თამთა ჩაჩანიძე
14.05.2023

ომის განმავლობაში პირველად, 12-13 მაისს უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ლუგანსკში, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 150 კმ-ში მდებარეობს, უზუსტესი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. გარდა ამისა, უკრაინელებმა ერთ დღეში ორი რუსული საბრძოლო ვერტმფრენი და ორი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, თანაც რუსეთის საჰაერო სივრცეში. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთმა სრულად დაკარგა ჰაერში დომინაცია. ამის პარალელურად კი ბახმუტში რუსული ნაწილების მდგომარეობა სულ უფრო კრიტიკული ხდება, რაზეც რუსული სარდლობის ოფიციალური ცნობებიც მიანიშნებს.

რუსულმა მხარე უკვე ოფიციალურად დაადასტურა ლუგანსკზე თავდასხმა და ამასთან განაცხადეს, რომ გამოყენებული იქნა ბრიტანული ფრთოსანი რაკეტები „Storm Shadow", რომლებიც უკრაინამ ახლახანს მიიღო. მათი მოქმედების რადიუსი 250 კმ-ს აღემატება, რაც უკრაინელებს საშალებას მისცემს მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში მდებარე სამხედრო საწყობებსა და სამეთაურო პუნქტებზე ეფექტური წერტილოვანი დარტყმები განახორციელოს. ეს კი, თავის მხრივ, რუსებს სხვა ყველაფერთან ერთად სერიოზულ ლოჯისტიკურ პრობლემებს შეუქმნის, რადგანაც იძულებული გახდებიან უფრო ღრმად გადაიტანონ საკვანძო სამხედრო ობიექტები. გარდა ამისა, ამ რაკეტებით უკრაინელებს უკვე შეუძლიათ ყირიმის ნახევარკუნძულსაც მისწვდნენ.

რაც შეეხებ ბახმუტს, უშუალოდ ქალაქში რუსები ჯერჯერობით პოზიციებს ინარჩუნებენ, თუმცა ბახმუტის შემოგარენში უკრაინელებს სერიოზული წინსვლა აქვთ. ბოლო დღეებში მათ დაახლოებით 17 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს.

„ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ შეიძლება უკრაინელებმა მისი დაჯგუფება ალყაში მოაქციონ. მისი თქმით, „ვაგნერი" ქალაქში პოზიციებს ინარჩუნებს და ბახმუტზე სრული კონტროლის დასამყარებლად დაახლოებით 625 მეტრით წინ წაწევა სჭრდებათ. თუმცა მათი ფლანგები, რომელსაც რუსული არმიის რეგულარული ნაწილები იცავდნენ, პრაქტიკულად ჩამოშლის ზღვარზეა. ეს კი „ვაგნერის" ალყაში მოქცევის საფრთხეს ქმნის.

სამხედრო ანალიტიკოსებიც ამას არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ შესაძლოა სტალინგრადის სცენარი განმეორდეს და ბახმუტში რუსების დამარცხებამ გარდამტეხი გავლენა იქონიოს ომის მსვლელობაზე.

შორი რადიუსის რაკეტების ეფექტი

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები „Storm Shadow" გადასცა, რომელთა მოქმედების დიაპაზონი 250 კილომეტრს აღემატება. ინფორმაცია ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა დაადასტურა.

12 მაისს ორი საჰაერო დარტყმა განხორციელდა ოკუპირებულ ლუგანსკში მდებარე ერთ-ერთი ქარხნის შენობაზე და მეორე საჰაერო დარტყმა თითქმის იმავდროულად პოლიციის აკადემიაზე.

ამასთან, რუსული სამთავრობო მედია ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსეთის ბრიანსკის ოლქში 13 მაისს რუსეთის კოსმოსურმა-საჰაერო ძალებმა ერთი ავიაჯგუფი, ანუ 2 ვერტმფრენი და 2 ავიაგამანადგურებელი დაკარგა. მათი ცნობით, ჩამოვარდა ორი „მი-8" ტიპის ვერტმფრენი და თითო „სუ-34" და „სუ-35".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ უკრაინელებს ბრიტანული რაკეტების გამოყენებით ახლა რეალური საშუალება ეძლევათ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები გაათავისულონ.

