რეზონანსი
13.12.2022

შემთხვევა, რომელიც მაგდა პაპიძის ოჯახს უკავშირდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში მომხდარი ფაქტის გაჟღერებიდანვე მოექცა. მისი ქმრისა და შვილის დაღუპვის ამბავზე თითქმის დღემდე საუბრობენ და არ წყდება მითქმა-მოთქმა – ვინ არის მკვლელი? სასამართლო პროცესის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო, სადაც ახალგაზრდა ქალი მსაჯულებმა გაამტყუნეს და მოსამართლემ მას საშინელი ვერდიქტი გამოუტანა – სამუდამო პატიმრობა. 

„მეტრონომმა“ ფურცელზე ჩამოწერილი კითხვები მაგდას ციხეში შეუგზავნა. საინტერესოა, რას ფიქრობს და როგორ ცხოვრობს დღეს სამუდამო პატიმრობამისჯილი. რედაქციამ პასუხი მიიღო. 

– რა არის ამ საქმეში მნიშვნელოვანი, რასაც ყურადღება სასამართლომ და გამოძიებამ არ მიაქცია?

– გიპასუხებთ, პირველი, რატომ მოხდა წამება პოლიციაში და გავრცელება უსაფუძვლოდ „აღიარების“, რითაც საზოგადოება ამხედრდა?

მეორე, რატომ არ დაილუქა მათთვის შემთხვევის ადგილი, სადაც ამბობდნენ, რომ მოხდა მკვლელობა, მაშინ, როცა ამავე პერიოდში, რამდენიმე სხვა მკვლელობა მოხდა და დაილუქა ყველა ადგილი? თავი გამომძიებელმა (ნუგზარ ნათელაშვილმა) პროცესზე ამ აღნიშნულ კითხვაზე იმით იმართლა, რომ ცხედრების დასასვენებელი ადგილი არ იყოო? ეს ის ბინური თავის მართლებაა, რომელიც ფარდას ხდის მათ არაპროფესიონალიზმს! მთელი პირველი სართული ჩემი ქმრის სანათესაოა და არავინ ეტყოდა ჩემი ორი გარდაცვლილის დასვენებაზე უარს და მეტიც, ლანა პაპიძე (ჩემი და) იყო ის, ვინც ითხოვდა ორივე გარდაცვლილს და უკვე დალუქულ ოთახში თუ აღმოაჩენდნენ ე.წ. მტკიცებულებებს, ხმას ვინღა ამოიღებდა? ამიტომ შეირცხვინა თავი პროკურატურამ ჩემს შემთხვევაში.

მესამე, ავტომობილსა და იარაღზე, ასევე გადაყრილ ნივთებზე ამოსულია „შერეული“ დეენემი, ასევე სადარბაზოში ომარის სისხლის კვალში აღმოჩნდა მეორე სისხლიც და ამ მეორე სისხლს პროკურატურამ „უცხო“ დეენემი უწოდა. პროკურატურამ „უცხო“ დაარქვა მკვლელს, რომელსაც ომარი ვინ იცის წაქცეული ებრძოდა!

მეოთხე, ჩემ ქმარს იმ იარაღიდან, რომელიც სულ ავტომობილში ჰქონდა, გასროლა იყო დაფიქსირებული, რატომ არ დაინტერესდნენ, რატომ შეიძლებოდა ომარის მოეხდინა გასროლა მაგ დღეს მაგავე იარაღიდან?

მეხუთე, ერთადერთი მოწმე ბრალდების, რომელსაც ომარი მაგ დღეს ტელეფონით ესაუბრა (და ეს საქმეშიც დევს, ადასტურებს ანძებიდან ამოღებული ინფორმაცია), გახლდათ ბექა მჭედლიშვილი, ჩვენი მეზობელი ბიჭი, ჩემი მაზლის მეგობარი, რომელიც ომარისთანაც საკმაოდ ახლოს იყო და მითუმეტეს, თორნიკესთანაც! რატომ მიჩქმალეს ბექა მჭედლიშვილი? ის ხომ ერთადერთი მოწმე იყო, ვისაც ომარი ტელეფონით ესაუბრა? უბრალოდ, მოეყვანა პროცესზე ბრალდებას და ჩემს წინ დაესვა მისთვის კითხვა, „რაზე გესაუბრათ ომარი მკვლელობის დღეს? – მაგრამ ეს არ გაუკეთებია გამოძიებას. მეტიც, იყენებდნენ პროცესზე იმ სამეზობლოს ჩემს წინააღმდეგ, რომელთანაც მე სრული შეგნებით იზოლირებულად ვცხოვრობდი და ამით ისინი ზედმეტადაც კი ღიზიანდებოდნენ.

