თამთა ჩაჩანიძე
28.01.2024

უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სამხედრო დახმარების მიღების გაცხადებული გონივრული ვადა იწურება, თუმცა, ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა თვის ბოლომდე აშშ-ის კონგრესი კიევისათვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებას და რა შედეგით დასრულდება 1-ლ თებერვალს ევროკავშირის რიგგარეშე სამიტი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ დახმერების დამტკიცება იანვრის ბოლომდე თუ ვერ მოხერხდა, ეს შეფერხება უკვე უშუალოდ ფრონტზე დაიწყებს ასახვას. ამ ვადის ამოწურვამდე კი სულ რამდენიმე დღე რჩება.

მომავალ ხუთშაბათს ევროკავშრის 27 ქვეყნის ლიდერები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე. აქ პრობლემა უნგრეთის პოზიციაა და უკრაინის და ფინეთის მთავრობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ყინული დაიძრება.

უნგრეთის საგითხი რომ უახლოეს პერიოდში გადაიჭრება ამას პროგნოზირებენ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები. მათი თქმით, პრემიერი ვიქტორ ორბანი პოზიციას ცვლის და ამასთან, მზადდება ზელენსკი-ორბანის შეხვედრაც. ასევე არ გამორიცხავენ, რომ კონგრესიც შეთანხმდეს დახმარების მიწოდებაზე, რადგან ამის წინაპირობები არის, „თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია".

ამის ფონზე ფრონტზე სიტუაცია უცვლელი რჩება. როგორც პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, სამხრეთში უკრაინელები ცდილობენ შეტევას, აღმოსავლეთში კი -რუსები.

„დასავლური დახმარების გაჭიანურება ადრე თუ გვიან თავის შედეგებს გამოიღებს. აქ ყველაზე სახიფათო საჰაერო თავდაცვის დახმარების შემცირებაა. ეს შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგების გამომწვევი იყოს. თუკი სახმელეთო ოპერაციაში დიდი ცვლილებები ვერ მოხდება, საჰაერო თავდაცვის მხრივ ამ საშუალებების არქონისას უკრაინელებს ძალიან გაუჭირდებათ, ეს სამოქალაქო მსხვერპლს მნიშვნელოვნად გაზრდის.

„რაც შეეხება ფრონტს, სამხრეთში შეტევას უკრაინელები ცდილობენ, აღმოსავლეთში კი -რუსეთბი. ბრძოლა, ფაქტიურად, ყველგანაა, მაგრამ უფრო თვალნათლივ ავდეევკის გარშემო ჩანს, სვიატოვო-კუპიანსკი-კრემინას ხაზზე, მაგრამ რუსებს რაიმე მნიშვენლოვანი წარმატება არ აქვთ", - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

დახმარების სხვა პაკეტები

იანვრის თვეში უკრაინამრამდენიმე ცალკეულ ქვეყანასთან გააფორმა ორმხრივი შეთანხმება სამხედრო დახმარების შესახე, რაც, რა თქმა უნდა, მნიშნელოვანია, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებს სრულად ვერ აკმაყოფილებს.

5 იანვარს გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარებს ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც მოიცავს საბრძოლო მასალას, რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე „სქაინექს"-ის თვითმავალ საზენიტო დანადგარს, „მარდერის" ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და ტანკებს.

22 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვარშავა კიევს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.

24 იანვარს გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსისგან ცნობილი გახდა, რომ ბერლინი კიევს „სი კინგ მკ 41"-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს, რომელიც უკრაინელებს ბევრ სფეროში დაეხმარება - შავი ზღვის დაზვერვით დაწყებული, ჯარისკაცების ტრანსპორტირებით დამთავრებული.

ამასთან, 23 იანვარს „რამშტაინის ფორმატის" მეთვრამეტე ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომელიც კიევის გრძელვადიან საჭიროებებზე იყო ორიენტირებული. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პარტნიორებისგან მიიღებენ იარაღს, რომელიც აუცილებელია „მტრის ეფექტურად დასამარცხებლად". ასევს, „აღებული იქნა ვალდებულებები უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების შესახებ". თუმცა, კონკრეტულად რა სახის იარაღზეა საუბარი, უცნობია.

26 იანვარს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრ კულებამ განაცხადა, რომ დანიის მიერ უკრაინისთვის „ეფ-16" თვითმფრინავების გადაცემის მომზადება გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და ამის ჩაშლის საფრთხე არაა.

28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის მთავრობამ უკრაინისთვის მოძველებული იარაღის სისტემების მიწოდებას დაუჭირა მხარი. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაევალა უკრაინაში იმ იარაღის მიწოდება, რომელსაც საბერძნეთის არმია აღარ იყენებს. ამ დროისთვის უცნობია, რას მოიცავს დახმარების პაკეტი.

„პოზიტიური მოლოდინი" კონგრესისგან

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ელოდება აშშ-ის გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარებაზე, რადგან ის ახლა „კრიტიკულად მნიშვნელოვანია".

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი, რათა მივაღწიოთ კონტროლს ცაში და უფრო მეტი, პირველ რიგში, საარტილერიო საშუალებები ხმელეთზე. მაგრამ რაც არ უნდა გვიჭირდეს, ჩვენ გვაქვს საარტილერიო, რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალის მარაგი. მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ჯარისკაცებს და იცავს უკრაინელთა სიცოცხლეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პარტნიორების დახმარების წყალობით, ამ თვეში უკრაინელმა სამხედროებმა ასობით რუსული რაკეტა და თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

აშშს კონგრესში კი კვლავ არაა კონსენსუსი უკრაინის დახმარებასთან დაკავშრებით, თუმცა უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აღნიშნავს, რომ უახლოეს დროში დადებით გადაწყვეტილებას ელის და ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის წელს 11.8 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დახმარების მიწოდებას გეგმავს.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპტიმიზმის საფუძვეი არსებობს, რომ კონგრესში შეთანხმება მოხდეს.