„არ მგონია, რომ უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიები დაბომბონ. ისინი იმ ოკუპირებულ ტერიტორიუებს დაარტყამენ, სადაც რუსებს თავიანთი ლოჯისტიკური მართვის ცენტრები და ზურგის ინფრასტრუქტურა აქვთ განთავსებული. ამ იარაღს ყირიმშიც გამოიყენებენ, სადაც რუსეთს საკმაოდ სერიოზული სამხედო კომუნიკაციები აქვს და ესაა ერთ-ერთი პლაცდარმი უკრაინის შიდა ტერიტორიებზე შეჭრისთვის. მათ ასეთი ფუფუნება ადრე არ ჰქონდათ. რუსეთის შეიარაღებული ძალები იგივე ლუგანსკში სპეციალური ტიპის ბუნკერებსაც კი ტესტავენ, რომლითაც დარტყმებს გაუძლებენ, ასეთ დონეზე აქვთ საქმე.

„ამ შეიარაღებით უკრაინისთვის უფრო რეალური გახდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნონ. ამჟამად შემდგომი შეტევის მოსამზადებელი ეტაპია და ბრიტანული შეიარაღება ამაში ძალიან დაეხმარება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

როგორც სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რეადაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, მოსალოდნელია, რომ უკრაინელთა სარაკეტო შეტევები გაგრძელდება.

„ამერიკელებისგან განსხვავებით, დიდ ბრიტანეთმა უკრაინელებს არანაკლებ 300 კმ სიშორეზე მოქმედი „Storm Shadow" გადასცა და ეს ნიშნავს, რომ უკრაინის არმიას საშუალება მიეცა რუსი ოკუპანტების ღრმა ზურგში წერტილოვანი დარტყმები განახორციელოს.

„ეს თანამედროვე სახის ფრთოსანი რაკეტაა, რომელსაც თვითმფრინავიდან უშვებენ. არსებობს გაშვების ვარიანტები როგორც საღვაო ხომალდიდან, ისე წყალქვეშა ნავიდან. სავარაუდოდ, რაკეტების გაშვება „სუ-24 ფ" ტიპის საფრონტო ბომბდამშენებიდან ხდება, რომელიც უკრაინას ჰქონდა, თუმცა მათი მოდერნიზაცია პოლონეთში მოხდა, რომ ამ რაკეტების გაშვება შესაძლებელი ყოფილიყო.

„როგორც კი დიდმა ბრიტანეთმა რამდენიმე დღის წინ ფრთოსანი რაკეტების გადაცემა ოფიციალიურად აღიარა, ზელენსკიმ კი ბრიტანეთის პრემიერ სუნაკს მადლობა გადაუხადა, მეორე დღითვე 12 მაისს ოკუპირებულ ლუგანსკში ორი ასეთი რაკეტა გამოიყენეს, რომელიც ფრონტის ხაზიდან 150 კმ-ითაა დაცილებული, რასაც მანამდე ვერ წვდებოდნენ.

„მსგავსი შეტევა 13 მაისსაც გაგრძელდა და ეტყობა, რომ კიდევ გაგრძელდება. ახლა მოსალოდნელია, რომ უკრაინელები ამ ზუსტ ფრთოსან რაკეტებს ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის ყურეში იმ რუსული სამხედრო ხომალდების წინააღდეგ გამოიყენებენ, რომლებიც უკვე მეთხუთმეტე თვეა ფრთოსანი რაკეტებით ბომბავენ უკრაინულ ქალქებს", -განაცხადა ალადაშვილმა „რეზონანსთან".

