თამთა ჩაჩანიძე
10.05.2026

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება და რუსულ სომხური ურთიერთობები უკვე უკიდურესად იძაბება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კვირას ღიად მიანიშნა სომხეთის მთავრობას უკრაინულ სცენარზე იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებას ეცდება. ამას სამხედრო ექსპერტები პირდაპირ სამხედრო მუქარად აღიქვამენ.

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სომხეთის მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტოს, ევროკავშირში გაწევრიანება სურს, თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობა.

„ამჟამად ჩვენ განვიცდით ყველაფერს, რაც უკრაინის მიმართულებით ხდება... და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით, ან გაწევრიანების მცდელობით. ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო... შემდეგ ეს ყველაფერი მივიდა სახელმწიფო გადატრიალებამდე, ყირიმის საქმემდე, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის პოზიციამდე და საბრძოლო მოქმედებებამდე", - აღნიშნა პუტინმა.

  • ვლადიმირ პუტინი: „სწორი იქნება, რომ სომხეთის მოქალაქეებმა და ჩვენ, როგორც მათმა მთავარმა ეკონომიკურმა პარტნიორმა, რაც შეიძლება მალე გადავწყვიტოთ ეს საკითხი. მაგალითად, რეფერენდუმის ჩატარებით."

იგი სომხეთის ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის გამართვას სთავაზობს და აცხადებს, რომ თუკი შედეგები ევროკავშრის წევრობის სასარგებლოდ იქნება, რუსეთიც საკუთარ დასკვნებს გამოიტანს და შესაძლოა, „ინტელიგენტური და ორმხრივად სასარგებლო განქორწინების" გზას დაადგეს.

„ჩემი აზრით, სწორი იქნება, რომ სომხეთის მოქალაქეებმა და ჩვენ, როგორც მათმა მთავარმა ეკონომიკურმა პარტნიორმა, რაც შეიძლება მალე გადავწყვიტოთ ეს საკითხი. მაგალითად, რეფერენდუმის ჩატარებით. ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ სრულიად ლოგიკური იქნებოდა სომხეთის მოქალაქეებისთვის იმის კითხვა, როგორი იქნებოდა მათი არჩევანი.

„შესაბამისად, ჩვენც გამოვიტანდით შესაბამის დასკვნებს და რბილი, ინტელექტუალური და ორმხრივად სასარგებლო განქორწინების გზას დავადგებოდით", - აღნიშნა პუტინმა.

აღნიშნულს სომხეთის საგარეო უწყებიდან მალევე მოჰყვა პასუხი, რომ ყველაფერი ოფიციალური ერევნის გადასაწყვეტია.

„აქ ახალი არაფერია. მოცემულ მომენტში ჩვენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ვართ და ვაგრძელებთ კავშირში ჩვენს საქმიანობას. ასევე საიდუმლო არ არის, რომ სომეხ ხალხს აქვს ევროპული მისწრაფებები. როდესაც გადაწყვეტილების მიღების დრო მოვა, ჩვენ მას მივიღებთ", - განაცხადა სომხეთის საგარეო უწყების ხელმზღვანელმა არარატ მირზოიანმა.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება. მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო თანხმობა" ნიკოლ ფაშინიანი პრემიერობის კანდიდატად მარტის ბოლოს დაასახელა. მის მეტოქეებს შორის არიან ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის „სომხეთის ალიანსი", რომელსაც 101-წევრიან პარლამენტში ამჟამად 29 მანდატი აქვს; პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთი" და ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის „აყვავებული სომხეთი".

წინაისტორია

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განსაკუთრებული ზრდა აპრილიდან შეინიშნება, რაც 1-ლ აპრილს მოსკოვში პუტინისა და ფაშინიანის სკანდალურ შეხვედრაში აისახა.

პუტინმა სომხეთის ლიდერს პრაქტიკულად ღიად მოსთხოვა, რომ არჩვნებში მონაწილეობა მიიღონ პრორუსულმა ძალებმა და მათ შორის პატიმრობაში მყოფმა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ; ამაზე პასუხად კი მიიღო, რომ სომხეთში პოლიტიკურ პროცესებში ჩართული პირები პატიმრობაში არ არიან, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.

ფაშინიანის ამ „გაჯიუტებას" კი მყისიერი ნაბიჯი მოჰყვა - სომხეთის ხელისუფლებას შეახსენეს, რომ ბოლო პერიოდში საეჭვოდ გაიზარდა სომხური პროდუქციის იმპორტი რუსეთში და ხშირ შემთხვევაში ამ პროდუქციის ხარისხიც არადამაკმაყოფილებელია.

