თამთა ჩაჩანიძე
11.03.2024

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ქვეყანას ახალი ჯანდაცვის მინისტრი ჰყავს - ფართო კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ ჯანდაცვის უწყებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უხელმძღვანელებს. სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.

პრემიერმა სხვა საკადრო ცვლილებებიც გააცნო საზოგადოებას - მთავრობის მეთაურის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია იქნება, ხოლო ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. ამასთან, პრემიერის გადაწყვეტილებითვე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე. მთავრობის ადმინისტრაციას კი ლევან ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში სხვა საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არაა, რადგან ყველა მინისტრი „ძალიან კარგად მუშაობს".

საკადრო ცვლილებების გახმოვანების შემდეგ, პრემიერმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, სადაც მთავარი თემები იყო გამოწვევები ჯანდაცვის სამინისტროში, ოპოზიციურ ფლანგზე გადაჯგუფება, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი, პროდუქტის ფასები, რომელიც რამდენიმე დღეა ოპოზიციის დღის წესრიგის მთავარი თემაა. ამასთან პრემიერი სხვა საკითხებსაც შეეხო.

საკადრო ცვლილებები

მთავრობის მეთაურის თქმით, ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ის, თუ რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი.

„გასული ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანდიდატურის შესარჩევად. ასევე - ინდივიდუალური კონსულტაციები როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან, - ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი იყო ზუსტად ორად გაყოფილი.

„ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელი, ხოლო მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა.

"კონსულტაციების შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოზიციაზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. საბოლოოდ უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს.

„მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა ბატონი მიხეილ სარჯველაძე. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. 2012 წლამდე ბატონი მიხეილი ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, 2012 წლის შემდეგ მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სარჯველაძე იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი, მოგვიანებით - იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2012 წლიდან ის გახლდათ საპარლამენტო გუნდის წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

„მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, რომელიც დღეიდან გაუძღვება რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. შეგახსენებთ, ეს არის ჯანდაცვა და გარდა ჯანდაცვისა, ეს არის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, დევნილების ინტერესების დაცვა, დასაქმება და შრომის საკითხები. გამოწვევები არის უამრავი ყველა მიმართულებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სარჯველაძე მისი პროფესიონალიზმით, გამორჩეული პიროვნული თვისებებით იქნება საუკეთესო მინისტრი და ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მოუტანს ამ დარგს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა.

„მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ბატონი ლევან ჟორჟოლიანი, რომელიც დღემდე იყო თბილისის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე; მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად - ბატონი ნიკოლოზ ტყემალაძე; პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დაინიშნა ბატონი გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად - ბატონი ზურაბ აბაშიძე", - განაცხადა პრემიერმა.

რა თქვა პრემიერმა ოპოზიციაზე

იქმნება არაერთი 2%-იანი, 3%-იანი პარტია, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე მეტი ხმა იკარგება, რაც ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საშუალებას მოგვცემს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიასა და „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდების შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, „რამდენიმე 2-3%-იანი ოპოზიციური პარტიის შექმნა, კარგ სურათს გვაძლევს".

„პრინციპში, იქმნება რამდენიმე 2-3%-იანი ოპოზიციური პარტია, რაც გვაძლევს კარგ სურათს.საბოლოოდ, ჩვენი ამოცანაა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს პროცესები, რომლებიც ვითარდება, ვგულისხმობ, 2-3%-იანი პარტიების შექმნას, გვiზრდის იმის შანსებს, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ჯერჯერობით ტენდენცია არის კარგი, იქმნება არაერთი 2%-იანი, 3%-იანი პარტია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასეთ შემთხვევაში იკარგება მეტი ხმა ოპოზიციურ ფლანგზე, რაც ჩვენ მოგვცემს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საშუალებას",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფასები

პრემიერის თქმით,ის მონაცემები, რაც ოპოზიციის მხრდან ქვეყნდება, მანიპულაციურია, მისი თქმით. 2012 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასების ინდექსში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს.

„აქცენტების გადატანის მცდელობა აშკარად არის. რაც შეეხება ფასებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომლის მიხედვითაც, არის 66%-იანი ზრდა 2012 წლის შემდეგ. აქაც იყო მანიპულაციები, მანიპულაციურად ქვეყნდებოდა გარკვეული ციფრები, სინამდვილეში არის 66%-იანი ზრდა სამომხმარებლო ფასების ინდექსში, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი, თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს იმ მონაცემებს, რომლებიც არის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეზობელ ქვეყნებში და ა.შ.

„შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ 2 კრიზისი, ერთი იყო სავალუტო და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც დაემთხვა უკრაინის პირველ ომს, ეს იყო 2015-2016 წლები, მაშინ იყო მათ შორის ინფლაციის, დევალვაციის მაღალი მაჩვენებელი და მეორე, ეს იყო კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი, როდესაც დაფიქსირდა ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და არა მხოლოდ საქართველოში.

„ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ 66%-იანი მაჩვენებელი, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში, კონტინენტზე და მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, ეს მონაცემები, რომლებიც ქვეყნდება, თავისთავად, არის მანიპულაციური და შეგვიძლია კიდევ უფრო დეტალური პასუხი გავცეთ ამ სპეკულაციებს, რომელიც ვრცელდება.

„ოპოზიცია დღემდე თავს არიდებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან, იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მზადდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. ეს არის მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება. საზოგადოება დააკვირდება ამ პროცესებს და ამის მიხედვით ჩამოიყალიბებს საკუთარ პოზიციას როგორც მმართველი პარტიის, ასევე, ოპოზიციური პარტიების მიერ", - განაცხადა კობახიძემ.

ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელსა და ბერლინში

ირაკლი კობახიძემ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე, მათ შორის სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე.