მეექვსე, აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ომარის სისხლის კვალი იწყება არა ოთახიდან ან ოთახის ზღურბლიდან, არამედ სწორედ იმ დერეფნის ადგილიდან, სადაც მე ომარი წაქცეული ვნახე შუაღამით. იმას, რასაც ბრალდება ამტკიცებს, რომ ომარი ოთახიდან არის გაყვანილი გარდაცვლილი ამ ფაქტთან სრულ კონტრასტში მოდი და ამას არ სჭირდება იურისპოდენცია! ეს უბრალო, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანისთვისაც თვალშისაცემი მტკიცებულებაა ჩემს გასამართლებლად.

მეშვიდე, ურნიდან, საიდანაც ამოიღეს „ნივთმტკიცებები“, ურნის წინ სისხლის კვალი იყო – ეს ფოტოშიც ნათლად ჩანს, რომელიც ჩემმა ადვოკატმა წარადგინა პროცესზე და ეს ის მთელი რიგი დარღვევებია ექსპერტ-კრიმინალისტების მხრიდან, რომელსაც დასავლური სასამართლო პირდაპირ მხილებად დაუდებდა ე.წ. სამართალდამცველებს, მაგრამ ეს საქართველოა, ქვეყანა, სადაც მთავრობიდან მთავრობამდე „პოლიციური რეჟიმია“ „ღმერთი“.

– დიდი ინტერესი გამოიწვია იმ მანქანამ, რომელიც შემთხვევის ღამეს დაინახეთ. როგორ ფიქრობთ, ვისი მანქანა შეიძლება ყოფილიყო და ვინ ჩააგდო ურნაში „ნივთმტკიცებები“?

– სწორედ „მერსედესის“ ფირმის ავტომობილია ვიდეოთვალში დაფიქსირებული ურნასთან და ექსპერტი (ავტომობილის კვლევისას) ამბობს, რომ „შეუძლებელია სერიის დაწვრილებით  გარკვევა“, ანუ კარგად არ ჩანს ვიდეოთვალში აღნიშნული ავტომობილის ნომერი, ან არ აჩენენ! მათ ხელშია ყველაფერი და საქართველოში სულ ასე იყო, თუ პატრონი და სიტყვის შემწევნი არავინ არ გყავს, ყველა გაგთელავს.

– იყო საუბარი, რომ თქვენ იმ ღამეს ომარის ურეკავდით და მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. რა მოხდა რეალურად იმ ღამეს?

მაგდა პაპიძე: იმ ღამით ომარის მე ვერ დავურეკე, გათიშული იყო მისი მობილური და ომარის ასეთი ჩვევა ჰქონდა, როცა გადიოდა უბანში თუ მეგობრებში, მაფრთხილებდა „მე დაგირეკავო“, რომ შეაგვიანდათ ლილის (დედამთილს) ვთხოვე დაერეკა ომარისთვის, მითხრა „არ მპასუხობსო“. მე პროცესზე ვთქვი, რომ ლილის დავურეკე და ვუთხარი: „პატრულში უნდა დავრეკო თქო“ და ლილიმ მიპასუხა, ნასვამი რომ იყოს არ ესიამოვნება და გაღიზიანდებაო და ამიტომ არ დარეკოო. საქმეშიც დევს, მე რომ ლილის ვურეკავდი, ანუ ჩემგან ლილისგან შესული ზარი უკვე დაახლოებით 23:00 საათზეა დაფიქსირებული (ზუსტად არ მახსოვს). პროკურატურამ სხვა კონტექსტში განიხილა ეს რეკვები. ომარის გამორთული ჰქონდა ტელეფონი და მისი ტელეფონი, თუ არ ვცდები, ჩვენს ავტომობილში იპოვეს. ეს იმ ფაქტთან მიდის, რომ ომარის სისხლის კვალი ავტომობილზეც არის აღმოჩენილი და ჩემი შვილის შარდი, საჭის გვერდით არსებულ სავარძელზე. ეს ის დეტალები იყო, რომელსაც ერთგულება სჭირდებოდა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან.

