
ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი ქვაკუთხედია. საქართველოს კი ამ მხრივ, უდიდესი პოტენციალი აქვს, როგორც ჰიდრორესურსების, ასევე განახლებადი ენერგიის განვითარების თვალსაზრისით. ამ ფონზე, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ქვეყანას ენერგეტიკის სამინისტრო არ გააჩნია. დარგის პროფესიონალები უკვე ღიად საუბრობენ, რომ აუცილებელი და საჭიროა სამინისტროს სრულად აღდგენა.
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მარგებაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, რომ დღეს, ენერგეტიკის დეპარტამენტში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროშია გაერთიანებული, რეალურად, 3-4 ადამიანი მუშაობს.
„საჭიროა, ენერგეტიკის სამინისტრო დაბრუნდეს, თორემ დღეს, ენერგეტიკის დეპარტამენტში, რეალურად სამი-ოთხი ადამიანი მუშაობს, რომლებზეც ყველაფერი დგას. ამაზე მნიშვნელოვანი სფერო ჩვენს ქვეყანაში კი არა, მსოფლიოში არ არსებობს. ენერგეტიკა არის უმნიშვნელოვანესი, თან იმის ფონზე, რომ ჩვენ ამხელა რესურსი გვაქვს. ევროპა არის დაინტერესებული, რომ შავი ზღვი ელექტროკაბელის პროექტში თავისი რესურსები ჩადოს და რატომ ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ რუსეთზე ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულნი და ერთ-ერთ მთავარ კორიდორად აღიქვამენ საქართველოს. ჩვენი სახელმწიფოც უკვე დეკლარირებულად ამბობს, რომ ენერგეტიკა არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო“, - განაცხადა მარგებაძემ.
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, ენერგეტიკა ეკონომიკის ღირებულებათა ჯაჭვის ცენტრალური რგოლია და მსოფლიო თანამედროვე ეკონომიკურ მოდელზე ეტაპობრივად გადადის, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას ეფუძნება.
„ამ მოდელში გადამწყვეტ მნიშვნელობას ენერგორესურსების ხელმისაწვდომობა იძენს. 2030 წლისთვის, მონაცემთა ცენტრების სექტორში, ინვესტიციები 7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, ხოლო მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარება დატაცენტრების ნაწილში, დღევანდელი 1%-1.5%-დან, შესაძლოა, თითქმის 8%-მდე გაიზარდოს. ამ მიმართულებით, საქართველოს ელექტროენერგიის სექტორს უნიკალური შესაძლებლობა აქვს, დაიმკვიდროს თავისი ადგილი თანამედროვე გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში.
დღეს საქართველოში გენერაციასა და მოთხოვნას შორის არსებული სტრუქტურული დისბალანსი, რომელიც ძირითადად სეზონურობით და ზამთრის პიკურ პერიოდებში მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული, დროებით და მართვად გამოწვევას წარმოადგენს. მიმდინარე მსხვილი პროექტები და მასშტაბური საინვესტიციო პორტფელი საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ უახლოეს წლებში, ეს დისბალანსი სრულად აღმოიფხვრება. შედეგად, 2034 წლისთვის, ქვეყნის ჯამური დადგმული სიმძლავრე 10 000 მეგავატს გადააჭარბებს, რაც შიდა მოთხოვნის მდგრად დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მყარ საფუძველს შექმნის“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
ენერგეტიკის სექტორში არსებული ასეთი გლობალური და მასშტაბური გამოწვევების ფონზე, აუცილებელია, სამინისტრო აღდგეს. ენერგეტიკოსი და დარგის პროფესიონალი რევაზ არველაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თავის დროზე, როდესაც ენერგეტიკის სამინისტრო გაუქმდა, ხელისუფლებამ უდიდესი შეცდომა დაუშვა:
„ნებისმიერი მიმართულება რომ ავიღოთ, სპორტი იქნება თუ კულტურა ენერგეტიკის გარეშე ვერ იარსებებს. ჩემი აზრით, ყველაზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს მაშინ, როდესაც ენერგეტიკის სამინისტრო გააუქმეს. თავის დროზე, ამის თაობაზე, მაშინდელ პრემიერ-მინისტრსაც მივწერე წერილი, სადაც დავასაბუთე, რომ აუცილებლად უნდა აღდგენილიყო. სამინისტროსთან ერთად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიც უნდა შეიქმნას. იმ საბჭოთა პერიოდში, დავანებოთ თავი, კარგი იყო თუ ცუდი, 13 სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ორგანიზაცია ემსახურებოდა ენერგეტიკას? სამწუხაროდ, დღეს აღარცერთი მათგანი აღარ არის. ამიტომ, სამინისტროსთან ერთად, უნდა შეიქმნას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც სამინისტროს დასაყრდენი იქნება“, - განუცხადა „რეზონანსს“ რევაზ არველაძემ.
მისი თქმით, ენერგეტიკა ერთადერთი დარგია, რომლის გაჩერება სრულ პარალიზებას იწვევს, ამიტომ შეუძლებელია, ამ დარგს დამოუკიდებელი ხელმძღვანელი არ ჰყავდეს. გარდა ამისა, ერთია, როდესაც ენერგეტიკით დაინტერესებულ უცხოელ პარტნიორებს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესაუბრება და სულ სხვაა, როდესაც მათთან მოლაპარაკებას მინისტრი მართავს. რაც მთავარია, ენერგეტიკის მინისტრი აუცილებლად უნდა იყოს უშიშროების და ეკონომიკის საბჭოს წევრიც, რადგან რევაზ არველაძის შეფასებით, არანაირი პრობლემა არ გადაწყდება ენერგეტიკის გარეშე.
ზუსტად იგივე პოზიცია აქვს ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს დავით მირცხულავას, რომელმაც „რეზონანსს“ განუცხადა, რომ აუცილებელია ენერგეტიკის სამინისტრო აღდგენა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებით, ქვეყანა უზარმაზარი სამუშაოს ახორციელებს.
„უამრავი ამოცანაა გადასაწყვეტი ენერგეტიკაში. ყველგან ცდილობენ, განახლებად ენერგიებზე ძალიან სწრაფად და დინამიკურად გადავიდნენ. ჩვენთან რთული სიტუაციაა, უამრავი პროექტი გვაქვს განსახორციელებელი და სწორედ ამიტომ ცალსახად ვემხრობი ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენას, რომელიც აუცილებლად პროფესიონალი კადრებით უნდა დაკომპლექტდეს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას დავით მირცხულავამ.
მისი თქმით, ტექნოლოგიური ცვლილება და ნახტომი ჩვენმა ენერგეტიკამ მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს. ამ გლობალური გამოწვევების ფონზე, ენერგეტიკას ნამდვილად სჭირდება შესაბამისი შტატით და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ცალკე უწყება.