თამთა ჩაჩანიძე
03.12.2023

უკრაინაში შიდა პოლიტიკური ვითარებაც და ფრონტზე არსებული ვითარებაც ერთდროულად უარესდება. უკრაინის რადამ 2024 წელს ჩასატარებელი არჩევნები გაურკვეველი ვადით გადადო. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვეთრად დაუპირისპირდა კიევის მერი ვიტალი კლიჩკო. ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ქვეყნიდან არგაშვების გამო სერიოზული სკანდალია აგორებული, რაც შესაძლოა 15 დეკემბერს ევროკავშირის სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებაზე აისახოს. ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ომთან დაკავშრებით პესიმისტური მოლოდინი აქვს. რუსული წყაროები კი ამტკიცებენ, რომ დონეცკის ოლქში სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი მარიინკა აიღეს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ჯერჯერობით რთული სათქმელია რას ემყარება სტოლტენბერგის პროგნოზი. უკრაინაში შიდა დაძაბულობას კი, მათი აზრით, რაიმე ნეგატიური მოვლენები არ მოჰყვება.

ნოემბერში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს 2023 წლის ბოლომდე მისი პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოშორება სურს, რისთვისაც მომზადებული აქვს დესტაბილიზაციის გეგმა „მაიდანი 3". ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ უკრაინაში ახალი მაიდანი გამორიცხულია რიგი მიზეზების გამო. პირველ რიგში ხალხის უმეტესობას არ აწყობს ქვეყანაში ომის პარალელურად, დესტაბილიზაცია.

გარდა ამისა, ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინას დაგეგმილი აქვს საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობა მთელი ფრონტისა და ასევე ბელარუსის და რუსეთის საზღვრების გასწვრივ, რაც პრაქტიკულად შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ უკრაინა თავდაცვაზე გადადის.

რაც შეეხება რუსეთს, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირას ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მომავალი წლიდან რუსეთის არმიის რიცხოვნობა 170 ათასი კაცით უნდა გაიზარდოს.

ამის პარალელურად ვაშინგტონში კვლავ გაუმართლებლად მიაჩნიათ უკრაინის არმიის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის მიტანა.

„ჩვენ ძალიან მკაფიოთ ვთქვით, რომ არ ვახალისებთ და მხარს არ ვუჭერთ უკრაინული ძალების იერიშებს რუსეთის ტერიტორიაზე", - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოში სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.

ფრონტის ამბები და სტოლტენბერგის პროგნოზი

უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსული ძალები გასულ დღე-ღამეში უკრაინას 6 მიმართულებით უტევდნენ, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს, თუმცა რუსული „ტელეგრამ" არხები უკვე წერენ, რომ დონეცკში სტრატეგიულად მნიშნელოვანი ქალაქი მარიინკა აიღეს. თუმცა, სხვა წყაროების ცნობით, მარიინკის განაპირას რამდენიმე შენობის ნანგრევებში ჯერ კიდევ უკრაინელები არიან გამაგრებული.

აღსანიშნავია, რომ მარიინკაში საბრძოლო მოქმედებები 2014 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ პრაქტიკულად არც შეწყვეტილა. თავად ქალაქი კი დღეს ნანგრევებადაა ქცეული.

ამის პარალელურად, კვირას ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ „თაგეშაუსთან" ინტევიუში განაცხადა, რომ უკრაინაში სიტუაცია კრიტიკულია და იქიდან „ცუდ ამბებს" უნდა ველოდოთ. სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსმა ვერ შეძლო უკრაინისთვის იმ რაოდენობის იარაღი მიეწოდებინა, რასაც კიევი ითხოვდა.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ცუდი ამბებისთვის. კონფლიქტები ეტაპობრივად ვითარდება. მაგრამ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას როგორც ცუდ, ასევე კარგ დროს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გერმანელი ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორ უნდა მოიქცეს უკრაინის არმია ასეთ სიტუაციაში, სტოლტენბერგმა უპასუხა: „ამ კომპლექსური ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება უკრაინელებს და მათ სამხედრო ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია".

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი „ასოშეიტედ პრესთან" იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც კონტრშეტევა წარმატებული ვერ აღმოჩნდა. მისი თქმით, „უკრაინის ხელისუფლებას უფრო სწრაფი შედეგი სურდა", თუმცა სასურველ შედეგზე ვერ მოხდა გასვლა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ დასავლეთმა არ უზრუნველყო ყველა საჭირო იარაღი შეტევისთვის. ამასთან, ზელენსკიმ ომის ახალი ფაზის დაწყების შემდეგ გამოაცხადა.

ამასთან, მისი შეფასებით, უკრაინას ბრძოლა უწევს მსოფლიოში სიძლიერით მეორე არმიასთან და თავად ის ფაქტი, რომ უკრაინელები უკან არ იხევენ, უკვე წარმატებაა.

