თამთა ჩაჩანიძე
31.03.2023

მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ მხარი დაუჭირა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას, თავად ტრამპმა ამ გადაწყვეტილებას „პოლიტიკური დევნა და არჩევნებში ჩარევა" უწოდა. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, არაა გამორიცხული, რომ ამას პროტესტი და სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვეს, ასევე დაპირისპირება გამორიცხული არაა რესპუბლიკურ პარტიაშიც.

მანჰეტენის პროკურორი ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოში გამოცხადებას ბრალის წარდგენის მიზნით უახლოეს დღეებში მოითხოვს. პროკურორმა, ალვინ ბრაგმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები პორნომსახიობ სტორმი დენიელზისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც წყაროების თანახმად, მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო.

დონალდ ტრამპმა ასეთი ურთიერთობის ფაქტი უარყო და მისმა ადვოკატმა დანიელზს, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია, ბრალი გამოძალვაში დასდო.

„ვფიქრობ, რომ კუდიანებზე ნადირობა უკან შემოუბრუნდება ჯო ბაიდენს. ამერიკელი ხალხი კარგად ხვდება, რას აკეთებენ რადიკალი მემარცხენე დემოკრატები. ყველა ხედავს ამას. ამიტომ ჩვენი მოძრაობა და პარტია არის ძლიერი და ერთიანი",- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტრამპის დაჭერას მისი მომხრეებისგან პროტესტი მოჰყვება.

„ტრამის დაჭერას მისი მომხრეებისგან ალბათ პროტესტი მოჰყვება და შესაძლოა რესპუბლიკურ პარტიაში გარკვეული დაპირისპირებაც კი გამოიწვიოს, რადგან ტრამპი მისი ერთ-ერთი ფრთის ხელმძღვანელად ითვლება. ამას მომავალი არჩენებისთვის რესპუბლიკურ პარტიაზე გავლენა ექნება, რადგან შიგნით პარტიაში ტრამპის ფრთა საკმაოდ ძლიერი იყო. ახლა საინტერესოა ერთი რამ, რომ დაიჭერენ ამას მისი მარგინალიზაცია მოჰყვება თუ მისი მომხრეები გმირად შერაცხავენ, გააჩნია ამას ამერიკული საზოგადოება როგორ აღიქვამს, რამდენად დამაჯერებელი ბრალდებები იქნება და ა.შ.", - განაცხადა კაკაჩიამ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი საერთოდ ამერიკაში სამოქალაქო დაპირისპირებას ვარაუდობს.

„ამერიკულ ე.წ. დემოკრატიულ პროცესებში ეს სამარცხვინო პრეცენდენტია. სამწუხაროა, რომ ტრამპს ბრალდებებს იმ საქმეებში უყენებენ, რომელიც კრიმინალური არაა. ეს თავის დროზე ფედერალურმა საარჩევნო კომისიამ აღიარა, ანუ მას ბრალი პორნოვარსკვლავმა წაუყენა იმისთვის, რომ ტრამპთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. ტრამპი ამას უარყოფს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ 2016 წელს საარჩევნო პროცესი იყო, თანხის გადახდით გააჩუმებინა. ეს ჰოლივუდში, ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში ჩვეული პრაქტიკაა, რაც ხანგრძლივი მოკვლევის მერე ფედერალურმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა.

„ეს წმინდა პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია, რასაც საქართველოში კი არა ამერიკელი პოლიტიკური აქტორები ამბობენ, როგორც მაიკ პენსი, ასევე ფლორიდის გუბერნატორი, რომ საქმის პროკურორი სოროსის მიერ დაფინანსებულია.

„ტრამპს თუ გაასამართლებენ, ამერიკაში მორიგი სამოქალაქო დაპირისპირება მოხდება, რაც ყველასთვის დამანგრეველია. ეს აისახება როგორც საქართველო-ამერიკის, ისე ევროპა-ამერიკის ურთიერთობაში. ეს არ უნდა მოხდეს. ბრალდების წაყენება და ანგარიშგება სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს, მაგრამ როგორც რესპუბლიკელი წონადი პოლიტიკოსები ამბობენ, თურმე ამერიკაში პოლიტიკური დევნის ნიშნები ყოფილა და ამის მერე საქართველოს, რომ ე.წ. ლექციებს უკითხავენ, ეს სასაცილო თუ არა, სატირალია", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×