ნაზი ბერიძე
17.03.2023

„ბახმუტი გახდა რაღაცა იდეაფიქსი ორივე მხარისათვის. რუსებს რადაც არ უნდა დაუჯდეთ უნდათ რომ აიღონ, უკრაინელებს რადაც არ უნდა დაუჯდეთ უნდათ რომ არ დაუთმონ. რუსები უკვე ქალაქში არიან - ბრძოლები ქალაქის ცენტრში მიდის," - აცხადებს „რეზონანსთან" გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეების სამხედრო შესაძლებლობებზე და ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც საუბრობს.

„რუსეთი ცდილობს რომ ფართო ფრონტზე იქონიოს აქტივობა, რაც მას ხელს უწყობს, უკრაინის ძალები მიაჯაჭვოს ამ მიმართულებებს, მაგრამ კონცენტრაცია არის მაინც ბახმუტის მიმართულებაზე. ასევე რუსები გააქტიურდნენ ბახმუტის ჩრდილოეთით, სოლედარიდან რამდენიმე კილომეტრით წინ წაიწიეს, თუმცა არა დიდ სიღრმეზე. შესაბამისად, რომ გითხრათ რომ რუსებს რაღაც დიდი უპირატესობა აქვთ მოპოვებული, არ იქნება სწორი. ისევ გრძელდება ბრძოლები ბახმუტისთვის, რუსები ცდილობენ რომ ბახმუტი მოაქციონ ალყაში, გარკვეულწილად ამას ისინი ახერხებენ, თუმცა ნელა.

„ბახმუტში ჩემი მონაცემებით, ძირითადად მაინც უკრაინელების მხრიდან არის მექანიზირებული ბრიგადა ჩართული დაპირისპირებაში, ასევე სხვა რამდენიმე დანაყოფი. როგორც იძახიან, სადღაც ათი ათასის ფარგლებში არის უკრაინელების სამხედრო ძალები ბახმუტის რაიონში და მის სიახლოვეს. ყველა მომარაგების გზები ფაქტიურად მოჭრილი აქვთ, სადაც უკრაინელები ახერხებენ, ისიც პერიოდულად, მომარაგების განხორციელებას, ეს მიმართულება უკვე რუსეთის მხრიდან ცეცხლის ზემოქმედების არეალში იმყოფება. ჩემი აზრით, თუ რაიმე ცვლილება არ მოხდა, რუსები ბახმუტის აღებას ალბათ შეძლებენ. ოღონდ მალე არა.

„ამასთან, როგორც ჩემთვის ცნობილია, უკრაინელებმა შექმნეს ოთხი დაჯგუფება, რაოდენობას ვერ გეტყვით, რომელიც ემზადება ბახმუტის მიმართულებით შეტევის განხორციელებისთვის. ვნახოთ, რა იქნება. ბახმუტი გახდა რაღაცა იდეაფიქსი ორივე მხარისათვის. რუსებს რადაც არ უნდა დაუჯდეთ უნდათ რომ აიღონ, უკრაინელებს რადაც არ უნდა დაუჯდეთ უნდათ რომ არ დაუთმონ. რუსები უკვე ქალაქში არიან - ბრძოლები ქალაქის ცენტრში მიდის. უკრაინელებიც, თავის მხრივ, ახორციელებენ მობილიზებას, მათაც სჭირდებათ ახალი ძალები, ვინაიდან დანაკარგი მათი მხრიდანაც არ არის მცირე. ბახმუტი ფაქტობრივად ხორცსაკეპ მანქანად იქცა," - ამბობს გენერალი.

გარდა ამისა, ის ფიქრობს, რომ ბახმუტი აღების შემდეგ რუსებს არა აქვთ პოტენციალი, რაიმე გარღვევა მოახდინონ შეტევის ფრონტზე.

„ბახმუტის აღებით უკრაინის თავდაცვა ნამდვილად არ ჩამოიშლება, ბახმუტი მხოლოდ პირველი ზოლია თავდაცვის მიმართულებაზე, ამ ეტაპზე მათ სიღრმეშიც გააძლიერეს თავისი თავდაცვა. არა მგონია, რომ რუსებს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდეთ ბახმუტის აღების შემდეგ. ეს არის უბრალოდ მორალურ-ფსიქოლოგიური პოლიტიკური მიზანი. რუსებს აქვთ იმდენი სამხედრო რესურსი, რომ დაიცვან თავიანთი ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ არა აქვთ სამხედრო რესურსი, რომ განახორციელონ რამე მნიშვნელოვანი შეტევა," - ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

უკრაინის გენშტაბის ცნობით„ მტრის ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე. „გასული დღის განმავლობაში მტერმა მათზე 70-ზე მეტი შეტევა განახორციელა", - აცხადებენ გენშტაბში. უწყების ინფორმაციით, მტერი არ წყვეტს ქალაქ ბახმუტის შტურმის მცდელობებს. კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებითაც ისინი უკრაინელების თავდაცვის გარღვევას ცდილობენ.

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 5 სარაკეტო და 18 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ცეცხლი 73-ჯერ გახსნეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×