რედაქტირებული ფორმით „აგენტების კანონის“ პარლამენტში დაბრუნების შემდეგ,  ქვეყანაში მასობრივი აქციების დაწყება? ათონელის სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან კვლავ შეხვედრები დაიწყო. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიცია ამბობს, რომ 26 ოქტომბერი უნდა გახდეს ის თარიღი, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლება უნდა გამოაცალონ.  რეზიდენცია მათ სწორედ ამ გზავნილით დატოვეს. 

გამჭვირვალობის  კანონს ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს. ოპოზიცია  კი აანონსებენ, რომ პროტესტი დაიწყება  ყველგან, სადაც „ქართული ოცნება“ „ანტიევროპული“  კანონის განხილვას დაიწყებს და ეს მხოლოდ პარლამენტი არ იქნება. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა” თავმჯდომარე სოზარ სუბარი კი აცხადებს, რომ თუკი ოპოზიციას პროტესტის გამოხატვა უნდა, ისინი 50 ადამიანსაც ვერ შეკრებენ. 

„ოპოზიციამ ერთხელ უკვე მოატყუა საზოგადოება და მეორედ ვეღარ მოატყუებს, თუ პროტესტი უნდათ, აგერ არის ქუჩა, აგერ არიან თვითონ და ძალიან კარგად ვნახავთ, რომ 50 კაცსაც ვერ შეკრებენ. რამდენიც უნდათ, იყვირონ, ვერავის ვეღარ გამოიყვანენ ქუჩაში, რადგან მათი მოსატყუებელი კბილი ქართულმა საზოგადოებამ უკვე გამოიცვალა. თვითონ რისი ძალა აქვთ - აი, ბურთი და მოედანი, ბურთი არის მათ მოედანზე და ვნახოთ, რისი თავი აქვთ,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა” თავმჯდომარე სოზარ სუბარი.  

პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას” წევრის, დავით ხაჯიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ მუხტს საერთაშორისო გამოხმაურება არ სჭირდება. შარშან ოპოზიციის აქტივობა რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, კანონის მიღების შესახებ საზოგადოებას ვერც გაეგო.

„მუხტს არ სჭირდება საერთაშორისო გამოხმაურება. ჩვენ, დავალებებს მხოლოდ საკუთარი მოსახლეობისგან ვიღებთ და სხვა არავისგან. შემიძლია, გამარჯვების პლატფორმის სახელით გელაპარაკოთ. რომ არა ოპოზიციის ის აქტივობა, რომელიც პარლამენტში იყო, შეიძლება, ჩვენს მოსახლეობას ამის შესახებ ვერც გაეგო,“ - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, რომ არა ევროპელების ის განცხადებები, წინა წელს ისეთი აქცია ვერ შედგებოდა.

„როდესაც ევროპის მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის, ეს უკვე დამაჯერებელია. ამაში განსაკუთრებულ ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ რომ არა ევროპელების ის განცხადებები, წინა წელს ისეთი აქცია ვერ შედგებოდა. კონკრეტულად ლომჯარიამ რა იგულისხმა, მე პირადად არ ვიცი, მაგრამ ენჯეო-ებს იმის ავტორიტეტი არ აქვთ, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ. საბოლოო ჯამში, ეს პოლიტიკური პარტიების, ევროპელი და ამერიკელი მეგობრების დამსახურებაა,“ - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.   

ანალიტკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ფაქტია ამ კანონთან დაკავშირებით დამოკიდებულება როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე მის შიგნით შეცვლილია. აბაშიძე აცხადებს, რომ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აღიარა, რომ შარშანდელი ინიციატივის პროცესისგან განსხვავებით, საზოგადოების ფართო ფენა კანონის შინაარსზე უფრო ინფორმირებულია. ამიტომ, ანალიტკოსი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს იგივე აფიორის გამეორება  აღარ გამოუვათ. 

„პოლიტიკაში მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის ახსნას თუ რა რეფორმა ხდება. რა კანონპროქტი შემოდის და ა.შ. დესტრუცქიული ნაცოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებას უწევს არა ტყუილის თქმა, არამედ ტყუილისგან დაცვა, სხვდასხვა სტრატეგიებით და მეთოდებით. „ქართული ოცნება“ იძულებულია დახვეწილ ტყუილზე პასუხი გასცეს. წელს და ამ ერთი წლს განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ მკაფიოდ გაიგო, რომ ეს კანონი არცერთ ფიზიკურ პირს, არცერთ ბიზნესმენს, ემიგრანტს და მათ ოჯახებს არ ემუქრება. 

„ის არის მიმართული მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე, რომლებიც უცხოეთიდან ამხელა დაფინანსებებს იღებენ. უკაცრავად და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ გამჭვირვალობის სადარაჯოზე დგანან, რატომ არიან საკუთარი  გამჭვირვალობის წინააღმდეგნი? ეს ხომ არ არის დრაკონული სანქციები?! უბრალოდ დეკლარაცია უნდა შეავსონ, თუ არ შეავსებენ, ჯარიმა იქნება, განსხვავებით ამერიკისგან, სადაც ამაზე მრავალათიათასიანი ჯარიმაა დაწესებული. როგორ შეიძლება ეს რუსული იყოს? ამიტომ მე მგონია, რომ ხალხს ვერც ოპოზიცია და ვერც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ვეღარ მოატყუებენ და არ ველი, რომ რაიმე დიდი  აქციები იქნება. ეს ე.წ. რუსული კანონის აფიორა გაცვდა და ხალხის მოტყუებას ვეღარ შეძლებენ,“ - ამბობს აბაშიძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×