ბაჩანა ტყემალაძე
16.03.2023

ვაშინგტონი ელის, რომ კიევი მაისისთვის დიდი კონტრშეტევისთვის იქნება მზად. ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოეცმა „პოლიტიკოს" განუცხადა, რომ აშშ-ის დახმარების პაკეტები ბოლო ოთხი, ან ხუთი თვის განმავლობაში იმაზე იყო ფოკუსირებული, რომ უკრაინა კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მასშტაბური შეტევისათვის რუსებიც ემზადებიან და უკრაინელებმა უნდა იჩქარონ.

„პოლიტიკოს" წაყროს ცნობით, ასევე გამოიკვეთა უკრაინელთა შესაძლო კონტრშეტევის განვითარების ორი ვარიანტი: სამხრეთიდან ყირიმამდე, ან ჩრდილოეთიდან დონბასამდე. მაგრამ, „პოლიტიკოს" წყაროების მიხედვით, რუსეთმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვა გააძლიერა, ამიტომ შეტევის მეორა ვარიანტი უფრო სავარაუდოა.

ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარში უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა დააანონსა უკრაინის კონტრშეტევა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა კი მარტში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მომდევნო ორი თვის განამვლობაში მზად იქნებიან კონტრშეტევის დასაწყებად.

ამ ეტაპზე, „ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, კიევი პესიმისტურადაა განწყობილი შეტევასთან დაკავშირებით, რადგან მათ ჯერ არ აქვთ საკმარისი იარაღი და მებრძოლები, რადგან შეტევა ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს.

„პოლიტიკოს" ინფორმაციით, თებერვალში ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვდა, რომ კიევი შეტევისთვის მომზადებულიყო, სანამ დასავლეთი მათ სამხედრო დახმარებას უწევდა.

„როიტერსმა" კი აღნიშნა, რომ გაზაფხულის კლიმატის გამო გზები ტალახიანია, რაც აფერხებს ორივე მხარის წინსვლას.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ რუსეთი ძალიან დიდი შეტევისთვის ემზადება და ამიტომ უკრაინამ უნდა იჩქაროს, თორემ შეიძლება კონტრშეტევაზე გადასვლა რუსეთმა არც კი აცადოს.

„უკრაინის სამხედრო ძალებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათ გააჩნიათ კარგი შეტევის პოტენციალი, მაგრამ აქ მეორე მხარეცაა. მტერი მტერია, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსებმა გამოიტანეს დასკვნები საკუთარი შეცდომებისგან. უნდა ვაღიაროთ მათი სამხედრო ძლიერებაც ამ შემთხვევაში. თანაც პირველი აპრილიდან 400 000 ადამიანის მობილიზაციას აპირებენ. ეს იქნება საკონტრაქტო სამსახური, მაგრამ ჩათვალეთ, რომ იგივე მობილიზაციაა.

„ყველაფერს თუ დავამატებთ იმასაც, რომ 300 000 ჯარისკაცი უკვე მობილიზებული ჰყავთ ოკუპირებული დონბასის და ბელარუსის ტერიტორიაზე, ძალიან დიდ ძალას მივიღებთ.

„ჩემი აზრით, უკრაინამ უნდა იჩქაროს, რადგან პრაქტიკული ინიციატივა ჯერჯერობით რუსეთის ხელშია. კიევმა უფრო ადრე უნდა შეძლოს კონტრშეტევაზე გადასვლა. მე ვერც უარვყოფ და ვერც დაგიდასტურებთ, რომ მაისში დაიწყებენ უკრაინელები კონტრშეტევას, მაგრამ რუსეთი საკმაოდ დიდი შეტევისთვის ემზადება, არანაკლებ სერიოზული ძალების კონცენტრაცია ხორციელდება ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე.

„საბოლოოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ზაფხული იქნება ყველაზე ცხელი ორივე მხარისთვის და ამასთან, რუსეთიც და უკრაინაც გამოავლენენ ახალ ტაქტიკურ და ოპერატიულ შესაძლებლობებს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×