„რაც შეეხება ჩვენს განცხადებებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რეაგირება ვიზიტზე, რომელიც განხორციელდა როგორც ბრიუსელში, ასევე ბერლინში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ის, რომ დამნაშავეები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობით ევროპის მასშტაბით და დამნაშავეებს, ისეთ ადამიანებს, რომლებიც მხილებულები არიან უმძიმეს დანაშაულებში, ბრიუსელსა და ბერლინში ხვდებიან. ამაზე რეაგირება აუცილებელი იყო. შეგახსენებთ, რომ ზურაბ ადეიშვილი არის მსჯავრდებული არა ერთი დანაშაულის გამო. გარდა ამისა, მას დამატებით 2 ბრალი წაყენებული აქვს.

„ეს არის უმძიმესი დანაშაულები, რომლებიც უკავშირდება, მაგალითად, ბიზნესის რეკეტს, ტელევიზიების მიტაცებას, ადამიანების წამებას, ადამიანებზე სასტიკ ძალადობას, ეს არის უმძიმესი დანაშაულები. როდესაც ასეთი ადამიანი არის დელეგაციის შემადგენლობაში ბრიუსელში, ბერლინში, ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი.

„რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ. ქართულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ ევროპული ბიუროკრატია არის ისეთი პრინციპებისა და იდეალების ერთგული, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა და ა.შ. ეს არ მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ამ ფაქტზე უკიდურესად მნიშვნელოვანი იყოს რეაგირება. შესაბამისი კომუნიკაცია იქნება, როგორც ევროკავშირის, ასევე გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ ეს საკითხი სათანადოდ გაირკვეს.

„რაც შეეხება განცხადებას, რომელიც უკავშირდებოდა ადეიშვილის ვიზიტს ბრიუსელში, ვფიქრობ, რომ სწორედ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე, მათ შორის სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვხატეთ ის პოზიცია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოგვეხატა", - განაცხადა კობახიძემ.

რა თქვა პრემიერმა ეროვნულ ბანკზე

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დაკომპლექტების საკითხზე კანდიდატურები ჩავარდა, იყო სწორედ ის, რომ პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციებს თავი აარიდა. მისი თქმით, პარლამენტი საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისად იმოქმედებს, ხოლო დანარჩენი პრეზიდენტზეა დამოკიდებული.

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, კანდიდატებს პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტი ამტკიცებს. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ერთ, ისე მეორე ორგანოს აქვს საკუთარი ექსკლუზიური უფლებამოსილება. ერთს აქვს წარდგენის უფლებამოსილება, მეორეს არჩევის. ეს ნიშნავს იმას, რომ საკითხები კონსულტაციების რეჟიმში უნდა გადაწყდეს. როდესაც ორი ორგანო ერთობლივად იღებს გადაწყვეტილებას, ასეთ დროს კონსულტაციები აუცილებელია. მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში კანდიდატურები ჩავარდა, იყო სწორედ ის, რომ პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციებს თავი აარიდა.

„არ ვიცი, რა იქნება მისი პოზიცია ამ შემთხვევაში, კონსულტაციები არის საჭირო იმისთვის, რომ ორივე ორგანო შეთანხმდეს. პრეზიდენტი კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციებს თავს არიდებს. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. პარლამენტი საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისად იმოქმედებს, დანარჩენი დამოკიდებულია, მათ შორის პრეზიდენტზე ",- განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, სავალუტო ფონდის წარმომადგენლობასთან პრემიერის რანგში კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია, თუმცა ვიზიტი არის დაგეგმილი და სურვილის შემთხვევაში, შეხვედრა შედგება.

„ჩვენთვის პროგრამის აღდგენა არის მნიშვნელოვანი. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება, დანარჩენი ვნახოთ, კონსულტაციები გვექნება",-განაცხადა კობახიძემ.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა

პრემიერ-მინისტრმა ძალოვანი უწყებების მინისტრებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანი, განახლებული გეგმის შემუშავება დაავალა.

„ნარკოტიკები ანადგურებს არამხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ანადგურებს ღირებულებებსაც. ეს არის ამ ე.წ. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ ახალგაზრდებში ღირებულებები განადგურდეს, რასაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავუპირისპირდეთ. ერთი პერიოდი ამ ადამიანებმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას ამ მიმართულებით, ამ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის იდეოლოგიის პროპაგანდის მიმართულებით, თუმცა ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ. მიმაჩნია, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

„რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ მომხმარებლებზე, ჩვენ გვჭირდება მომხმარებლებზე ზრუნვა იმისთვის, რომ მათ ნარკოტიკების მოხმარებაზე უარი ვათქმევინოთ. ეს უნდა იყოს ჩვენი ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. რაც შეეხება რეალიზაციას და რეალიზატორებს, აქ გვჭირდება მაქსიმალური სიმკაცრე, ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა.

„ასევე ყურადღება არის მისაქცევი ფსიქოტროპულ აფთიაქებზე. ამას ხაზი უნდა გაესვას. მინდა ვთხოვო ყველა შესაბამის სამინისტროს, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს, რომ შევიმუშაოთ ერთიანი განახლებული გეგმა, იმისთვის, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს", - განაცხადა კობახიძემ.

აქვე აღსანიშნავია, რომ პრემიერის თქმით, უნდა შემუშავდეს "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, მისივე თქმით, გარემოს დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალური ყურადღება უნდა დაუთმონ აღნიშნულ საკითხს.

სხვა საკითხებს რაც შეეხება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა რამდენიმე ათას სტუდენტს საშუალებას მისცემს, რომ რამდენიმე თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს. როგორც კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, პირველივე საპილოტე წელს სისტემა უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და ამისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×