თამთა ჩაჩანიძე
30.11.2023

ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს მინისტერიალზე წვალებით ჩასულმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ფაქტიურად მოლდოვაში ახალი ომი დააანონსა. მისი სიტყვებით, დასავლეთს განზრახული აქვს, უკრაინის შემდეგ მოლდოვა იყოს „რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული ჰიბრიდული ომის მსხვერპლი". გარდა ამისა, ლავროვმა ახსენა საქართველოც 2008 წლის აგვისტოს ომის კონტექსტში და ისიც თქვა, რომ ეუთო არსებითად ნატო-ს და ევროკავშირის დანამატად ფორმირდება და ორგანიზაცია „უფსკრულის პირას დგას".

ანალიტიკოსთა შეფასებით, ლავროვი კვლავ იმუქრება და არაა გამორიცხული მოსკოვი მოლდოვაში პროვოკაციასაც ამზადებდეს. მათი აზრით, ასეთი პროგნოზის საფუძველი, ერთის მხრივ, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს დაჩქარებული ევროინტეგრაციის პროცესია, მეორეს მხრივ კი, ის გარემოება, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის შემცირებული დახმარების ფონზე რუსეთს, სავარაუდოდ, ახალი იმედები გაუჩნდა. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დღეს ამის შანსი რუსეთს არ აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე თვეში სამთავრობო რუსული მედია პრაქტიკულად ღიად საუბრობდა რუსეთის არმიის გეგმაზე. ეს გეგმა მოიცავდა უკრაინის მოწყვეტას შავი ზღვიდან და ქვეყნის ზღვისპირა რეგიონების დაკავებას. უფრო კონკრეტულად კი საუბარი იყო იმაზე, რომ რუსულ არმიას ხერსონის შემდეგ უნდა აეღო ნიკოლაევი, ოდესა და საბოლოოდ გასულიყვნენ მოლდოვის საზღვართან.

„რეზონანსთან" საუბარში ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დღეს, მართალია, დნესტრისპირეთში რუსი „სამშვიდობოებიც" დგანან და იქ რუსებს სამხედრო ბაზაც აქვთ, მაგრამ ეს ძალები არაა საკმარისი მოლდოვის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისათვის. ხოლო მოლდოვის საზღვრამდე სახმელეთო გზის გასაჭრელად რუსებმა ხერსონიც უნდა დაიბრუნონ და ოდესის ოლქიც დაიკავონ, რისი შესაძლებლობებიც ამ ეტაპზე მათ არ აქვთ.

გრძელი გზა და აგრესიული გამოსვლა

30 ნოემბერს სერგეი ლავროვი ეუთოს მინისტერიალზე არა ბულგარეთის, არამედ საბერძნეთის გავლით ჩაფრინდა. ბულგარეთის ხელისუფლებამ რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავის თავის საჰაერო სივრცეში შეშვებაზე უარი იმის გამო თქვა, რადგან ბორტზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა იმყოფებოდა. ბულგარეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ რუსული დელეგაციის ფრენაზე ნებართვა არ ვრცელდება მარია ზახაროვაზე, რომლის წინააღმდეგაც ევროკავშირს სანქციები აქვს დაწესებული,

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთოს ორდღიან მინისტერიალში, რომელიც პარასკევს დასრულდება, 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს. მინისტერიალს პროტესტის ნიშნად არ ესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მასში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო. უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ ბალტიის ქვეყნები ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ასევე პოლონეთი და სკოპიეში გამართულ შეხვედრებში არც ისინი მონაწილეობენ.

„მოდით, ვაღიაროთ, რომ ორგანიზაცია უფსკრულის პირას არის. ჩნდება მარტივი კითხვა: აქვს თუ არა აზრი მისი გაცოცხლებისთვის ძალების მობილიზებას", - განაცხადა ლავროვმა სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ „ეუთო არსებითად ნატო-სა და ევროკავშირის დანართად იქცევა".

მან საქართველოც და 2008 წლის ომიც გაიხსენა.

„ეუთო-ს წევრმა, იმავე ნატო-ს ქვეყნებმა, 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიანიშნეს ალიანსში თბილისისა და კიევის წევრობის შესახებ. ამოცანა მარტივი იყო. მათი წაქეზება რუსეთის წინააღმდეგ. სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი „ვარდების რევოლუციის" გზით მოვიდა, მყისვე აამუშავა მისთვის ბუქარესტში მიცემული კარტბლანში. იმავე 2008 წლის აგვისტოში, უბრძანა სამხრეთ ოსეთის ქალაქების დაბომბვა და თავს დაესხა სამშვიდობოებს, რომლებიც იქ ეუთო-ს თანხმობით იმყოფებოდნენ. ეს პროვოკაცია აშშ-მა მოამზადა, რომელმაც საქართველოში წვრთნის და აღჭურვის პროგრამა დაიწყო. რაც ასწავლა ვაშინგტონმა, სააკაშვილმა მოისმინა და შეასრულა", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველაზე მნიშნელოვანი კი მის მიერ მოლდოვასთან დაკავშირებული განცხადება იყო. ლავროვის თქმით, 20 წლის წინ დასავლეთმა მოლდოვასა და თვითგამოცხადებულ დენსტრისპირეთს შორის ვითარების დარეგულირების გეგმის „ტორპედირება მოახდინა", ახლა კი „ნატო და ევროკავშირი კლავენ „5 პლუს 2" ფორმატს", რომლის მიზანიცაა კონფლიქტის მოგვარება მოლდოვის შემადგენლობაში დნესტრისპირეთის განსაკუთრებული სტატუსით დარჩენის გზით.

