ნაზი ბერიძე
31.03.2023

აშშ-ს განცხადებით, რუსეთი აპირებს ოფიციალური დელეგაციის გაგზავნას ფხენიანში, რათა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს შესთავაზოს საკვები, რომელიც კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას მუდმივად სჭირდება, იარაღის სანაცვლოდ, რაც უკრაინაში ომის საწარმოებლად მოსკოვს არ ჰყოფნის.

პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ნებისმიერი გარიგება, იარაღის ჩათვლით, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევა იქნება.

აქამდე შეერთებულმა შტატებმა უკვე დაადანაშაულა კომუნისტური კორეა რუსული სამხედროებისა და ადგილობრივი საბრძოლო კომპანია ვაგნერის დაქირავებული მებრძოლებისთვის იარაღის მიწოდებაში, ხოლო ფხენიანმა მტკიცედ უარყო ეს ბრალდებები.

შეერთებულმა შტატებმა მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთმა დაიწყო ჭურვების ყიდვა კორეიდან. ჩრდილოეთ კორეამ კი ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა ექსპერტებს ფხენიანის არ სჯერათ.

როგორც ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე თქვა, ახლა ვაშინგტონს აქვს ახალი ინფორმაცია მოსკოვსა და ფხენიანს შორის შესაძლო გარიგების შესახებ.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი აპირებს გაგზავნოს დელეგაცია ჩრდილოეთ კორეაში და შესთავაზოს მათ საკვები საბრძოლო იარაღის სანაცვლოდ," - განაცხადა კირბიმ. მისივე თქმით, შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება განვითარებულ მოვლენებს.

მანამდე, ხუთშაბათს, აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტმა შავ სიაში შეიყვანა სლოვაკეთის მოქალაქე აშოტ მკრტიჩევი, რომელიც შუამავალი იყო მოსკოვსა და ფხენიანს შორის მოლაპარაკებებში. დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მკრტიჩოვმა უკვე არაერთი გარიგების დადება მოახერხა და იარაღის მიწოდების საშუალება შექმნა რუსეთისთვის. როგორც ამერიკა აცხადებს, რუსეთში იარაღის გაგზავნა ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს და 2023 წლის დასაწყისში მოხდა, სამოქალაქო თვითმფრინავების, საქონლისა და ნედლეულის სანაცვლოდ.

რუსეთი ეძებს საბრძოლო იარაღს, რაც მისთვის ასე აუცილებელია უკრაინაში ომის გასაგრძელებლად, დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების გამო. მოსკოვი სულ უფრო მეტად იძულებულია დახმარებისთვის მიმართოს რამდენიმე მეგობარ სახელმწიფოს, როგორიცაა კორეა და ირანი.

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამ საკითხზე საუბრისას აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეას დიდი არჩევანი ამ თვალსაზრისით არა აქვს, ისედაც არის უმძიმესი საერთაშორისო სანქციების ქვეშ და იზოლირებულია საერთაშორისო თანამეგობრობისგან. შესაბამისად, მსგავსი გარიგება შეიძლება მართლაც არსებობდეს, და შესაძლოა კორეა დაეხმაროს რუსეთს.

„თუ რუსეთი ისეთ რამეს შესთავაზებს, რომელიც ასე ვთქვათ მისთვის იქნება მომგებიანი, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ ის ამაზე წამოვიდეს და იარაღის ნაწილი რაღაცნაირად დაუთმოს კიდეც. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ იარაღის დიდი რაოდენობა ვერ იქნება მიწოდებული, რაც მოსკოვს სჭირდება იმიტომ რომ თვითონ ჩრდილოეთ კორეასაც საკმაოდ მწირი რესურსები აქვს. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ კორეას როგორი დაძაბული ურთიერთობა აქვს მეზობლებთან, მათ შორის სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან. დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდებაზე საუბარი ზედმეტია, იმიტომ, რომ თვითონ მასაც სჭირდება და ბუნებრივია ამას ვერ იყიდის, რადგან სანქციების ქვეშაა. შესაძლებელია რაღაც შეზღუდული რაოდენობა მიაწოდოს, მაგრამ მთლიანად თავის იარაღს ვერ გაბედავს. ეს არის ტიპიური ტოტალიტარული რეჟიმი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამხედრო ძლიერება რაღაცნაირად შეინარჩუნოს რეგიონში.

„რუსეთი მსგავს იარაღს იძენს სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად აფრიკის ქვეყნებში. ასე რომ, რუსები გამალებით ეძებენ იარაღს სადაც კი შესაძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ეს დღეს სჭირდებათ.

ცხადია, ეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევა იქნება. შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტმა იმდენად მაცდუნებელი წინადადება უნდა წარუდგინოს ფხენიანს, რომ მას უღირდეს ამ სახის დარღვევაზე წასვლა. კორეის დახმარება ომში გარდატეხას ვერ მოახდენს, რადგან კორეას არ აქვს თანამედროვე იარაღი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×