კრემლი პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობით განსაკუთრებით მას შემდეგ ჩანს გაღიზიანებული, რაც 4-5 მაისს ერევანში სომხეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი ჩატარდა, სადაც თითქმის მთელი ევროპის პოლიტიკური ელიტა მონაწილეობდა. სომხეთის დედაქალაში იყო უკრაინის დელეგაციაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მეთაურობით.

ამის გამო კრემლმა ფაშინიანის ხელისუფლება დადებული პირობის დარღვევაში დაადანაშაულა.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენემა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „სწორედ ზელენსკის ერევანში ვიზიტმა აჩვენა სომხეთის მოქალაქეებს ის მომავალი, რასაც ევროკავშირი მათ უმზადებს".

მისი თქმით, „რუსულმა საზოგადოებამ ღრმა აღშფოთებითა და გაუგებრობით არა მხოლოდ დაინახა, არამედ, დაიმახსოვრა ის ფაქტი, რომ სომხეთმა, რომელსაც მეგობრულ, ძმურ ქვეყნად მიიჩნევდნენ, ტრიბუნა დაუთმო ტერორისტებს და ნეონაცისტურ კიევს".

ზახაროვას თქმით, სომხეთის ლიდერმა მოსკოვში ბოლო ვიზიტების დროს კრემლი „დაარწმუნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ არანაირ ნაბიჯს არ გადადგამდა", ხოლო ერევანშ 4-5 მაისს გამართული ღონისძებები ამ პირობის დარღვევას წარმოადგენს.

კრემლის უკმაყოფილება კიდევ უფრო გააძლიერა ფაშინიანის უარმა, დასწრებოდა 9 მაისის აღლუმს მოსკოვში. უარის მიზეზად სომხეთის პრემიერმა მოახლოვებული არჩევნები და საარჩევნო კამპანია დაასახელა.

მოსალოდნელი სცენარი

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ პუტინის ბოლო განცხადება პირდაპირი სამხედრო მუქარაა, რასაც შეიძლება პრაქტიკული ნაბიჯებიც მოჰყვეს.

„ეს პირდაპირი სამხედრო მუქარაა. პუტინი გამწარებულ-გაბრაზებულია, განსაკუთრებით იმით, რომ ზელენსკი სომხეთში ჩავიდა და სომხეთის ხელისუფლებამ ის თბილად მიიღო. ეს რუსეთისთვის სილის გაწვნაა.

„რუსეთისთვის სომხეთის ევროკავშირთან დაახლოება და მაისის სამიტი ასევე წითელი ხაზია, მით უმეტეს ბლოკთან პარტნირობის ხელშეკრულების გაფორმება - ჩავთვალოთ, რომ ეს უკვე სტრატეგიული პარტნიორობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

„გარდა ამისა, სომხეთმა შეაჩერა ორ ევრაზიულ პროექტში მონაწილეობა - „ოდეკაბე" („კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია") და „ევრაზიის ეკონომიკური კავშირი".

  • ვახტანგ მაისაია: „არაა გამორიცხული რუსეთმა ფარული სამხედრო ინტერვენციის ფორმა გამოიყენოს, რაც სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ფორმაა. ღია სამხედრო ინტერვენციას, ვფიქრობ, ვერ გაბედავს".

„რუსეთს სამხედრო ინტერვენციის შექმნის საფუძველიც აქვს, რომ ამით 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებში გავლენა მოახდინოს. 2017 წელს სომხეთ-რუსეთს შორის დაიდო ხელშეკრულება კოალიციური სამხედრო დაჯგუფების შექმნის შესახებ, რაშიც სომხეთის მხრიდან მეხუთე საარმიო კორპუსი და რუსული გიუმრის ბაზის სამხედრო კონტინგენტი შედიან.

„ინციდენტები მოსლოდნელია. რუსეთმა შეძლო სამი პრორუსული გაერთიანებული ბლოკის შექმნა და მარაოსებურად აპირებს გავლენა მოახდინოს არჩევნებზე. თუ ამ სამმა კოალიციამ გაიმარჯვა, პუტინს გეგმის განხორციელების საჭიროება აღარ ექნება და თუ ფაშინიანმა გაიმარჯვა, მაშინ არაა გამორიცხული, რომ ფარული სამხედრო ინტერვენციის ფორმა გამოიყენოს, რაც სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ფორმაა. ღია სამხედრო ინტერვენციას, ვფიქრობ, ვერ გაბედავს", - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×