– ომარის თანამშრომლები საუბრობდნენ, რომ ბოლო დროს ცოლ-ქმარს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. ერთ-ერთმა სასამართლოში ყოფნის დროს, პირად საუბრებში მითხრა, რომ დაბადების დღეც არ მიულოცეთ. სიმართლეა რასაც ისინი ამბობენ? თუ მართლა ასეა, რა იყო თქვენს შორის უთანხმოების მიზეზი?

– რაც შეეხება ომარის თანამშრომლების მხრიდან გაჟღერებულ ვარაუდს ჩემსა და ომარს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე, პროცესზე ეს არავის უთქვამს, პროცესზე ომარის ოთხი თუ ხუთი თანამშრომელი დაკითხეს და მსგავსი რამ არავის უთქვამს… მე ომარს ძალიან კარგად ვიცნობდი და ზუსტად ვიცი, მისი ფენომენი არ არის ის, რომ პირადი, მითუმეტეს ცოლ-ქმრული ურთიერთობების ამბები თანამშრომლებში გაეტანა, თუ არ ჩავთვლით ალკოჰოლს, სიმთვრალეს. თუ ალკოჰოლის ქვეშ მყოფმა რაიმე ისაუბრა, იტყოდა იმას, რომ მე მისი სწორედ ალკოჰოლიზმის მოწინააღმდეგე ვიყავი და ამასაც შეგნებით ეკიდებოდა და უკვე ბოლო პერიოდში ერიდებოდა კიდეც დათრობას.

– იცოდა თუ არა ომარიმ თქვენი და ოთარ ბერძენიშვილის ურთიერთობის შესახებ და ელოდით თუ არა მისგან რაიმე საფრთხეს?

– მე ზოგადად დღემდე ვცდილობ უარყოფითი რეპლიკები და კომენტარები არ ვისმინო და არც დავინტერესდე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, ვისგან წამოვიდოდა აღნიშნული და მაპატიეთ, თუ აგრესიას არ ვებრძოლები სწორედ აგრესიით და ამიტომ ჩემი სიმშვიდეც განხილვის თემა გახდა.

ომარმა არაფერი იცოდა ჩემი და ოთოს ურთიერთობის შესახებ და არც არავინ. დარეჯან მინდიკაური მე და ომარს შორის ფიზიკურად თუ მორალურად რომ „გორაობდა“ ეს სწორედ მან იცის, მაგრამ მე და ოთოს შორის როდის „იგორავა“, უცენზურო და დაუსაბუთებელი განცხადებები რომ აკეთა? ასევე პროკურატურამ!

პროკურატურა და დარეჯან მინდიკაური აფიშირებას უკეთებდნენ ამ აზრს, რომ ვითომ ომარმა რაღაც გაიგო ამის შესახებ. არც ოთოს და არც ჩემი ხმა არავის გაუგია, ისე განიხილა და მეტიც, დაიჯერა ეს მათეული ვარაუდი საზოგადოებამ. ეს არის ყველაზე მტკივნული. ადამიანი იყო ცოცხალი და შენს მაგივრად სხვები „გხატავდნენ“, თანაც იზოლირებულს შენთვის არასაინტერესო ფერებით. რატომ არ დასვა კითხვა განმკითხველმა საზოგადოებამ, არც ოთოს და არც მაგდას ხმა არ გაგვიგია ამ ურთიერთობაზე და ან დარეჯანმა, ან პროკურატურამ საიდან იციან ის, რაც რეალურად ვარაუდის დონეზეც არ არის?

– თქვენი დედამთილი იყო პირველი მოწმე, რომელმაც ჩვენება პრაქტიკულად, თქვენს წინააღმდეგ მისცა. რატომ მიიტანა პირდაპირ თქვენზე დედამთილმა ეჭვი და რატომ იყვნენ ასე უარყოფითად განწყობილი თქვენი მეზობლები თქვენს მიმართ?