მოაქცევენ თუ არა „ვაგნერს" ალყაში

რუსებს ბახმუტში სიტუაცია რთულად აქვთ და შეასძლოა უახლოეს დღეებში დიდი გარდატეხა ვიხილოთ, რაც ბრძოლის მსვლელობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს, რომ რომ ბახმუტთან საბრძოლო მოქმედებებისას ორი მაღალი რანგის ოფიცერი დაეღუპათ. ეს პირველი შემთხვევაა - ომის დაწყების შემდეგ მსგავსი დანაკარგის შესახებ განცხადება რუსებს აქამდე არ გაუკეთებიათ.

ოფიციალური ცნობის თანახმად, ბახმუტში უკრაინული არმიის შეტევის მოგერიებისას დაიღუპნენ მე-4 მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ვიაჩესლავ მაკაროვი და საარმიო კორპუსის მეთაურის მოადგილე სამხედრო-პოლიტიკური მომზადების საკითხებში, პოლკოვნიკი ევგენი ბროვკო.

ამასთან, რუსი „ვაგნერის" ხემლმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ ბახმუტში მისი ძალების ალყაში მოქცევის დიდი საფრთხე არსებობს.

„არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ფლანგების გარღვევის შემთხვევაში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი" ბახმუტში ალყაში მოექცევა. ფლანგები კი უკვე იბზარება და ირღვევა", - თქვა პრიგოჟინმა.

მისივე განცხადებით, ე.წ. „ბახმუტის ხორცსაკეპმა", ანუ სამხედრო ოპერაციამ, რომლის მიზანიც უკრაინის შეიარაღებული ძალების გამოფიტვა და კონტრიერიშის მომზადებაში ხელის შეშლა იყო, ეფექტიანობა 2023 წლის აპრილ-მაისში დაკარგა. პრიგოჟინის შეფასებით, ეს სავალალო შედეგი გამოიწვია შიდა კონკურენციამ რუსულ დანაყოფებს შორის და მათ „ვაგნერის" საბრძოლო პოტენციალის გამოფიტვა დაიწყეს. პრიგოჟინი ამბობს, თუ არ მიაწვდიან საჭირო საბრძოლო მასალას, „ხორცსაკეპი" საპირისპირო მიმართულებით იმოქმედებს.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" არ გამორიხავს, რომ ბახმუტში სტალინგრადის სცენარი განმეორდეს.

„უკრაინას საშუალება ეძლევა, რომ ბახმუტს ფლანგებიდან შეუტიოს, იქ მყოფი „ვაგნერი" და სხვა დაჯგუფებები „ტომარაში" მოაქციოს და გაანადგუროს კიდეც. „ვაგნერმა" იქ საკმაოდ სერიოზული სამხედრო ძალის კონცენტრაცია განახორციელა და ბუნებრივია, რომ ოპერატიულ ტომარაში მოქცევა ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია და თუ უკრაინელებმა მოახერხეს, ეს სერიოზული გარდატეხა და შეტევისთვის ძალიან კარგი წინაპირობა იქნება.

„რუსების განცხადებები მიგვანიშნებს, რომ მათ ბახმუტში უჭირთ. ფლანგებიდან შემოვლის თვალსაზრისით უკრაინას საკმაოდ სერიოზული წინსვლა აქვს. შესაძლოა სტალინგრადის სცენარიც განმეორდეს, თუმცა, უფრო კურსკის ბრძოლას შევადარებდი", - განაცხადა მაისაიამ.

ირალი ალადაშვილი კი აცხადებს, რომ უკრაინელებმა ჩრდილოეთიდეან და სამხრეთიდან 3 კილომეტრით წინ წაიწიეს და „ვაგნერს" ალყაში მოცევის საფრთხე მართლაც აქვს.

„უკრაინელებმა ბოლო ორი დღეა ბახმუტთან გარვეულ წარმატებებს მიაღწიეს, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ფლანგებზე ცოტა წინ წაიწიეს. დაახლოებით 3 კილომეტრზეა საუბარი და თუ ეს შეტევა განვითარდა, ნიშნავს, რომ შანსი აქვთ ბახმუტში „ვაგნერი" ალყაში მოაქციონ", - განაცხადა ალადაშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×