რეზონანსი
29.04.2024

არაერთხელ გვითქვამს, რომ გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რათა ქვეყანამ აიცილოს საფრთხეები. მსგავსი ტიპის საჭიროებებზე საუბრობენ სხვა ქვეყნებშიც, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარეობს.

„ქვეყანას, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული, აქვს უსაფრთხოების უამრავი გამოწვევა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ გამჭვირვალობა არის ერთადერთი, ერთ-ერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ქვეყანამ აიცილოს საფრთხეები. მსგავსი ტიპის საჭიროებებზე საუბრობენ სხვა ქვეყნებშიც. შესაბამისად, საკითხი და პრობლემა აწუხებს ყველას, არა მარტო ჩვენ, არამედ ბევრ განვითარებულ ქვეყანას. ამ საკითხის გარშემო მიმდინარეობს დიალოგი და არავინ უარყოფს. თავად ევროკავშირიც კი მუშაობს ამ საკითხზე. ევროკომისიამ მოამზადა კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც მსგავსი ტიპის გამოწვევების გამკლავებისთვის არის საპრევენციო, სამართლებრივი მექანიზმი, რომელზეც მომავალში გააგრძელებენ მუშაობას. შესაბამისად, გაუგებარი და პრობლემური არ უნდა იყოს, რადგან ეს გამოწვევები აქვს ყველას, მათ შორის ჩვენც.

გამოწვევების დასაძლევად კონკრეტული მექანიზმი შემოვიღეთ, რომელზეც გვინდა, პარტნიორებმა მეტი კონსულტაცია გამართონ ჩვენთან. ჩვენ, ერთი მხრივ, ვაფიქსირებთ კონკრეტული მექანიზმების საჭიროებას, რომლებზეც, ხშირ შემთხვევაში, გვაქვს გაგება პარტნიორების მხრიდან და გვინდა, მათთან ერთად შევქმნათ კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც დაიცავს ქვეყანას.

ჩვენ ვემზადებით 2030 წლისთვის, მაშინ, როდესაც ევროპული ოჯახი მზად იქნება გაფართოებისთვის. საქართველოს ბევრი კანონი აქვს მისაღები და ბევრიც გასაუქმებელი მაშინ, როდესაც ჩვენი საბოლოო წევრობა დადგება დღის წესრიგში. შესაბამისად, ჩვენ ამისთვის ვემზადებით. გვინდა, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი მომზადებული ქვეყანა 2030 წელს, როდესაც, დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა გაფართოების საკითხი იქნება საბოლოოდ გადაწყვეტილი. დარწმუნებული ვართ, ამ ოჯახში გაწევრიანებით არა მარტო ჩვენ მივიღებთ სარგებელს, არამედ ამ ოჯახსაც მოვუტანთ სარგებელს ჩვენი საბოლოო წევრობით, რომელიც ჩვენთვის მთავარი მიზანია", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×