– დარეჯანია (დედამთილი – ლილი და დარეჯანი ერთი და იგივეა რედ.) სწორედ ჩემი ყველაზე დიდი სიმართლის მოწმე და მიხარია, რომ სწორედ იმ ღამით ორივე ვიყავით სახლში. ჩემი დედამთილი მე ძალიან მიყვარდა, 6 წელი ვიცხოვრე მასთან ისე, კონფლიქტი ერთხელ არ მომსვლია და მე დამსხვრეული მქონდა რძალ-დედამთილობის ინსტიტუტი, ისე მიყვარდა. აქ თუ ვიტირე, ის ვიტირე ლილიმ ხელი როგორ მკრა-მეთქი და დღემდე მხოლოდ მისგან მტკივა. ფიქრის და ანალიზის წყალობით მივხდი, რომ მას მე პირველი დღიდან ვიცნობდი (ქორწინების). იმას არ ვამბობ, რომ ლილი ცუდია და მე კარგი. არა, უბრალოდ ერთი რამ ვიცი ზუსტად, მე ის მიყვარდა სავსე გულით ისეთი, როგორიც იყო – უზრუნველი ანუ უსიყვარულო. მე რომ მანდ ვცხოვრობდი მაშინაც ვხედავდი მის ხასიათს და მიმაჩნდა, რომ თუ გიყვარს – ზრუნავ, ვერაფერს მოსთხოვ ადამიანს, რომელსაც ცხოველზე, თევზსა და ჩიტზეც არ უზრუნია, არამც თუ მის შვილებზე – სადილის მომზადება იქნებოდა თუ ჰიგიენა. ამიტომ ვხვდები იმას, რომ ვჭირდებოდი კომერციული თვალსაზრისით და შვილის ტოლს მიყენებდა კომუნალური გადასახადებისთვის, მუცლის ძღომისთვის და იმ კომფორტისთვის, რაც მე მაგ სახლში ჩემი შრომით შევქმენი. თუ „დაზარალებული“ და შავებში ჩაცმული დედაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ეგ ოთახი სიკვდილის ადგილია, – როგორ ცხოვრობს იმ ოთახში? როგორ იყენებს მაგდას ნაშრომს? მასზე უკეთ ვინ იცის, რომ მაგდას სუფთა ხელები აქვს? თორემ სულ რომ ცხოველივით ნამშობიარები იყოს, ინსტიქტი, დედობრივი სულ სხვა ფენომენია. ვერ შეძლებდა ძილს კი არა, სუნთქვასაც მაგ სახლში და გამოიტანდა, ერთ დიდ ცეცხლად დაანთებდა მაგდას ნაშრომს მთელი უბნის წინ, როგორც ღირსეული დედა, დაზარალებული ცარიელ იატაკზე კი არა, შვილის საფლავზე დაიძინებდა, რასაც ლილი არ აკეთებს და თავს ირცხვენს.

მე, რომ ჩემი შვილის მკვლელი ციხეში მეგულებოდეს, წინ ვერავინ დამიდგებოდა მასთან განმარტოების მოთხოვნისთვის! რატომ არ მოვა ჩემთან და არ ჩამხედავს მე თვალებში აქ, სწორედ ციხეში მარტოს? შიში არ აქვთ მართლებს! რისი ეშინია? არა მაგდას მართალი, ნაჯაფი დღეების და ამიტომაც უკრა ტაში განაჩენს! მისი დემონური კივილი სწორედ თვითგადარჩენის ინსტიქტიდან გამოწვეული შიში იყო! მე მას ვიცნობ. ლილის ეშინოდა მაგდას გამართლების და ამოისუნთქა სათავისო განაჩენის შემდეგ. თუ მაინც „მართლად“ ეჭვობს მაგდას „დამნაშავეობას“, ამაზეც ვიფიქრე მე და ვეტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ომარი სამწუხაროდ ყველაზე და ყველაფერზე მაღლა მაყენებდა, სულ (დედამისზეც კი, რაც მართლა მაწუხებდა, მერჩივნა დედა ყვარებოდა მეტად), უნდოდა თუ არა, მაინც ექცეოდა ხოლმე ლილის ზეგავლენის ქვეშ, მაშინ როცა ლილი დამიგულებდა აბაზანაში, ან ეზოში და ომარის ჩემზე უარყოფით კონტექსტში აბლაბუდაში ახვევდა, ასეთ დროს ხდებოდა სწორედ კონფლიქტი დედა-შვილს შორის და არა მაგდას და ომარის შორის.

