რეზონანსი
09.03.2024

ნიკა მელია და ნიკა გვარამია, სავარაუდოდ, ერთიან პარტიას შექმნიან და არა ორ სხვადასხვას - ამის შესახებ ენმ-ის ყოფილი წევრი, პარლამენტარი რომან გოცირიძე აცხადებს, რომელიც, არაოფიციალური ინფორმაციით, თავადაც მელის პოტენციურ თანაგუნდელად განიხილება. რა პერსპექტივა აქვს ასეთ პოლიტიკურ ალიანსს, ექნება თუ არა მას ოპოზიციური ფლანგის ლიდერობისა და ამ მხრივ „ნაცმოძრაობის" ჩანაცვლების ამბიცია? ანალიტიკოს პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა პოზიციას დაიკავებს ამ ახლი პარტიის მიმართ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

თავის პირად გეგმებზე საუბრისას გოცირიძე აღნიშნავს, რომ საკუთარ თავს დიდ ოპოზიციურ კოალიციაში მოიაზრებს, რომელსაც ხელისუფლების შეცვლის პრეტენზია ექნება და არა მხოლოდ არჩევნებზე 5%-ის გადალახვის. ამასთან, იგი მიანიშნებს, რომ ენმ-ში ნიკა მელიას წასვლით დაწყებული პროცესები ჯერ დასრულებული არ არის და ნიკა გვარამიას მიერ საკუთარი გუნდის ფორმირებაც ამის ნაწილია.

„ოპოზიციური ფლანგი როგორ დალაგდება, ეს ვერ გაირკვევა მანამ, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები არ დამთავრდება. თუ გვეგონა, რომ პროცესი მორჩა, ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო და ცალკე პარტია შექმნა, ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ ნიკა გვარამიას „ნაციონალური მოძრაობის" ბაზაზე ახალი პარტიის შექმნა მოუნდებოდა. მე ვფიქრობ, რომ მელია და გვარამია ორ პარტიას არ შექმნიან და ალბათ 4 ნომრის ირგვლივ ერთი პარტია შეიქმნება. ნაადრევია იმაზე საუბარი, მძლავრი ერთიანი ოპოზიციური ცენტრი შეიქმნება თუ არა", - განაცხადა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსთან" საუბრისას.

ანალიტიკოსის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას ერთობლივი პარტიას აქვთ პოტენციალი, რომ „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერთა გარკვეული ნაწილი გადაიბირონ, თუმცა, მათი მხრიდან ენმ-ის, როგორც ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის ჩანაცვლება ნაკლებად სავარაუდოა.

„რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ახალი და მსხვილი პარტია შეიქმნება, ძალიან კარგია დემოკრატიის გასაძლიერებლად. ამომრჩევლებს მეტი საშუალება ეძლევათ არჩევანის გასაკეთებლად. თუ შეიქმნება გვარამია-მელიას ერთობლივი პარტია, მივესალმები ამ ნაბიჯს, იმის მიუხედავად, რომ მე არ ვიქნები მათი ამომრჩეველი, თუმცა მაინც ვხედავ კარგის ნიშანს.

„მელია-გვარამიას ახალი პარტია ვერ ჩაანაცვლებს „ნაციონალურ მოძრაობას", რადგან არსებობს მიხეილ სააკაშვილი, რომლის რეიტინგით დგას პარტია. მათი ამომრჩეველი ხმას სააკაშვილის სიმპათიიდან გამომდინარე აძლევს. თუმცა, თუ იქნება ეს ერთობლივი პარტია, ისინი მსუბუქად დაასუსტებენ „ნაცმოძრაობას", მაგრამ გამორიცხულია მთლიანად ჩაენაცვლოს. სანამ სააკაშვილი „ნაცმოძრაობაშია", ჩანაცვლების მხრივ ამ პარტიას არაფერი ემუქრება. მათ ჰყავთ თავისი ამომრჩეველი, ნიკა მელია და ნიკა გვარამია კი ასეთი ძლიერები ვერ იქნებიან. მათ ხმას ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლების ნაწილი მისცემს.

„თუ სააკაშვილი ეტყვის მის ამომრჩევლებს, რომ ხმა მისცენ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას, მაშინ კი, სერიოზული ჩანაცვლებაც შეიძლება მოხდეს. მაგრამ, ჯერჯერობით, იგი 5-ნომრიანი „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერია და ამ საშიშროების წინაშე ენმ არ დგას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე აზრით, სააკაშვილს მოუწევს არჩევანის გაკეთება „ნაცმოძრაობასა" და მელია-გვარამიას შესაძლო პარტიას შორის. თუმცა, უფრო მოსალოდნელია, რომ იგი ბოლომდე ენმ-ს დაუჭერს მხარს და მისი ოპონენტების კრიტიკით გამოვა.

„სააკაშვილს არჩევნებამდე მოუწევს გამოკვეთოს თავისი სიმპათიები, თუ რომელ „ნაციონალურ მოძრაობას" ემხრობა. იგი საკმაოდ იმპულსური ადამიანია და მისგან სრულიად მოსალოდნელია ვინმეს მიმართ გადამატებული ლანძღვა-გინება. აქოს ის, ვინც უნდა, მაგრამ ნუ ლანძღვს სხვებს, რადგან ჩვენ ყველა ძალა და ხმა გვჭირდება.

„კი, ბატონო, თქვას „#5"-ზე ყველაფერი კარგი, მაგრამ ნუ ამბობს, რომ სხვები მოღალატეები არიან და მას ებრძვიან. მას არავინ ებრძვის. ძალიან კარგი იქნება, თუ მინიმუმზე დაიყვანს კრიტიკას და გინებას სხვების მიმართ. მე მაინც მგონია, რომ სააკაშვილი მის პარტიაზე იქნება ორიენტირებული და მეეჭვება გვარამია-მელიაზე ჰქონდეს კეთილი განწყობა. გამეხარდება, თუ ცუდი განწყობა არ ექნება, არა თუ კარგზეა ლაპარაკი.

„უნდა ველოდოთ იმას, რომ ამ ახალმა პარტიამ „ნაციონალური მოძრაობიდან" ხმები წაიღოს, ან შეიძლება თვითონ „ნაც.მოძრაობამ" მიიღოს მეტი ხმა. სააკაშვილის ამომრჩევლები თუ დაინახავენ, რომ „ნაცმოძრაობა"ოპოზიციურ პარტიებიდან მეორე ადგილზე გადის, ისინი წავლენ არჩევნებზე. ნებისმიერ შემთხვევაში ეს კარგი პროცესია, ვინც რა უნდა დაკარგოს ან მოიმატოს ხმები", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ავტორი:ნატალია ჯვარიძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×