„აშშ-სგან დახმარების შეფერხება უკავშირდებოდა არა იმდენად უკრაინას, რამდენადაც შიდა პრობლემებს - დახმარების ეს პაკეტი არალეგალური მიგრაციის საკითხთან იყო გაერთიანებული და ა.შ. ბოლო დღეებში მიგრაციის საკითხებზე პოზიციების მნიშვნელოვანი დაახლოება მოხდა დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომ საბოლოოდ შეთანხმება მოხდება და ამ მხრივაც პოზიტიური მოლოდინები არსებობს.

„საბოლოო ჯამში, ევროპული და ამერიკული დახმარებაც უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას ძლიერი საერთაშორისო დახმარება ნამდვილად სჭრირდება გამომდინარე იმ პრობლემებიდან, რასაც უკრაინა ყოველდღიურად უმკლავდება", - განაცხადა ფხალაძემ.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება ყინული ამ კვირას დაიძრას, ანალიტიკოსმა გვითხრა, რომ პოზიტიური სცენარის მოლოდინები არსებობს.

„კი, შესაძლებელია რომ (კონგრესი) შეთანხმდეს, ამის წინაპირობები არის. ეს არ ნიშნავს, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ შეთახხმების პერსპექტივები გამოიკვეთა. მოსწრებით ყველაფერი მოსწრებადია. ისე არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ესაა ყველაფერი. ამის გარდა უკრაინა სხვა დახმარებასაც იღებს, მათ შორის შეერთებული შტატებისგან. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ დახმარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტზე, მაგრამ არა ერთადერთზე.

„ეს არ ნიშნავს, რომ დახმარება შეწყდა, ან შეწყდება. ამას უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს. დარწმუნებული ვარ, პროგრესი იქნება", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სიტუაცია ჯერ ბუნდოვანია, თუმცა პოზიტიური მოლოდინები არის.

„საკმაოდ ბინდოვანი სიტუაციაა. დამნაშავეები არიან როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები და ბაიდენის ადმინისტრაცია. არ ვიცი კიდევ რამდენად გაიწელება, მაგრამ ნებისმიერი დახმარების შეფერხება ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს, რაც მერე უკვე იძულებულს გახდის, როგორც დემოკრატებს, ისე რესპუბლიკელებს, რომ დახმარება დააჩქარონ.

„თუკი საჰაერო თავდაცვის საშუალებები ამოიწურება, რუსები ბრუტალურ თავდასხმებს არ შეწყვეტენ, ამ რაკეტების გადაჭერას კი უკრაინა ვეღარ შეძლებს და წარმოიდგინეთ ერთი რაკეტაც რომ დაეცეს საცხოვრებელ კორპუსს... ვფიქრობ, რომ რაღაც კონსენსუსს იპოვიან, რადგან ყველას კარგად ესმის რა შეიძლება მოხდეს დახმარების არმიწოდების გამო", - განაცხადა ბერიძემ.

რას გადაწყვეტს ევროკავშირი

ევროკავშირი 1-ლ თებერვალს გამართავს რიგგარეშე სამიტს, სადაც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ იმსჯელებს. 26 ქვეყნის ლიდერი შეეცდება უკრაინის დახმარების აუცილებლობაში უნგრეთი დაარწმუნოს.

როგორც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა 25 იანვარს გერმანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელს არ შეუშლის ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას.

უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი ამბობს, რომ ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა წინასწარ შეთანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე. შმიგალი ელის, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირი უკრაინისთვის დაახლოებით 2023 წლის დონის ფინანსური დახმარების მიწოდებას შეძლებს.

„1-ლ თებერვალს ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი უკრაინის 50 მილიარდი ევროთი მხარდაჭერის ოთხწლიან „უკრაინ ფასილითი" პროგრამას დაამტკიცებს. წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის ყველა 27 წევრი დათანხმდა ამ პროგრამის მხარდაჭერას", - განაცხადა შმიგალმა.

ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უნგრეთი პოზიციას ცვლის, ამასთან, მზადდება ზელენსკი-ორბანის შეხვედრაც.

„ორივე მიმართულებით პოზიტიური ძვრებია. უნგრეთი თავის პოზიციას ცვლის და ამავდროულად პირველ პირებს შორისაც მზადდება შეხვედრა, მხედველობაში მაქვს ზელენსკი და ორბანი. თუმცა, მინისტრების შეხვედრამ უკვე დადებითი შედეგი გამოიღო და არის პერსპექტივა, რომ ის წინააღმდგეობა, რაც აქამდე არსებობდა, მოიხსნას", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი ამბობს, რომ ევროკავშირის დახმარების კუთხით საქმე უფრო მარტივადაა.

„ევროპაში საკითხი უფრო მარტივადაა, რადგან გარკვეული პროცედურა არსებობს, რომ უნგრეთს საერთოდ შეუწყვიტონ ხმის უფლება ამ თემაზე. ან იძულებული იქნება ორბანი, რომ დათმოს. ევროპისთვის უკრაინის ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაიმე კატაკლიზმური არ მოხდეს და უკრაინამ უფრო ეფექტურად იმოქმედებს",- განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×