ომარის ისეთი სტრესული სამსახური ჰქონდა, ამის უფლება დედამისს კი არა, არავის ჰქონდა, რომ მისთვის სახლში მისულს ჰარმონია დაერღვია. ამას თვითონ აკეთებდა და მე დამაბრალა! მე ომარს ფეხის თითებს მისი ტუჩებისგან არ ვანსხვავებდი და მთვრალი იყო თუ ფხიზელი სწორედ იმიტომ ვუყვარდი ასე, რომ მოფერების და მისი დამშვიდების მეტი არაფერი შემეძლო არასოდეს.

არავინ იცის მე და ომარიმ რა ცოლ-ქმრობა გავიარეთ და არც არის საჭირო. ამიტომ ლილი თუ ყვირის და „ეჭვობს“ ჩემზე, იმიტომ რომ მაგ დღეს (19.12.2015) მე შუადღით თმის დასავარცხნად გავედი სალონში, მეორე დილით სამსახურში უნდა წავულისყავი და მე ომარი სახლში მშვიდად და კარგად დავტოვე ლილისგან და თორნიკესთან ერთად. სანამ მე სალონში ვიყავი, ლილი ელაპარაკა ომარის და უთხრა, რომ ოქრო და ფული ჩემი პირადი, რომელიც მე საკეტიან კარადაში მქონდა სულ და მის გასაღებს არ ვმალავდი ლილისაგან არასდროს, გასაღები ვეღარ ნახა. ესეც მისი უღირსი ჩვევა იყო, ჩემს ნივთებში იქექებოდა და პროცესზეც კი ჩემი ხელჩანთით იჯდა. ომარს უთხრა, რომ ოქროს და ფულის კარადის გასაღები არ ჩანდა. მე შეგნებულად აღარ ვაჩენდი გასაღებს, იმიტომ, რომ აუხსნელად გაიტანა ომარმა ოქროს ნივთები და ფული ნოემბერში, ადრეც დაულომბარდებია და აუღია ფულიც, ეს ჩვენი ოჯახის საერთო ბიუჯეტი იყო და ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ სულ ამბობდა რისთვისაც იღებდა, ეს ის შემთხვევა იყო, როცა ომარი მაქსიმალურ იზოლირებაში იყო ჩემგან მთელი ორი თვე და ოღონდაც მისთვის კითხვა არ დამესვა, დღეების განმავლობაში სახლში აღარ მოდიოდა და შეიძლება ამას დაუკავშირეს მისმა თანამშრომლებმა მათი კომენტარები.

მოკლედ, ლილიმ მაგ დღეს სანამ მოვედი ომარზე იმოქმედა მისთვის იდეალურად და მე რომ სახლში მოვბრუნდი, ომარი შეშლილის სახით დამხვდა. მე ასეთი ომარი არ დამიტოვებია სანამ გავიდოდი. სახლში მოსულს ხმამაღალი ტონით მომმართა და ისევ ოქრო და ფული მთხოვა, რაზეც თორნიკეს (შვილი) რეაქცია ჰქონდა და ავუხსენი ბავშვს, რომ არ ვკამათობდით, ომარს ვთხოვე, ბავშვმა არ მინდა განიცადოს-მეთქი, და ასეც მოიქცა.

მე ვკითხე ომარს რა გითხრა დედაშენმა, ასე რატომ დამხვდი-მეთქი და არ მინდა მაგაზე ლაპარაკიო. ფული მომეცი და გავალთ მე და თოკო და მალევე მოვბრუნდებით, მანქანით არ ვაპირებ გასვლასო. ფული მივეცი და სამზარეულოში გავედი წყლის გადასავლებად, თან ლილის უნდა დავლაპარაკებოდი, უნდა მეკითხა რატომ დამხვდა ომარი ასეთი გაღიზიანებული. ამ დროს, ლილის სამზარეულოში ჰყავდა უკვე შეყვანილი მისი მეზობელი ირინა და ალა და მათ წინაშე იცოდა, არ დავიწყებდი საუბარს, ანუ თავი დაიცვა მისი სამეზობლოთი.

