სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აკაკი ბობოხიძე: "ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას წინ ვერავინ დაუდგება"
    გიორგი ფუტკარაძე
    21.12.2009

    დაკავებულია ათამდე ადამიანი, გათავისუფლებულია იმერეთის გუბერნატორი და შეძრწუნებულია პრეზიდენტი, თუმცა არ იცვლება მთავარი - ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას და გამარჯვების მემორიალის დემონტაჟს უდანაშაულო დედა-შვილი, მცირეწლოვანი ნინო ჯინჭარაძე და ეკა ცუცხვაშვილი შეეწირნენ.
    ორი დღის წინათ ტრაგედიის ადგილზე მისული გარდაცვლილის მამა სოსო ჯინჭარაძე შველას ითხოვდა - "შვილი მომიკლეს, ხალხო, რა მეშველება?"
    ასევე, არ იცვლება ფაქტი, "ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას წინ ვერავინ დაუდგება", - ამბობს ქუთაისში პარლამენტის გადატანის ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ბობოხიძე, რომელიც ტრაგედიაში მოსახლეობის ბრალეულობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

    ისტორია კი ასეთია, 19 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი გამარჯვების მემორიალი ააფეთქეს. ქალაქში მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ადგილზე დაიღუპა მცირეწლოვანი ნინო ჯინჭარაძე, ხოლო მოგვიანებით საავადმყოფოში კი დედამისი - ეკა ცუცხვაშვილი.
    სხეულის დაზიანებები მიიღო მემორიალის სიახლოვეს მცხოვრებმა კიდევ რამდენიმე ადამიანმა, რომლებსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადები ადგილზე დაეხმარნენ.
    მემორიალის დემონტაჟი კი 12 დეკემბერს დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი პარლამენტი უნდა აშენდეს, მაგრამ როგორც მედიასაშუალებები ადგილობრივ მუშებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, საბოლოოდ მემორიალი 21 დეკემბერს, პრეზიდენტის დაბადების დღეზე უნდა აეფეთქებინათ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკურმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მემორიალთან ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება განიზრახეს, სავარაუდოდ, ამიტომ დაჩქარდა დემონტაჟის პროცესი.
    "ახალი გაზეთის" ინფორმაციით, ავტოქარხნის დასახლებაში სამართალდამცავები 19 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე გამოჩნდნენ. ისინი აფრთხილებდნენ მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომ მათ სასწრაფოდ დაეცალათ საცხოვრებელი სახლები. 16:00 საათზე შპს "საქფეთქმრეწვმა" 27-მეტრიანი ბეტონის კონსტრუქცია (რაც "გამარჯვების მემორიალის" ერთკვირიანი დემონტაჟის შედეგად დარჩა) ააფეთქა. აფეთქებისას ბეტონის ნამსხვრევები რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, საცხოვრებელი სახლების მიმართულებით გადაცვივდა. სწორედ ამან გამოიწვია იქ მცხოვრები მოსახლეობის დაშავება და მსხვერპლი.
    "ევაკუაცია რომ დაიწყეს, გამოგვიყვანეს ბინიდან, აფეთქება მოხდებაო და გამოვედით გარეთ - ქუჩაში, მოგვაშორეს ბინას და გავრბოდით "ბარაკებისკენ". ამ დროს მოხდა აფეთქება. ეს საწყლები, ეზოში ყოფილან, სახლთან და ბავშვს ქვა მოხვედრია თავში და დაიღუპა. კმაყოფილია ახლა ჩვენი მთავრობა? რა ენაღვლებათ მაგათ? მაგათი შვილები არ მომკვდარან და! ეს არის მავნებლობა, რას აშავებდა ის ძეგლი იქ?" - აცხადებდნენ თვითმხილველები გაზეთთან საუბრისას.
    "მე ქალაქიდან მოვედი იმ წუთში და პოლიცია არ მიშვებდა სახლში, ვიფიქრე, რაღაც ნივთებს მაინც გამოვიტან-მეთქი სახლიდან. ამ დროს მოხდა აფეთქება და რომ მივედი ადგილზე, დასისხლიანებული ხალხი ეყარა ძირს, თურმე ჩემი მეუღლეც იქ ყოფილა", - ამბობს ერთ-ერთი დაშავებულის, ირაკლი ჯინჭარაძის მეუღლე. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
    დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თავდაპირველად ავტოქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით - დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში. ნინო ჯინჭარაძე კი ბავშვთა საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
    ასევე, ადგილობრივი ჟურნალისტები თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ აფეთქების შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მათ ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვებას სთხოვდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მეორე აფეთქებაც იყო მოსალოდნელი. თვითმხილველების ვარაუდით, ასეთ მოწოდებას პოლიციელები ბავშვის ცხედრის გადამალვის მიზეზით აკეთებდნენ.
    ქუთაისში საბრძოლო დიდების მემორიალის აფეთქების შედეგად დარღვეული უსაფრთხოების ნორმების გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია.