„შეხედეთ, ჩვენ უკან არ ვიხევთ, მე კმაყოფილი ვარ. ჩვენ ვომობთ მსოფლიოს მეორე არმიასთან", - განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ მხოლოდ უკრაინელთა დიდი დანაკარგების გამოა უკმაყოფილო.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ჯერ კიდევ შაბათს უკრაინელები მარიინკაში ნახევარ ქალაქს აკონტროლებდნენ, თუმცა იქ დიდი ძალები არ ჰყავთ გადასროლილი და რუსებს დიდ წინააღმდეგობას არ უწევენ. ამასთან, მისი თქმით, მთელი დონეცკის ოლქი რომ ოკუპაციაში მოაქციონ, ავდეევკა უნდა აიღონ, ამის თავი კი ახლა რუსებს არ აქვთ.

„რუსებს მთელ დონეცკზე რომ ჰქონდეთ პრეტენზია, მაშინ ავდეევკა უნდა აიღოს. მარიინკას რაც შეეხება, იქ რუსები შესული იყვნენ, ადმინისტრაციულ შენობაზე და სამხრეთ ნაწილში ერთ-ერთ დიდ სახლზე დროშაც აღმართეს - შესასვლელში რუსეთის, ხოლო ცენტრში საბჭოთა კავშირის დროშა. როგორც ვიცი, იქ ბრძოლა ჯერ კიდევ მიდის. ამ ქალაქში უკრაინელები დიდი ძალებით აღარ იქნებიან, რადგან უკან იხევენ, თუმცა აიღეს თუ არა რუსებმა, ეს ჩემთვის ცნობილი არაა, რადგან ერთი ერთ იძახის, მეორე - მეორეს. გუშინ არ ჰქონდათ აღებული, ნაწილში იყვნენ შესული. ნახევარზე რუსები იყვნენ და ნახევარზე უკრაინელები.

„რუსებმა თუ ავდეევკა აიღეს, მაშინ ექნებათ შანსი, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე ჰქონდეთ პრეტენზია, მაგრამ ეჭვი მეპარება წლის ბოლომდე საზღვარზე გასვლა შეძლონ. ახლა აქეთკენ დაწოლა იმიტომაა, რომ რაიმე წარმატებაზე ჰქონდეთ სალაპარაკო.

„ამასთან, ხერსონის რაიონშია დნეპრის მარცხენა ნაპირზე უკრაინელების მიერ პლაცდარმზე რუსების დაწოლა მიდის. იქ, მდინარის დელტაში დელტაში არის დასახლებული პუნქტი კრინკი და კუნძული კაზაჩი ლაჰერი და იქიდან უკრაინელების გაძევება უნდათ.

„შეტაკებები ორივე მხრიდან აქტიურადაა. ვერ ვიტყვით, რომ რუსებს განსაკუთრებული ინიციტივა გააჩნიათ. რაღაც მონაკვეთებს ისინი უტევენ, რაღაცას - უკრაინელები, მაგრამ ეს ყველაფერი ლოკალური მასშტაბისაა", - განაცხადა გენერალმა კაპანაძემ.

კითხვაზე, რას მიანიშნებს სამხედრო თვალსაზრისით სტოლტენბერგის პესიმისტური პროგნოზი, კაპანაძემ განაცხადა:

„არ ვიცი ზუსტად რა იგულისხმა, თუმცა ერთი ვარიანტი არის, რომ ან ავდეევკის აღებასთან რუსები ახლოს არიან. ან იმასაც გულისხმობს, რომ ზამთარი მოდის და რუსები უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმებს განახორციელებენ და ზამთარში სიცივეში ამყოფებენ".

შიდაპოლიტიკური სიტუაცია

ზელენსკის უკრაინის ხელისუფლების კიდევ ერთი მაღალჩინოსანი უპირისპირდება - კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ „უკრაინა ავტორიტარისმიზკენ მიდის" მისი თქმით, „უკრაინა შესაძლოა, აღარ იყოს განსხვავებული რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული".

კლიჩკო გერმანულ „შპიგელთან" ამბობს, რომ ომის პირველ თვეებში ქვეყანაშ აშკარა ქაოსში იყო და მერები მთავარ როლს ასრულებდნენ, როგორც ლიდერები და ქალაქების დაცვაში ეხმარებოდნენ ხალხსა და სამხედროებს. კლიჩკოს თქმით, დღეს პრეზიდენტის ოფისში, მერები განიხილებიან მხოლოდ დაბრკოლებად ქვეყანაში ძალაუფლების სტრუქტურების ცენტრალიზაციისთვის. კიევის მერის თქმით, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მას არცერთი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი არ ჰქონია პრეზიდენტ ზელენსკისთან.

„ახლა არის მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი - ადგილობრივი ხელისუფლება, მაგრამ მასზე უზარმაზარი წნეხია", - განაცხადა კლიჩკომ.

ამას წინ უძღოდა უკრაინის რადას გადაწყვეტილება მომავალ წელს გასამართი არჩევნების გადადების შესახებ. 30 ნოემბერს რადაში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომელიც მომავალი არჩევნების ჩატარებას მხოლოდ საომარი მდგომარეობის დასრულებიდან მინიმუმ ექვსი თვის შემდეგ ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელს აწერენ: ფრაქცია „ხალხის მსახურიდან" დავით არახამია, იულია ტიმოშენკო „ბატკივშჩინიდან", ირინა გერაშენკო „ევროსოლიდარობის" ფრაქციიდან და სხვა საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლები.