ამიტომ, ლილი შეიძლება უკვე მარტო რომ დარჩა (თუ მართალია), დაფიქრდა და ეგონა ომარმა მაგდას მისივე სიტყვით გაქეზებულმა რაიმე დაუშავა და კონფლიქტის წყალობით, მაგდამ თავი დაიცვა ომარისგან. აი, ამას ფიქრობს ლილი და ძალიანაც ცდება. ერთის მხრივ, პოლიციას უნდა დაემალა ჩემი წამების ფაქტი და მეორე მხრივ, ლილის უნდა აერჩია ტყუილი შემოქმედებით პროცესად, იმას ხომ არ იტყოდა მე გავაგიჟე ჩემი შვილიო? ძალიან კარგად იცოდა ამისთვის რა პასუხისმგებლობაც დაეკისრებოდა. ამიტომ, პოლიციას და ლილის საუკეთესო ტანდემი შეუდგათ და კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს იდეოლოგიით ჩემს წინააღმდეგ.

მე ფეხზე ვეღარ ვდგებოდი წამებისგან და ფიზიკურად არ აწყობდათ ჩემი გამოშვება. მე თუ ხმას არ ამოვიღებდი ამ წამებაზე, გარეთ ხომ ჩემი და და დედაჩემი მელოდნენ, ისინი ხომ მნახავდნენ რა დღეშიც ვიყავი, ამიტომ გამხადეს „ბრალდებული“ იმ ღამესვე ლილიმ და პოლიციამ.

რაც შეეხება სამეზობლოს, მათზე ფიქრი ჩემთვის ძვირფასი დროის ხარჯვაა. მათი არჩევანი იყო იზოლირებულ მაგდაზე, რომელსაც ყოველ დღე იყენებდნენ ფინანსების და სხვა საჭიროებების შემთხვევაში, რას იტყოდნენ… მე მათთან, არც მანდ ცხოვრების დროს მქონდა ახლო ურთიერთობა და თუ გაინტერესებთ რატომ, უნდა გამოსცადოთ მათი მეზობლობა, ანუ უნდა იცხოვროთ თუნდაც ცოტა ხნით მათთან და ამ კითხვას მერე აღარ დამისვამთ.

– დაურეკეთ თუ არა, ოთარ ბერძენიშვილს იმ ღამეს და რა მიზნით. იმ ღამეს ნახეთ თუ არა ის შემთხვევის ადგილზე?

– იმ საღამოს, როდესაც ომარის სახეზე ლამპიონის შუქზე, არაამქვეყნიური ფერი შევნიშნე და ფეხზე ვერაფრით წამოვაყენე, შიშმა ამიტანა. უკვე ყველა გარეთ ვიყავით და პირველი ლანას დავურეკე. ტელეფონი გათიშული ჰქონდა. შემდეგ დედას დავურეკე და არ მიპასუხა (როგორც შემდეგ მითხრა, ეძინა). უკვე ბოლოს, ოთოს დავურეკე და  გამითიშა. ამის შემდეგ ჩემი ტელეფონი შორენა პავლიაშვილს ჰქონდა (მეზობელი). მე ცუდად გავხდი და გონზე რომ მოვედი რუსიშვილების საძინებელში ვიყავი და ის სამეზობლო მამხნევებდა (თიკო პატარაშვილი, ნათია რუსიშვილი, შორენა პავლიაშვილი) და მეუბნებოდნენ, რომ გარეთ თორნიკესთვის ყველაფერს აკეთებდნენ, ამას მეუბნებოდა სასწრაფოს ექიმიც, რომელიც თავზე მედგა და რამდენჯერმე რომ ავდექი, ლოგინზე დამსვეს, არ მიშვებდნენ გარეთ და მახსოვს ექიმის სიტყვები, არ გაუშვათ, შეეშინდება, დიაბეტი აქვსო. ამ დროს შემოვიდა შორენა და მითხრა, უცხო ნომერი რეკავს შენს ტელეფონზეო, ძლივს ვუპასუხე, ოთო იყო. შველას ვთხოვდი, ომარი გარდაცვლილია – მეთქი ვტიროდი და დამშვიდდიო, მახსოვს მითხრა. ამის შემდეგ მე პოლიციამ გამიყვანა სხვა გასასვლელით, თოკოს მხარეს არ გამიყვანეს და ამაზე იქვე კონფლიქტი მომივიდა პოლიციასთან. ბავშვი მანახეთ – მეთქი და წამიყვანეს დიდი დიღმის პოლიციის შენობაში. მე ოთო არ მინახავს, მხოლოდ გამითიშა რომ დავურეკე და უცხო ნომრიდან გადმომირეკა, მას შემდეგ იქ მე ოთო არ მინახავს.

