
საქართველოს რკინიგზის გავლით, თურქმენეთიდან ტვირთბრუნვა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის ისედაც პოზიტიური დინამიკა არსებობს, თუმცა ქართველი ეკონომისტებისა და სპეციალისტების შეფასებით, თურქმენეთის ამგვარ გააქტიურებას ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან. ამ პროგნოზს ის ფაქტიც ამყარებს, რომ ერთი მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ჩრდილოეთის დერეფანი დასანქცირებულია, ხოლო მეორე მხრივ, ირანსა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო - ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილია.
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, ლაშა აბაშიძე აცხადებს, რომ თურქმენეთიდან კიდევ უფრო მეტ ტვირთბრუნვას ელოდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებს მინისტრთან ერთად, ლაშა აბაშიძე საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაში მონაწილეობდა.
„თურქმენეთის რკინიგზა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. წელს საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს - ტვირთბრუნვის დინამიკა მზარდია. ვფიქრობთ, რომ არსებობს პოტენციალი, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს, თურქმენეთთან ტვირთბრუნვის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.
თურქმენეთის ამგვარ დაინტერესებას პოზიტიურად აფასებს ექსპერტი პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში, ამირან სალუქვაძე. იგი ადასტურებს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებს დიდი საექსპორტო პოტენციალი გააჩნიათ და მათი ძირითადი პარტნიორები რუსეთი და ჩინეთი არიან.
„თუ გადაწყვეტენ, რომ მათი ტვირთები დასავლეთისკენაც წამოვიდეს, რა თქმა უნდა, ამ მხრივ, ჩვენ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. თუ ცენტრალური აზიის ქვეყნებზე ვსაუბრობთ, დიდი ხანია, ყაზახეთთან ვთანამშრომლობთ, ჩინეთი თავისთავად არის ჩვენი ერთ-ერთი, მთავარი სამიზნე, რომ ჩინური ტვირთები დაიძრას ჩვენი დერეფნის გავლით დასავლეთისკენ.
რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, მათაც უნდა იზრუნონ, რომ ტვირთებმა შუა დერეფანში გადმოინაცვლოს. ყველაფერი დამოკიდებულია სავაჭრო ურთიერთობებსა და ამ ქვეყნების პოტენციალზე - რომელ ქვეყნებთან, რომელ რეგიონებთან თანამშრომლობენ ისინი.
ერთსაც აღვნიშნავ, ცენტრალური აზიის ქვეყნებში ვიზიტების გამო, ხშირად აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას ოპონენტები, არადა სწორედ ამ ვიზიტების შედეგია სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება და ის მოლოდინი, რაც „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა. აქ მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანზიტო დერეფნის მზადყოფნა, როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო და საზღვაო მიმართულებით. რაც მთავარია, რეგიონში მშვიდობაა და ეს არის აუცილებელი, რადგან სხვა მარშრუტების დაბლოკვისა, თუ შეზღუდვის მიზეზები, სწორედ ომი და კონფლიქტებია. ომია რუსეთ-უკრაინაში, ასევე ირანსა და ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში და შუა დერეფნის მარშრუტზე მთლიანად“, - განუცხადა „რეზონანსს“ სალუქვაძემ.
ზუსტად იგივე პოზიციას იზიარებს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ სწორედ გლობალური კრიზისების გამო ჩაიკეტა აპრობირებული და ტრადიციული მარშრუტები. შესაბამისად, ცენტრალური აზიის ქვეყნები დადგნენ ალტერნატიული მარშრუტების პრობლემის წინაშე.
„ზოგადად, რა აჩვენა გლობალურმა კრიზისმა, ვგულისხმობ რუსეთ-უკრაინის ომს, როდესაც ჩრდილოეთის დერეფანი ჩაიკეტა საერთაშორისო სანქციების გამო. ძირითადი ტვირთები შუა აზიიდან ევროპისკენ ჩრდილოეთის დერეფნით მიდიოდა, რუსეთის ტერიტორიის გავლით. მანძილი გრძელი იყო, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი აპრობირებული და ტრადიციული მარშრუტი. იმის გამო, რომ საერთაშორისო სანქციები დაწესდა, ფაქტობრივად, ჩაიკეტა ჩრდილოეთის დერეფანი და ყველა ამ ქვეყანას, ვინც ამ მარშრუტით მოძრაობდა, ცენტრალური აზიის ქვეყნებს ვგულისხმობ, ალტერნატიული მარშრუტების პრობლემა დაუდგა. რეალურად, ალტერნატიული მარშრუტი არის საქართველო და შუა დერეფანი.
