რეზონანსი
26.04.2024

„საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 48% კაცია, ხოლო 52% ქალი.

სტატისტიკის თანახმადვე, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) - 64.3%-ს შეადგენს.

„2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.

2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207).

2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.5 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) - 64.3 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი - 16.2 პროცენტს.

2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 774.5 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ - 1 920.1 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი - ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით",- ნათქვამია ინფორმაციაში.

„საქსტატის" ინფორმაციითვე, წინა წელთან შედარებით, 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75.0 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის - 70.6 წელი, ხოლო ქალებისათვის - 79.4 წელი.

ამასთან, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×