საბოლოოდ კი, როგორც ლავროვმა განაცხადა, მოლდოვას „ელის შემდეგი მსხვერპლად გახდომა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებულ ჰიბრიდულ ომში".

აღსანიშნავია, რომ სიტყვის დასრულების შემდეგ ლავროვმა დარბაზი დატოვა და სხვა გამომსვლელებისათვის არ მოუსმინა.

დააანონსა თუ არა ლავროვმა მოლდოვაში შეჭრა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ რუსეთის შემდგომი სამიზნე მოლდოვა იყოს, თუმცა დასძენს, რომ სამხედრო თვალსაზრისით პირველ რიგში იმის რესურსი არ აქვს, რომ ჯერ ოდესის ოკუპაცია მოახდინოს.

„არ გამოვრიცხავ, რომ მოლდოვა მთავარი დარტყმის ეპიცენტრი გახდეს, რადგან ერთგვარი გეოპილიტიკური ცენტრი ხდება. სავსებით შესაძლებელია, რომ პუტინის რეჟიმი პროვოკაციას ამზადებდეს. რა თქმა უნდა, მოსკოვს არ მოსწონს, ის რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს იწყებს, ისევე, როგორც არ მოსწონს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

„არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთს მიზანში ოდესა ჰქონდეს ამოღებული, რადგან მოლდოვასთან საზღვარი არ აქვს და შავი ზღვის ოკუპაციის გაფართოვების გეგმაც ჰქონდეს. კრემლის ამბიციური განცხადებები მას შემდეგ უფრო გაძლიერდა, რაც დასავლეთიდან უკრაინის დახმარება ისეთი ძლიერი აღარაა და ფრონტზეც მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვს უკრაინას. დღეს რუსეთს ოდესაზე დარტყმის თავი არ აქვს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ გაზაფხულსა და ზაფხულზე ახალი კამპანიის განვითარების ფონზე გაბედოს", - განაცხადა მაისაიამ.

მისივე აზრით, დნესტრისპირეთის კონფლიქტი, პრაქტიკულად, ისედაც არაა შორს მოგვარებისაგან.

„ჩვენგან განსხვავებით, მოლდოვის ხელისუფლება თავის სეპარატისტულ რეჟიმს ესაუბრება, დაალაგეს ურთიერთობები - დნესტრისპირეთის ფეხბურთის გუნდები მოლდოვის ჩემპიონატში მონაწილეობენ, სეპარატისტული რეჟიმის ლიდრები ევროკავშირში ვიზიტებზე დადიან. მოლდოვის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დნესტრისპირეთში არიან წარმოდგენილი და მოლდოვური პასპორტები უკვე იშვიათი მოვლენა აღარაა. მათ რომ აქვთ დნესტრისპირეთთან ურთიერთობა, ნეტა ჩვენ ასე აფხაზებთან და ოსებთან გვქონდეს",-განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

„ერთია პროვოკაციები და სხვაა - სამხედრო ოპერაცია"

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთი ახლა იმ მდგომარეობაშია, როცა სხვა გზა აღარ აქვს გარდა იმისა, რომ თავი მაქსიმალურად აგრესიულად წარმიაჩინოს და ლავროვის ეს განცხადებაც ამის ნაწილია.

„რუსეთი ახლა იმ მდგომარეობაშია, როცა დილობს, რომ მაქსიმალურად აგრესიულად წარმოაჩინოს თავი და ყველას დაემუქროს, რაც კარგი ნამდვილად არაა პირველ რიგში რუსეთისთვის. ლავროვმა შესაძლოა ბევრი განცხადებები გააკეთოს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მოლდოვაც, საქართველოც და უკრაინაც ევროკავშირთან ასე ახლოს არიან - მოლდოვა მოლაპარაკებებს იწყებს, ჩვენ კი კანდიდატის სტატუსის მიღებას ველით. ეს ჩვეულებრივი რიტორიკაა, რომელიც რუსეთიდან ამ დროს ისმის ხოლმე, ამიტომ ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. მთავარია ჩვენ გავაგრძელოთ სვლა იმისკენ, რასაც ევროატლანტიკური ოჯახი ჰქვია", - განაცხადა ფხალაძემ.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება, რომ რუსეთი ახლა რაიმე რეალურს აპირებდეს მოლდოვაში ფხალაძემ აღნიშნა:

„ის ახლა კი არა, ყოველთვის აპირებს. ცოტა ხნის წინ ადგილობრივი არჩევნებზე პროვოკაციების მცდელობა იყო. მანამდეც იყო დნესტრისპირეთშიც და გაგაუზიაშიც. მოლდოვას იმის ბედნიერება აქვს, რომ რუსეთთან საერთო საზღვარო არ აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს პროცესები, რომ უკრაინას მეტი დახმარება გადაეცეს. ასევე მეტი ბიძგი მიეცეს უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად და მაქსიმალური დემონსტრირება რუსეთის პოლიტიკის მიუღებლობის, რის დემონსტრირებასაც ახდენს აშშ-ც, ევროკავშირიც და ნატოც.

„ერთია პროვოკაცია ადგილზე და მეორე უკვე სამხედრო ოპერაცია. რუსეთი სამხედრო ოპერაციას ვერ წამოიწყებს, რადგან იქ (დნესტრისპირეთში) არ ჰყავს საკმარისი ძალები და საზღვარი არ აქვს, რომ შეიყვანოს, ამიტომ იქ უკრაინის გამეორება ახლა წარმოუდგენელია. აი, პროვოკაციებს კი მუდმივად აწყობს", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×