– ვინ შეგხვდათ, რომელი მეზობელი იმ ღამეს და რა სახის კომუნიკაცია შედგა თქვენს შორის?

– მთელი სამეზობლო გარეთ იყო, განსაკუთრებით გამოვყოფ მზია ლორთქიფანიძეს. ის ყვიროდა მაგდას მიხედეთო, მახსოვს თავზე მედგა. თიკო და შორენა, ეს ორი გოგო მამხნევებდა და მეხუტებოდა, პროცესზე ლილიმ მგლებად აქცია ისინი, ჩემს წინააღმდეგ. გიორგი რუსიშვილს (მეზობელი) ვთხოვდი საჭესთან დაჯექი და თოკო ამაყვანინე, სანამ სასწრაფო მოვა-მეთქი და არავინ არ დამეხმარა, არავინ…

იმდენი ხალხი იყო რეალურად და ფიზიკურად ყველას ვცნობ, მაგრამ სახელებით ბევრს- არა. ყველა გარეთ იყო…

– თქვენ ვისზე გაქვთ ეჭვი, ვინ მოკლავდა თქვენს  შვილს და მეუღლეს?

– „ეჭვი“ ჩემთვის ისეთი მცნებაა, რამდენადაც პატივს ვცემ, იმდენად ვერიდები. ეჭვი რომ მქონდეს ვინმეზე, კითხვასაც არ დავსვამდი, პირდაპირ რწმუნებით ფორმაში გადავიდოდი იმიტომ, რომ მე ძალიან კარგად ვიცი, ეჭვი – ჩემთვის სიმართლის საწყისია. როგორ ვიეჭვო იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჩემი ხელით ვუშლიდი სუფრას, მოდიოდნენ სტუმრად და თორნიკეს ისვამდნენ კალთაში, ვუღიმოდი, სხვანაირად როგორ მოხვდა ამდენი ოჯახის ნივთი ურნაში? ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ნივთები იყო, უმეტესობა, რომელიც ინახებოდა ჩვენს სახლში. რეალურად, ეს შეუძლებელია ერთ კაცს ჰქონდეს ჩადენილი. ომარის სიძლიერიდან გამომდინარე და ჩამდენიც ის არის, ვინც იცოდა ჩვენი სამუშაო გრაფიკი, იცოდა სახლში რია-რია იყო მაშინ, როცა მე ყოველ მესამე ღამეს ვათევდი სამსახურში და გამოიყენა ჩვენი გრაფიკი იმიტომ, რომ ჩვენს ნივთებზე მიუწვდებოდა ხელი, შესაბამისად, ახლობელია ოჯახის, რომელსაც ვენდობოდით და ვინ იცის, (მკვლელი) ჭირისუფლადაც იჯდა.

ჩემთვის საქართველოს კანონმდებლობას სიყვარულზე ლექციების კითხვის უფლება არ მოუცია, თორემ საზოგადოებას თუ კი ვეტყოდი რაიმეს, სწორედ იმას, რომ ეძებონ საკუთარ თავებში ის განცდა, რასაც სხვისი ტკივილის განცდა და გაზიარება ჰქვია და ასე მიხვდებიან, რომ აკლიათ სიყვარული. რომ აღარაფერი ვთქვა განათლებაზე და ინტელექტის სიმწირეზე, რასაც ჩვენი საზოგადოების დიდი მასა განიცდის.

– როგორ აპირებთ დაამტკიცოთ თქვენი უდანაშაულობა?

– ამტკიცოს იმან, ვინც დამნაშავეა! დაამტკიცოს მან, ვინც მთელი ცხოვრება ტყუილი და ზიზღი ირჩია შემოქმედებით პროცესად. ვერაფერს დაამტკიცებ ქვეყანაში, სადაც შვილმკვდარი დედის წამებაზე ხალხი დადუმდა და სრულიად „ლოკა“ პოლიციური რეჟიმი. მაშინ, როდესაც მათი შვილები და ოჯახის წევრები აღმოჩნდებიან უსამართლო გამოძიებით და „სამართლის“ აღსრულების მიზნით ბრალდების სკამზე, სწორედ უსამართლოდ, მერე მიხვდებიან ჩემი ცრემლების სიმართლეს. ასე არ ეძებენ, არ იჭერენ, არ კიცხავენ და არ უსჯიან არსად…

დაამტკიცოს მან, ვინც იფიცება თავის განსამტკიცებლად მედიასაშუალებების წინ, ფიქრის რეჟიმში კარგავს დროს ბინძური ტყუილისთვის. მე თუ დავამტკიცებ, იმას დავამტკიცებ, რომ არ მეშინია მკვლელების, მათ უნდა იცოდნენ, რომ მე  ცოცხალი ვარ, – ჩემში კი ის ორი გარდაცვლილი ცოცხლობს, მათ რომ მოკლეს. აგრესიას აგრესიით მე ვერასოდეს დავუპირისპირდები „მოსაგებად“. მირჩევნია ვიყო „წაგებული“ აგრესორთან და მეთქმოდეს, რომ მიყვარს და მეყვარება სულ და ეს მაცოცხლებს…

– რისი იმედი გაქვთ ახლა და ყველაფერი უკან რომ დაბრუნებულიყო რას შეცვლიდით?

– იმედი მაშინ არსებობს, როცა შენი შვილი იზრდება შენს წინ, ანუ მომავალი შენი. ჩემს შვილს მე უნდა დავემარხე, არც ცისთვის და არც მიწისთვის არ მინდოდა, ჩემთვის მინდოდა. თუკი მეუბნებით, რომ თორნიკე გარდაიცვალა და უჩემოდ დამარხეთ, რისი იმედი უნდა მქონდეს ამის შემდეგ. ვერ გავაგებინე მსაჯულებს და მოსამართლს ის, რომ სასჯელი და მომავალი კი არ მადარდებს ჩემი, არამედ ის თუ რატომ არ მივიდა ჩემი ერთადერთი შვილი სკოლაში. ამ კითხვას ვსვამ და დავსვამ სულ, თორნიკე თუ მიწაშია, ის ვიდარდო აქ, ვაკუუმში რამდენი წელი ვიქნები? მომავალი მოკვდა! აღარ არსებობს და ვერც იარსებებს, სანამ მთავრობა განაგებს შერჩევითი სამართლის სახით მოქალაქეების სიცოცხლეს და ჩემი მაგდა პაპიძის სისცოცხლე, მაგდა პაპიძის საქმის სახით, სწორედ სამუდამოდ საქაღალდეში მოაქციეს ზიზღით  სავსე „დაზარალებულის“ წყალობით.

ყველაფერი უკან რომ დაბრუნებულიყო, შევცვლიდი იმას, რომ იმ ღამით მეც გავყვებოდი თოკოს და ომარის და თუ მოვკვდებოდი, ერთად მოვმკვდარიყავით.

შევცვლიდი იმას, რომ არ წავიდოდი კომპრომისზე და მაგ სახლში და სამეზობლოში არ ვიცხოვრებდი. რასაც ომარის სიყვარული ერქვა და არ გაამართლა, ამ სიყვარულისთვის გაღებულმა კომპრომისმა და როგორც კი ომარი გარდაცვლილი ნახეს, გამთელეს, მათში არსებული შურის წყალობით და ამით ყველაზე დიდი შეურაცხყოფა ომარს მიაყენეს იმიტომ, რომ ომარი მაგდაზე ალმაცერად გადმოხედვასაც არავის აპატიებდა.

შევცვლიდი იმას, რომ არ მოვიკიდებდი ზურგზე იმ მძიმე უღელს, რასაც ოჯახის რჩენა ჰქვია და ამიტომ ვიყავი ყოველ მესამე ღამეს იძულებული თოკუნა ლილისგან დამეტოვებინა. არც ჩემი ნაშრომი დღეები დამიფასდა და სამსახურშიც ღამე ნამტირალევი არ ვიქნებოდი შვილი რომ მენატრებოდა.

შევცვლიდი იმას, რომ არც ერთ პროცესზე არ დავღვრიდი ცრემლს…

შევცვლიდი ალბათ ცას და დავარქმევდი „სიყვარულს“ და „ღიმილს“ და სურვილის  მიუხედავად, ყველა მის ქვეშ მდგომი მოკვდავი, დამნაშავე თუ უდანაშაულო, იძულებული იქნებოდა – გაეღიმა და შეეყვარებინა… აი, რას შევცვლიდი მე…

მეტრონომი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×