თამთა ჩაჩანიძე
04.04.2023

„კადიროველები" მოსკოვის მცხოვრებლებს ომით დაემუქრნენ. თავად ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვმაც საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა. უკმაყოფილებისა და დაძაბულობის მიზეზი მოსკოვში დაგეგმილი მეჩეთის მშენებლობაა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობისა და სასულიერო პირების ნაწილი ეწინააღმდეგება.

სამშაბათს სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი ვიდეო გავრცელდა, სადაც შეიარაღებული პირები, სავარაუდოდ „კადიროველები", რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს ნამდვილი ომით ემუქრებიან. მათი თქმით, მოსკოველები, რომლებიც მეჩეთის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, რუსეთში ეთნიკურ სიძულვილს აღვივებენ და შესაბამისად, ისინი ან უნდა დააპატიმრონ, ან „განადგურდნენ".

„გაფრთხილებთ! თუ უზენაესის ნებას ეწინააღმდეგებით, ჩვენც თქვენთან ვიომებთ. ჩვენთვის სულერთია ვის წინააღმდეგ ვიბრძლებთ", - ამბობს ვიდეოში ერთ-ერთი შეიარაღებული „კადიროველი".

მეჩეთი, რომლის მშენებლობაც მოსკოვშია დაგეგმილი, პროექტის თანახმად, უდიდესი იქნება ევროპაში. თუმცა, 2023 წლის თებერვლიდან მოსკოვში დაიწყო ცხარე დისკუსიები ამ მეჩეთის მშენებლობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მეჩეტისთვის შერჩეული ადგილი - კოსინო უხტომსკის რაიონი, სადაც უკვე დგას რუსული მართლმადიდებლური ტაძარი და იქვე მდებარეობს წმინდა ტბა, რომელსაც ადგილობრივი მორწმუნე ქრისტიანები განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ.

რუსული მედიის თანახმად, მშენებლობას ათასობით ადამიანი ეწინააღმდეგება. მათ რამდენიმე აქციაც გამართეს. ერთმა უცნობმა მამაკაცმა კი მეჩეთის მშენებლობის ადგილზე მიწაში ღორის თავიც დამარხა.

12 მარტს მოსკოველებმა მშენებლობის წინააღმდეგ მასშტაბური ლოცვა გამართეს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ახალ მეჩეთში ლტოლვილები და მიგრანტები მოიყრიან თავს, რაც კრიმინალურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

რუსეთის უმაღლესი მუფთის მოადგილემ კი განაცხადა, რომ მოსკოვში მეჩეთი აუცილებლად უნდა აშნდეს, რადგან რუსეთის დედაქალაქში უკვე მილიონზე მეტი მუსლიმი ცხოვრობს.

მოსკოვში მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს თავის მხრივ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საკუთარ „ტელეგრამ" არხზე 3 აპრილს გამოეხმაურა. მან მეჩეთის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მშიშრები და პროვოკატორები უწოდა.

„თუ ამ მიტინგის ყველა მონაწილეს მთელი სულითა და გულით რუსული მიწის დაცვის იდეა გაუჩნდა, მაშინ ავტომატით გადადით სანგრებში.

„ასეთი წამქეზებლები ან მობილიზებულები უნდა იყვნენ, რათა მთელი თავისი რისხვა მტერზე მიმართონ, ან გაიგზავნონ სასამართლოზე, როგორც ინფორმაციული დივერსანტები, რომლებიც სატანისტების სასარგებლოდ მოქმედებენ", - განაცხადა კადიროვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×