    "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე ათი ადამიანია დაკავებული. დაკავებულთაგან უმეტესობა სს "საქფეთქმრეწვის" თანამშრომლები არიან, მათ შორის პასუხისმგებელი პირები, ერთ-ერთი კი "საქფეთქმრეწვის" ტექნიკური დირექტორი ავთანდილ დარსაველიძე.
    გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძის თქმით, დარსაველიძე უშუალოდ იყო პასუხისმგებელი სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დაცვაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული და უხეშად დაირღვა კანონით დადგენილი ნორმატივები, რომლითაც ასეთი ტიპის სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დაცვა ხორციელდება.
    იმერეთის პოლიციაში კი დანარჩენ დაკავებულთა ვინაობას არ ასახელებენ. ჯერჯერობით თანამდებობრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმერეთის გუბერნატორ მიხეილ ჩოგოვაძეს დაეკისრა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
    საგულისხმოა ისიც, რომ უბედური შემთხვევის გამო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიაში ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში დაბრუნდა. მან მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და ქუთაისში მომხდარ უბედურ შემთხვევაში დამნაშავე ყველა პირის დასჯა მოითხოვა.
    ქუთაისში მოქმედი ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი და აქტივისტი კი გუშინ დილით ქალაქის მერიის წინ შეიკრიბნენ და გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევა გააპროტესტეს.
    ოპოზიციონერებმა ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს ვანდალური საქციელი უწოდეს და სასტიკად დაგმეს. მათ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდეს, გუბერნატორის გარდა თანამდებობიდან გაათავისუფლოს იმ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ აფეთქებას პირადად ხელმძღვანელობდნენ.
    მათ მოსახლეობას მოუწოდეს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვისკენ იმ ადგილას, სადაც მემორიალი ააფეთქეს. პირველი ასეთი აქცია დღეს, 13.00 საათზე გაიმართება. ოპოზიცია ქუთაისში სრული შემადგენლობით ჩავა. საპროტესტო აქციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სამამულო ომის ვეტერანები.
    ინიციატივა აქვთ ქრისტიან დემოკრატებს. მათი ლიდერები ქუთაისში მემორიალის ადგილზე ტაძრის მშენებლობის დაწყების უპირატესობაზე საუბრობენ.
    მოძრაობის ლიდერები გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი სპეციალური და საგანგებო ვიზიტით ქუთაისს ეწვივნენ და მოინახულეს ადგილი, სადაც მემორიალის დემონტაჟის დროს ტრაგედია დატრიალდა. თარგამაძემ და ახვლედიანმა თანაგრძნობა გამოხატეს და სამძიმარი გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებს და ყველა ქუთაისელს.
    საზოგადოებასთან შეხვედრის დროს "ქრისტიან-დემოკრატებმა" გამოთქვეს მოსაზრება, რომ უპრიანია ხელისუფლებამ გადახედოს იმ ადგილზე პარლამენტის მშენებლობის საკითხს და, ნაცვლად ამისა, აშენდეს ტაძარი მეორე მსოფლიო ომში და გუშინ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა სულების მოსახსენებლად.
    "გუშინ მომხდარი საბედისწერო შემთხვევა კიდევ ერთ არგუმენტად შეიძლება მივიჩნიოთ, რის გამოც ხელისუფლებამ უნდა გადახედოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, პარლამენტის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით. მომხდარის გამოსწორება შეუძლებელია, თუმცა, უპრიანი იქნება, თუკი განვიხილავთ ამ ადგილზე მეორე მსოფლიო ომსა და გუშინ დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად ტაძრის მშენებლობას", - განაცხადა ქუთაისში მყოფმა გიორგი თარგამაძემ.
    საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატისა და პარლამენტის გადატანის ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, აკაკი ბობოხიძის მტკიცებით, ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას წინ ვერავინ დაუდგება.
    "ექსპრესნიუსთან" საუბრისას ბობოხიძემ განაცხადა, რომ ტრაგედია სს "საქფეთქმრეწვის" შეცდომის გამო მოხდა, რაც სამწუხარო ფაქტია.
    მისი ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერები ქუთაისის ადგილობრივ წარმომადგენლებს უკავშირდებიან და ოპოზიციის მიერ ხვალ დაგეგმილ აქციისთვის მთავრობის საწინააღმდეგო ქმდებების განხორციელებას აპირებენ.
    ამასთან, ბობოხიძე მოსახლეობას ბრალს დებს იმაში, რომ ისინი სამართალდამცავების მოწოდებას არ დაემორჩილნენ.
    "მაქვს ინფორმაცია, რომ აფეთქების საყურებლად მოსახლეობა ბინების სახურავზე იყვნენ ასულები და სამართალდამცავების მოწოდებას, რომ ძირს ჩამოსულიყვნენ, არ დაემორჩილნენ", - განაცხადა ბობოხიძემ.
    ქუთაისში, აფეთქებული "დიდების მემორიალის" ადგილზე კი უკვე გააკრეს სპეციალური ბანერი, რომ იქ 2012 წლისთვის პარლამენტის ახალი შენობა აიგება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter