ელზა პაპოშვილი
29.01.2024

უკრაინა ოკუპანტთა იერიშებს აღმოსავლეთის ფრონტზე იგერიებს - სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის 100-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ არის  მოქცეული. 

დასავლური მედია წერს, რომ დიდი ალბათობით უკრაინა 2024 წელს აქტიურ თავდაცვაზე გადავა. სწორედ ამ სათაურით, „აქტიური თავდაცვა: როგორ აპირებს უკრაინა გადარჩენას 2024 წელს“ - გამოცემა Financial Times-ი აქვეყნებს. როგორც გამოცემა დასავლელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, წარუმატებელი კონტრიერიშის შემდეგ უკრაინა ტაქტიკას ცვლის და 2024 წელს „აქტიურ თავდაცვაზე“ გადადის, ხოლო დასავლეთში უკრაინის ახალ იერიშს 2025 წლამდე არ ელოდებიან.

გამოცემის წყაროს თქმით, „აქტიური თავდაცვის“ სტრატეგია - თავდაცვითი ხაზების შენარჩუნება და შორ მანძილზე წერტილოვანი საჰაერო დარტყმების განხორციელება - მისცემს უკრაინას შესაძლებლობას, „მოიკრიბოს ძალები“ 2024 წელს და მოემზადოს 2025 წლისთვის, როდესაც კონტრიერიშს მეტი შანსი ექნებოდა.

ამასთანავე Financial Times-ი აღნიშნავს, რომ ძირითადი ფაქტორი, რომელმაც უკრაინის ბედი შეიძლება გადაწყვიტოს, არის გაურკვევლობა დასავლეთის მხრიდან სამხედრო დახმარების, მათ შორის საბრძოლო მასალების ირგვლივ.  

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით კი  ყველაზე ცხელი წერტილები ამჟამად ავდეევკა, მარინკა და კუპიანსკია. საღამოს ვიდეომიმართვაში, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია სამხედრო მეთაურებთან გამართული ტრადიციული შეხვედრისას მიიღო. შეხვედრაზე ყურადღება იყო გამახვილებული ჭურვებთან დაკავშირებულ საკითხებზეც - დეფიციტის შევსება, პარტნიორებთან შეთანხმებები და საკუთარი წარმოება.

"იარაღისა და ჭურვების უკრაინული წარმოება დადებით დინამიკას აჩვენებს. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩართულია და ვინც მუშაობს ჩვენი შესაძლებლობებისთვის...მადლობა ყველას, ვისაც ესმის, რომ მხოლოდ უკრაინის გაძლიერება მოიტანს ამ ომის სამართლიან დასასრულს, ჩვენს უკრაინულ გამარჯვებას",- ამბობს ზელენსკი.     

 ომი უკრაინაში დაიწყო და გრძელდება იმის გამო, რომ პუტინს სურდა უკრაინული სახელმწიფოს განადგურება და არა კიევსა და მოსკოვს შორის დიალოგის არარსებობის გამო - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კანცლერმა მორიგ ჯერზე დადო პირობა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება: "2022 წლის 24 თებერვლის წინა დღეს დისკუსიები არ აკლდა. მხოლოდ მინსკისა და ნორმანდიის ფორმატში 200-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა. შედეგი ყველამ ვიცით: რუსეთის სასტიკი და უკანონო თავდასხმა მთელ უკრაინაზე...

თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული. ამიტომ, ჩვენი საერთო სიგნალი რუსეთისთვის უნდა იყოს: ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომელიც იბრძვის გადარჩენისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, რამდენი ხანიც ამას დასჭირდება", - თქვა შოლცმა.  

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, ევროპამ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს და ქვეყანას მეტი დაფინანსება უნდა გამოუყოს, რათა მან რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს.

„ახლა არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ ევროპამაც უნდა გააქტიურდეს და თავისი წვლილი შეიტანოს, რათა უზრუნველყოს, რომ უკრაინამ საკუთარი თავის დაცვის გაგრძელება შეძლოს“, -აღნიშნა გრანტ შაპსმა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ლიდერობას იჩენს 2,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების დახმარების პაკეტით და შეთანხმებით, პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინასთან უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შეთანხმებებით.  

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა რუსეთი ახლა ფრონტის ხაზზე ინიციატივას კვლავ ინარჩუნებს, ეს მხოლო ტაქტიკურ დონეზე და ცალკეულ მიმართულებებზე ხდება. გენერალი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინა შეტევას მაინც განაგრძობს და ბოლო დღეებში ლუგანსკის მიმართულებაზე გადავიდა. 

„ახლა ფრონტის ხაზზე დიდი  წარმატება არც უკრაინას და არც რუსეთს არა აქვს. უკვე მეხუთე თვეა, რაც რუსები ცდილობენ, რომ ავდეევკას ალყა შემოარტყან. რუსეთმა უპირატესობა ამ ტემპით თუ გააგრძელა, მიუხედავად ამისა, დნეპრზე გადასვლას მაინც ვერ შეძლებს. რუსეთს არა აქვს ჯერ იმ დონის უპირატესობა, რამაც მისი წინსვლა უნდა განაპირობოს. თუ იმას ვიტყვით - შეძლებს თუ არა ის ამ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას - კი, ამის რესურსი ნამდვილად აქვს.

„ყველაფერი დამოკიდებულია ახლა იმაზე, უკრაინა რა სახის სტრატეგიით გააგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას. ვფიქრობ, უკრაინა არაპირდაპირი დარტყმების სტრატეგიაზე უნდა გადავიდეს. ამაში კი დასვლეთიდან შორი მანძილის რაკეტებით მომარაგება დაეხმარება. დასავლეთმა უკრაინას ასევე ხელი უნდა შეუწყოს იმაში, რომ რუსეთის გამოფტვა მოხდეს. "ცივი ომის" დროს და რუსეთთან ომის დროსაც სწორედ ამან გაამართლა.  ოღონდ დასავლეთმა ეს უნდა გააკეთოს რეალურად და არა დროდადრო“, - ამბობს კაპანაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×