თამთა ჩაჩანიძე
28.11.2023

ბულგარეთმა ევროკავშირის სანქციები დაარღვია - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, რომელიც 2022 წლიდან საქნცირებულთა სიაშია, საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა, რისი საშუალებითაც ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს მინისტერიალს დაესწრება. ამას თავად ბულგარეთის მთავრობა ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს ჩრდილოეთ მაკედონიის თხოვნით გააკეთა, რომელიც ამჟამად ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა.

თუმცა, ბულგარეთის საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ ეს მხოლოდ გამონაკლისის სახით გაკეთდა და ეს გამონაკლისი არ ეხება ლავროვის თანმხლებ სანქცირებულ წევრებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლავროვს რამდენიმე ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა თხოვეს შეხვედრა, თუმცა ეს ქვეყნები არ დაასახელეს. ამასთან, აღნიშნეს, რომ შეხვედრა ლავროვსა და ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან, რომელიც ასევე გეგმავს სკოპიეში ჩასვლას, არ შედგება. ასე თუ ისე, ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელსაც სერგეი ლავროვი უკრაინაში აგრესიის დაწყების შემდეგ სტუმრობს.

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები ბოლო პერიოდში უფრო შეიმჩნევა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინის სასარგებლოდ ფრონტზე გარდამტეხი შედეგი არ ჩანს. მისი თქმით, ტაქტიკა შესაცვლელია, საჭიროა ევროკავშირის მხრიდან დამატებითი ზომების მიღება, თუმცა დასძენს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ბლოკის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას მისდევენ, ყველა ქვეყანას მაინც საკუთარი ინტერესები აქვს.

„ბოლო პერიოდში შეიმჩნევა და უკრაინელების უკმაყოფილებაც ამითაა გამოწვეული, რომ რუსეთის იზოლაციის ეფექტი ისეთი არაა, როგორსაც ელოდნენ, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ბულგარეთს რუსეთთან ისტორიულად ძალიან ახლო კავშირი აქვს, ალბათ გარკვეული ზეგავლენა ამანაც იქონია. უკრაინელების მხრიდან სხვა ქვეყნებიც მოიაზრებიან, მათ შორის სამწუხაროდ საქართველოსაც მოიაზრებენ სერბეთთან ერთად ისეთ ქვეყნად, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ.

„რაც უფრო დრო გადის და უკრაინის სასარგებლოდ ფრონტზე შედეგი არ ჩანს, ძალიან რთული იქნება ასეთი იზოლირებული შემთხვევებისგან თავის დაზღვევა, რადგან ყველა სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საგარეო და უსაფრხოების პოლიტიკას მისდევს, მაგრამ მათ ასევე საკუთარი უსაფრთხოების, საგარეო და ეკონომიკური ინტერესები აქვთ და ხშირად ძალიან რთულია შეუსაბამონ ევროკავშირისა და უკრაინის ინტერესებს.

„მხოლოდ უკრაინა ამას ვერ გააკეთებს და საჭიროა, რომ ევროკავშირი დამატებით დაეხმაროს, რადგან ბოლოს რაც შეზღუდვები მიიღეს, წელიწადი გავიდა და ახლა უკვე ტაქტიკაც შესაცვლელია - რუსეთის ეკონომიკა რაღაცეებს შეეჩვია, რუსეთის ხელისუფლებამაც რაღაცეებს ალღო აუღო, ამიტომ ახალი ხედვებია საჭირო თუ რამდენად ეფექტიანია ეს საქციები და როგორ უნდა იმუშაონ ახალი ტაქტიკით", - განაცხადა კაკაჩიამ.

კითხვაზე რა ბერკეტები აქვს ევროკავშირს, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან იქნას არიდებული, კაკაჩია აცხადებს, რომ „ევროკავშირს შეუძლია გარკვეული რეკომენდაცია გაუწიოს, მაგრამ დიქატატის უფლება არა აქვს."

„ეს თუ მუდმივად გაგრძელდება, მაშინ რა თქმა უნდა პრობლემა იქნება და ამაში ევროკავშირი ჩაერევა. ამაზე (საქნციების გვერდის ავლის გამკაცრებაზე) დიდი ხანია საუბარია, მაგრამ ადვილი არაა, არიან მესამე ქვეყნები მაგალითად ცენტრალური აზიის, მათ შორის საქართველო და სხვები, რომლებიც პირდაპირ არ არიან ჩართულები და ამათზე ვეროკავშირი პირდაპირ ზეგავლენას ვერ მოახდენს, მათზე დიდი ბერკეტები არ აქვს. ჯერჯერობით ბუნდივანია თუ ამის აღკვეთა როგორ უნდა მოხდეს", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×