რუსეთის დერეფანი იყო გრძელი, მაგრამ ერთტარიფიანი, შუა დერეფნის პრობლემა ისაა, რომ მულტიმოდალურია - რამდენიმე ქვეყანას გაივლის. ამ ყველაფერს, მიმდინარე წლის თებერვლიდან დაემატა კიდევ ერთი, ჰორმუზის სრუტის პრობლემა. ჩრდილოეთ დერეფანიც და ჰორმუზის სრუტეც მიწოდების შოკებს ქმნის. ეს აისახება რეგიონზეც და რეგიონის პარტნიორ სავაჭრო ქვეყნებზეც. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოს როლი უკვე გაზრდილია და კიდევ უფრო გაიზრდება, სწორედ აქედან გამოვდივართ. გაიზრდება ზუსტად იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ყველაზე უმოკლესი გზა მიუხედავად მრავალმოდალური პლატფორმისა“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ცუცქირიძემ.
მისი აზრით, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, მთავარი და უმნიშვნელოვანესია სტაბილურობა, რასაც დიდი ძალისხმევის შედეგად, საქართველო ინარჩუნებს. 4 წელზე მეტია, რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში, საქართველოში დესტაბილიზაციის კერა კი არა, საფრთხეც კი არ შექმნილა.
„მართალია, რამდენჯერმე იყო არეულობის მცდელობა, არა მარტო შიდა, არამედ გარე აქტორების ჩართულობითაც, მაგრამ საქართველო დარჩა, როგორც სტაბილურობის კუნძული. ამიტომ, როდესაც საუბარია გადაზიდვებზე, პრობლემაა მიწოდების ჯაჭვები და დაზღვევა. სადაზღვევო კომპანიები რომ აძვირებენ ტარიფებს, ბუნებრივია, პროდუქციაც ძვირდება, რაც შემდეგ აისახება მის საბოლოო ფასში. რას უყურებენ სადაზღვევო კომპანიები? - რა თქმა უნდა, სტაბილიზაციას, ამან გამოიწვია მოთხოვნა, შესაბამისად, თურქმენეთიდან და ზოგადად, ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებიდანაც წამოვა ეს ტვირთები, რადგან როდის დასრულდება სპარსეთის ყურის კრიზისი, არავინ იცის. ასევე, გაურკვეველია როდის დამთავრდება უკრაინა-რუსეთის სამხედრო დაპირისპირება. შესაბამისად, ჩვენი როლი ორჯერ კი არა, შეიძლება ათჯერაც არის გაზრდილი“, - მიაჩნია გიორგი ცუცქირიძეს.
მისივე თქმით, ზუსტად ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ისიც, რომ მთავრობას ანაკლიის პროექტის ფორსირებული მშენებლობა დაიწყო, რადგან თავისთავად, ანაკლიის პორტი შუა დერეფნის ერთ-ერთი, უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.
„უკვე გამოცხადდა, რომ ანაკლიის პროექტის პირველი ეტაპი ნიდერლანდურმა კომპანიამ დაამთავრა, ახლა იწყება ჩაღრმავების მეორე ეტაპი, სადაც მთავრობა აქტიურად არის ჩართული - ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ პორტამდე მისაყვანი გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ანაკლიის პორტი არის გაზრდილი ტვირთბრუნვის გამოძახილი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. იგი პასუხობს გლობალურ გამოწვევებს, რის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ, ეს არ არის მხოლოდ წმინდა ეკონომიკური ფაქტორი. ეს არის მომავალი წლების და შეიძლება ითქვას, ათწლეულების გეოეკონომიკური პროექტი. ამის არის ერთ-ერთი მინიშნება, ინდიკატორი არის თურქმენეთის ინტერესიც.
ჩვენ ვნახავთ მომავალში, კიდევ როგორ გაიზრდება შუა დერეფნის დატვირთვა და ფუნქცია. ამიტომ ვამბობ, რომ ანაკლიის პროექტი არის მომავალი პერსპექტივის ერთ-ერთი კარგი გადმოსახედი, რაც ნამდვილად აქვს ქვეყანას, თუ სტაბილურობას მომავალშიც შეინარჩუნებს“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი ცუცქირიძემ.