ბაჩანა ტყემალაძე
07.03.2023

ექვსი ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა ალიანსმა, თურქეთის ოპოზიციის პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატად „სახალხო რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლულ დაასახელა. თურქულ მედიაში „თურქი განდის" სახელით ცნობილი 74 წლის ქილიჩდაროღლუ ქემალისტურ, მემარცხენე-ცენტრისტულ სახალხო რესპუბლიკურ პარტიას 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

სანამ ოპოზიციური ალიანსი ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა, იგი დაშლის პირას იყო, რადგან „კარგი პარტიის" ლიდერი, მერალ აქშენერი, რომელიც თურქულ მემარჯვენე-ნაციონალისტურ ძალას წარმოადგენს, ერთიან კანდიდატად მხარს ანკარის მერს მანსურ იავაშს, ან სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს უჭერდა.

საბოლოოდ, სხვა პარტიებმა მერალ აქშენერის დარწმუნება მას შემდეგ შეძლეს, რაც „კარგი პარტიის" ხელმძღვანელმა წინადადება მიიღო, რომ ორი მერი ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტები გახდებიან. ამავდროულად ქემალ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ მის ვიცე-პრეზიდენტებად კოალიციაში შემავალი დანარჩენი ხუთი ოპოზიციური პარტიის ლიდერები დაინიშნებიან.

„ჩვენი მაგიდა მშვიდობის მაგიდაა. ჩვენი ერთადერთი მიზანია ქვეყნის აყვავება, მშვიდობისა და სიხარულის დამკვიდრება", - განაცხადა ქემალ ქილიჩდაროღლუმ.

საბოლოოდ, კოალიციის შეთანხმებაში დამატებით წერია, რომ ორი მერი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას კონკრეტული მოვალეობით მხოლოდ იმ დროს დაიკავებს, როცა ამას ქილიჩდაროღლუ ჩათვლის საჭიროდ.

ქემალ ქილიჩდაროღლუ პროფესიით ეკონომისტია. 2010 წლიდან იგი თურქეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და უმსხვილესი „რესპუბლიკური სახალხო პარტიის" ლიდერი გახლავთ.

მას საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს. 2002 წლიდან 2015 წლამდე იყო სტამბულის მეორე საარჩევნო ოლქის პარლამენტის წევრი და იზმირის მეორე საარჩევნო ოლქის დეპუტატი.

ქილიჩდაროღლუსა და სხვა პარტიების თანამშრომლობის ისტორია კი 2018 წლის არჩევნებიდან იწყება, როდესაც „სახალხო პარტიის" ლიდერმა და მერალ აქშენერმა დააარსეს „ნაციონალური ალიანსი", რომელსაც მალე შეუერთდნენ „ბედნიერების" და „დემოკრატიული" პარტიები.

2019 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე ქილიჩდაროღლუმ და აქშენერმა განაგრძეს პარტიებთან თანამშრომლობა, რის შედეგადაც სტამბოლისა და ანკარის მერის პოზიციაზე მათმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ქემალ ქილიჩდაროღლუ თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ქმედებებს ხშირად აკრიტიკებდა. მაგალითად, აშშ-ის ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მიცემულ ინტერვიუში მან დაგმო თურქეთის, როგორც შუამავლის როლი რუსეთსა და უკრაინას შორის და გააკრიტიკა თურქეთის „ბალანსის დიპლომატია", რის შემდეგაც განაცხადა, რომ თურქეთმა მხოლოდ უკრაინის მხარე უნდა დაიკავოს. ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ „თურქეთი ენერგეტიკული თვალსაზრისით რუსეთზე გახდა დამოკიდებული".

„რუსეთთან გგვაქვს ეკონომიკური ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკრაინის გვერდით უნდა დავდგეთ. მიუხედავად იმისა, რომ გავაგრძელებთ რუსეთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ გვინდა ვიყოთ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი", - თქვა ქემელ ქილიჩდაროღლუმ.

შეგახსენებთ, 2 მარტს გამართულ შეხვედრაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ, თუ ვის უნდა წარედგინა გაერთიანებული ოპოზიცია 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ 7 მარტის მონაცემებით, ექვსივე პარტიამ ერთხმად დაუჭირა მხარი ქემალ ქილიჩდაროღლუს კანდიდატს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×