1-ლ დეკემბერს კი უკრაინის ექს-პრეზიდენტ პ[ეტრო პოროშენკოსთან დაკავშირებით აგორდა ახალი სკანდალი. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა მას უკრაინიდან გასვლის უფლება არ მისცა და პოლონეთის საზღვრიდან უკან გააბრუნა. თავად პოროშენკო აცხადებს, რომ მას რადას სპიკერის ნებართვა ჰქონდა ქვეყნის დატოვებაზე.

უსაფრთხოები სამსახურმა საპასუხოდ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიმართეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მინისტრთა კაბინეტს და უმაღლეს რადას, რადამ კი პოროშენკოს ქვეყნის დატოვების ნებართვა გაუუქმა.

მეტიც, განცხადებაში ნათქვამია, რომ პოროშენკო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან აპირებდა შეხვედრას და რომ „სადაზვერვო სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურების მიერ უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე პროვოკაციების მომზადების შესახებ. მტრის მთავარი მიზანია შეამციროს უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა და შეეცადოს უკრაინული საზოგადოების შიგნიდან გახლეჩვას".

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო დროს უკრაინაში ხშირად საუბრობენ მოსალოდნელ ახალ მაიდანზე პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლების წინააღმდეგ.

პოროშენკოს სკანდალის შემდეგ, უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი ამბობს, რომ უკრაინის უსაფრთხოების მიერ პოროშენკოს ვიზიტის დაბლოკვის ორბანთან შეხვედრით ახსნა არის „კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ უკრაინა ჯერ კიდევ არაა მზად ევროკავშირის წევრობისთვის".

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ეს სიტუაცია 15 დეკემბრის გადაწყვეტილებას ხელს არ უწყობს, თუმცა არც ისე შეუძლის, რომ ევროკავშირის გაფართოების გეგმა შეაფერხოს. მისი თქმით, გრძელ და საშუალოვადიან პერსპექტივაში უკრაინის შიდაპოლიტიკური სიტუაცია კარგის არაფრის მომტანია.

„15 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს არ უწყობს, მაგრამ არც ის მგონია, რომ ამან პირდაპირ ხელი შეუშალოს, რადგან პასუხი მალე იქნება, თან ამ გადაწყვეტილების მიღებაში გეოპოლიტიკური როლი უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე უკრაინის შიდა პოლიტიკური ვითარება. თუმცა, რა თქმა უნდა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პროცესი გავლენას მოახდენს.

„თუ უკრაინაში შიდა პოლიტიკური სტაბილიზაცია არ იქნა, ეს არა მხოლოდ ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე მოახდენს გავლენას, არამედ მის მომავალზეც ომის კონტექტსში. აქცენტები, რომ ქვეყანა „ავტორიტარიზმისკენ მიდის", სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს, თუმცა არსებობს ლეგიტიმური მოსაზრებები, თუ რამდენად შეძლებდა უკრაინა ამ ომის პირობებში ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.

„თუმცა ხელისუფლების გადაწყვტილება, რა თქმა უნდა, სხვა პოლიტიკური ძალების უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია იმაზე, უკრაინა ამ კრიზისის დაძლევას რამდენად მოახერხებს. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ფრონტზეც რაიმე წინსვლა და გარდატეხა არაა.

„გასაგებია რომ ომია, თუმცა არჩევნების გადადება პოლიტიკური პროცესებს აფეხებს. სხვა პოლიტიკურ პარტიებში, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრება და ტაქტიკა აქვთ, ბუნებრივია, ეს უკმაყოფილებას იწვევს, ისევე, როგორც დასავლეთის გარკვეულ წრეებშია. ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინაში გარკვეული ცვლილებებია საჭირო და მეტია გასაკეთებელი, განსაკუთრებით სისტემური კორუფციის დასაძლევად.

„ახლა უკრაინას რაც ყველაზე მეტად სჭირდება, ეს ერთიანობაა, არა მგონია ეს (მაიდანის სცენარი) მოხდეს, რადგან მდგომარეობას უფრო გააუარესებს. შესაძლოა პოროშენკო ორბანს შეხვედროდა, მაგრამ ახლა ის უკრაინაში უპირობი ლიდერი არაა, სხვა პოლიტიკოსები და პარტიები არიან, რომლებსაც უფრო მეტი ეთქმით, ვიდრე მას.

„ევროკავშირი მაქსიმალურად ეცდება, რომ ორბანის მოთხოვნები მაქისმალურად დააკმაყოფილოს. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ შესაძლოა მოთხოვნილი თანხის ნაწილი გადაურიცხონ და პრობლემა მოგვარდეს, რადგან სხვანაირად გაფართოების პოლიტიკა შეჩერდება", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×