ნაზი ბერიძე
17.05.2023

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამორიცხავს რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ აღიაროს, უკრაინაში მისი ბრალდებული დანაშაულებისთვის.

სამშაბათს ჩინეთის სენატის ასიგნებების კომიტეტში მოსმენისას სენატორმა ლინდსი გრემმა ჰკითხა ბლინკენს: „არასდროს აპირებთ რუსეთის სახელმწიფოს ტერორიზმის დამფინანსებლად აღიარებას არა? ბლინკენმა სწრაფად უპასუხა: „არასოდეს თქვა არასოდეს".

ბლინკენმა მოსმენაზე ხაზი გაუსვა იმ სანქციებს, რომლებიც აშშ-მა დაუწესა რუსეთს.

კანონმდებლები და უკრაინელი ოფიციალური პირები არაერთხელ ახდენდნენ ზეწოლას ბაიდენის ადმინისტრაციაზე, რათა დაესახელებინათ რუსეთი ტერორის სახელმწიფო სპონსორად, მაგრამ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ქმედება არ განახორციელა არასასურველი შედეგების გამო. თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ აღიარება მთლიანად შეაჩერებს რუსეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას და პრობლემები შეიქნება ისეთ პარტნიორებთან სავაჭრო ასპექტი როგორიცაა, მაგალითად ინდოეთი.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთის ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ აღიარება, მიუხედავად იმისა რომ ის ამას იმსახურებს, შექმნის ბირთვული სახელმწიფოების დაპირისპირების საფრთხეს.

„ერთის მხრივ რუსეთი ნამდვილად აწარმოებს სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკას იმიტომ რომ ჯერ კიდევ 1984 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 39/153 სახელმწიფო ტერორიზმის შესახებ, სადაც საუბარია რომ სახელმწიფო ტერორიზმად შეიძლება განიხილებოდეს ისეთი ქმედება, რომელსაც ხელს უწყობს კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლება კონკრეტულ ტერორისტულ ქმედებებს.

„რუსეთი ამ შემთხვევაში ახორციელებს ტერორს თავისი ქმედებით და პლუს გააჩნია მცდელობა რომ განახორციელოს გენოციდი უკრაინელი ერის წინააღმდეგ. ამიტომაც ერთის მხრივ რუსეთი ნამდვილად არის ტერირისტული სახელმწიფო.

„რაც შეეხება იმას რომ თუ რუსეთი აღიარებულ იქნა ტერორისტულ სახელმწიფოდ, ბუნებრივია, აღნიშნული უფრო დაძაბავს ვითარებას, შეიძლება დაისვას საკითხი რომ რუსეთი გარიცხულ იქნეს უშიშროების საბჭოდან და საერთოდ გარიცხულ იქნეს გაეროდან.

„შესაძლებელია ამას მოჰყვეს ამერიკა რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა უარეს შემთხვევაში და შეიძლება კიდევ უფრო დაპირისპირების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ეს ორი ბირთვული სახელმწიფო. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ამერიკა და რუსეთი ერთობლივად ფლობენ მსოფლიოში არსებული ბირთვული პოტენციალის დაახლოებით 90%-ს.

„რამდენად მიიღებენ ამერიკაში მსგავს გადაწყვეტილებას, ეს დამოკიდებულია კონგრესის გადაწყვეტილებაზე. იქაც არის აზრთა სხვადასხვაობა. შეიძლება რუსეთი ბოლომდე არ აღიარონ ტერორისტულ სახელმწიფოდ, მაგრამ მიიღონ რეზოლუცია, რომ რუსეთი ახორციელებს სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკას" - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს რომ საქართველოზე რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადება დიდ გავლენას ვერ მოახდენს მაგრამ ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება თვითონ რუსეთისთვის საგარეო ურთიერთობებში წაყვან სახელმწიფოებთან, ასევე აღნიშნული გადაწყვეტილება არ იქნება სახარბიელო ამერიკელი აქტორებისა და საზოგადოებისთვის.

„რაც შეეხება რუსეთს, ეს მისთვის საკმაოდ სერიოზული დარტყმა იქნება, იმიტომ რომ შეზღუდავს რუსეთის ურთიერთობებს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან, ასეთ სახელმწიფოებად გამოცხადებულია ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ამ ქვეყნებისადმი ამერიკის დამოკიდებულება კი ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. დაახლოებით ამ რიგებში ჩადგება რუსეთიც. თუმცა რუსეთის ავტორიტეტი დიდად არ არი მაღალი ამ ქვეყნების გავლენაზე , მაგრამ ეს კიდევ ერთი სერიოზული, დამღა იქნება რუსეთის ავტორიტეტისათვის.

„თუ რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ გამოცხადდა, თუ ეს მოხდა, ამას სწორედ ამერიკა აცხადებს და ის შეზღუდვები რაც დაწესდება რუსეთთან ურთიერთობაში, ესე იგი მისთვის მისაღებია. მაგრამ ამგვარი გადაწყვეტილება, კიდევ უფრო შეზღუდავს ამერიკული კომპანიების, ამერიკული დაწესებულებების და ამერიკის საზოგადოების ურთიერთობებს რუს პარტნიორებთან-განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×