რეზონანსი
27.12.2023

წამალი არის სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტი, რომელსაც პაციენტისათვის გააჩნია სასიცოცხლო დანიშნულება.  ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, მასში  უნდა დავინახოთ და შევაფასოთ ბიოლოგიური აქტივობა და უსაფრთხოობა.  თუმცა წამალს აქვს კომერციული ღირებულება, რაც, ხშირ შემთხვევაში,  უფრო  მიმზიდველი აღმოჩნდება ხოლმე ბიზნესმენებისათვის, ვიდრე მისი სასიცოცხლო ჩვენება.

ძნელი წარმოსადგენია სამყარო წამლების გარეშე. ეს “ჯადოსნური” ნივთიერებები რომ არა, ცხოვრება გაცილებით ტკივილიანი და ხანმოკლე იქნებოდა, მათი წყალობით კი სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა უფრო და უფრო იმატებს. წამლები ამცირებს ტკივილს, ებრძვის ინფექციას, აკონტროლებს და არეგულირებს წნევას, სისხლში შაქრის დონეს და ა.შ., თუმცა პარაცელსის შეგონება (შვეიცარიელი ექიმი, ფარმაცევტი, ფილოსოფოსი, ბუნებისმეტყველი)  „ ყველა წამალი შხამია და ყველა შხამი – წამალი“, დღესაც აქტუალურია. გავიხსენოთ თუნდაც უილიამ შექსპირის ნაწარმოებები, სადაც ამა თუ იმ ფორმით ასახულია, მისი გმირების ფიზიკური და სულიერი განცდების, კავშირი წამალთან - აფთიაქთან, ამა თუ იმ ნივთიერებასთან; ასევე პოემა-დრამა “რომეო და ჯულიეტა” (1591წ.),  ან აგატა კრისტის ცნობილი დეტექტიური რომანები, სადაც დეტალურად და პროფესიულად არის აღწერილი მოწამვლები სხვადასხვა შხამებით. აგატა კრისტი პირველი მსოფლიო ომის დროს, 4 წლის განმავლობაში მუშაობდა ჰოსპიტლის აფთიაქში ფარმაცევტ - ტექნიკოსად.

მიუხედავად იმისა, რომ პარაცელსის ამ შეგონებიდან ასწლეულები გავიდა, მას დღესაც არ დაუკარგავს თავისი აქტუალობა, პირიქით, სამკურნალო საშუალებათა არნახული მრავალფეროვნების ფონზე, მეტი მნიშვნელობა შეიძინა. დიახ, წამალი შესაძლოა საწამლავად გვექცეს, თუ არასწორ დროს, არასწორი დოზით, არასწორი ხანგრძლივობით გამოვიყენებთ, არასწორად შევინახავთ ან არასათანადო საკვებთან ერთად მივიღებთ.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე პაციენტების უზრუნველყოფა ეფექტიანი, ხარისხიანი  და უსაფრთხო სამკურნალწამლო საშუალებებით  უნდა განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფარმაცევტების მიერ.

როგორ არეგულირებს სახელმწიფო წამლის მიმოქცევის სფეროს ჩვენ ქვეყანაში და რამდენად თანხვედრაშია ევროკავშირის ქვეყნებთან?

სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროში წარმოქმნილ ურთიერთობებს  სახელმწიფო არეგულირებს შემდეგი  მექანიზმებით:

1.სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაცია;

1. სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროს ლიცენზირება;

2. სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროში მოღვაწე სპეციალისტების ატესტაცია და სერტიფიცირება;

3. სამკურნალო საშუალებების წარმოების, დამზადების, ხარისხის, ეფექტიანობის და უსაფრთხოობის სახელმწიფო კონტროლი;

4. სამკურნალო საშუალებებზე ფასის სახელმწიფო რეგულაცია.

თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ევროკავშირის ქვეყნებს მოსახლეობის წამლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საილუსტრაციოდ მოგვყავს ამონარიდი კოპენჰაგენის ევროფარმფორუმის  ყრილობის დეკლარაციიდან:

1. სამკურნალო საშუალება არ წარმოადგენს ვაჭრობის საგანს. აღნიშნულის თავიდან აცილების და მათი სათანადოდ გამოყენებისათვის ჯანდაცვის სფეროში აუცილებელია  პროფესიული კონტროლი სადისტრიბუციო პროცესის ყველა ეტაპზე.

2. ჯანდაცვის სფერო სათანადოდ უნდა იქნეს დაცული კანონმდებლობით დადგენილი წესით, სადაც მითითებული იქნება ფარმაცევტი, როგორც პასუხისმგებელი  ხელმძღვანელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტი, მიზანმიმართული პროფესიული საქმიანობის წარმართვას და ეთიკის ნორმების დაცვას.

3. ფარმაცევტს უნდა გააჩნდეს სრული მმართველობითი კონტროლი  ფარმაციის დარგში  და თავისუფალი გავლენა არაფარმაცევტი მესაკუთრეების მიმართ.

4.ფარმაცევტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს და აიღოს პასუხისმგებლობა რაციონალურ ფარმაკოთერაპიაზე, არა მხოლოდ ამბულატორიულ, არამედ სტაციონარულ ავადმყოფებზე. რეცეპტით გასაცემი წამლის შემთხვევაში ფარმაცევტი პასუხისმგებელია   დოზირების, გამოყენების წესის, რაციონალურობის, ქიმიური, ფარმაკოლოგიური შეუთავსებლობის და ა.შ. საკითხებზე.

როგორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დამოკიდებულება ქვეყანაში ფარმაცევტული დარგის განვითარებასთან დაკავშირებით.

ბოლო პერიოდში სამინისტრომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა  ჩვენი დარგის განვითარებისათვის და  მოსახლეობის  ეფექტიანი, ხარისხიანი და უსაფრთხო სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის, მათ შორის ეკონომიკური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. სამკურნალო საშუალებების საკმაოდ მრავალრიცხოვან ასორტიმენტზე დარეგულირდა ფასები და ეს პროცესი გრძელდება. 2023 წლიდან უკვე დაინერგა და მოქმედებს „კარგი წარმოების პრაქტიკისა“ და „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სტანდარტი“, რომლებიც შესაბამისობაშია ევროკავშირის  სტანდარტებთან.

რა ძირითადი ამოცანა დგას თანამედროვე აფთიაქის წინაშე და როგორია საზოგადოების დამოკიდებულება აფთიაქისა და აფთიაქარების - ფარმაცევტების მიმართ?

აფთიაქის ძირითადი  ამოცანა ყოველთვის იყო და არის  მოსახლეობის უზრუნველყოფა ეფექტიანი, ხარისხიანი  და უსაფრთხო სამკურნალო საშუალებებით, ასევე მნიშვნელოვანია კვალიფიციური, სრულფასოვანი და დროული ფარმაცევტული ზრუნვისა და დახმარების აღმოჩენა. სააფთიაქო მომსახურება არის ჯანდაცვის სისტემის ნაწილი, ფარმაცევტი არის ჯანდაცვის სისტემის პროფესიონალი. წამალზე გაზრდილი ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა, პირველ რიგში ჩვენ ქვეყანაში განხორციელებული ბოლოდროინდელი რეფორმების შედეგია. აღნიშნულის გამომხატველია ისიც, რომ ქვეყანა აფთიაქებითაა „დაქსელილი“. თუმცაღა ასეა სხვა ქვეყნებშიც, აფთიაქები არის ყველგან, ვატიკანშიც კი, სადაც 1000 მცხოვრებია. ვატიკანის აფთიაქი ადგილობრივი ღირსშესანიშნაობაცაა, სადაც თავს იყრის ტურისტები მთელი მსოფლიოდან. ვატიკანის აფთიაქი ყოველწლიურად ატარებს 200 000 მომხმარებელს.

რაც შეეხება ფარმაცევტს - მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება იყო, როგორც  საიდუმლოებით მოცული ცოდნის მქონე  პირი - ჯადოქარი, რომელსაც შეეძლო ავადმყოფის გადარჩენა.

ოთარ რამიშვილის უკვდავი ლექსი და სიმღერა „ფუტკარი, როგორც აფთიაქარი....“ რა გენიალური შედარებაა, ამასთან გამომხატველია დიდი შრომის, გონიერების და სიყვარულისა.

სალვადორ დალის ცნობილი ტილო “აფთიაქარი ამპრუდანიდან”, რეალური ამსახველია შემოქმედის მშობლიური ადგილისა - ამპრუდანის ხეობისა და აფთიაქარის, რომელიც ამზადებს სამკურნალო მცენარეებს.

აფთიაქებისა და ფარმაცევტების საქმიანობა ასახულია არა ერთ ფილმში, მათ შორის ქართულ ფილმებშიც.

ფარმაცევტების მიმართ საზოგადოების კეთილგანწყობისა და დაფასების, აგრეთვე მადლიერების გამოხატვაა ძეგლები სხვადასხვა ქვეყნებში, მაგ. გორში (საქართველო) კვებეკში (კანადა) და ა.შ. 

ფარმაცევტების მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები თუ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და მოთხოვნებს?

მე შემიძლია გითხრათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგალითზე, რომელსაც გააჩნია საუკუნოვანი ტრადიციები მაღალკვალიფიციური ფარმაცევტების მომზადებისა. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო პერიოდში ფარმაცევტის მომზადების პარადიგმა შეიცვალა: თუ ადრე საგანმანათლებლო პროგრამები ორიენტირებული იყო მხოლოდ  წამალზე, დღეს აქცენტი წამლიდან გადატანილია პაციენტზე.

უნდა გაიზარდოს თუ არა ფარმაცევტის როლი?

უნდა აღინიშნოს, რომ გასული საუკუნის 80-იან წლების ბოლოს დღის წესრიგში დადგა ფარმაცევტის ტრადიციული საქმიანობის სფეროს გარკვეულწილად შეზღუდვა:

წამლის დამზადება ექსტემპორალური რეცეპტურით თითქმის ჩანაცვლდა სამრეწველო წარმოებით;

ძირეულად შეიცვალა წამლების რეალიზაციის სფერო:

გაყიდვები ხორციელდება საერთო სავაჭრო ქსელებით (მაგ.: სუპერმარკეტებში);

პოპულარულია წამლების გაყიდვა ინტერნეტით;

სამკურნალო საშუალებების საბითუმო რეალიზაციით უფრო მეტად დაკავებული არიან ფარმაცევტული განათლების არ მქონე ბიზნესმენები.

იმავდროულად პრობლემები შეიქმნა ფარმაციის სხვა სფეროს საქმიანობაში, კერძოდ:

სამკურნალო საშუალებების შემუშავება და წარმოება,

ხარისხის კონტროლი,

მომარაგება, განაწილება,

სამკურნალო საშუალებების შერჩევა და რაციონალური გამოყენება,

წარმოიქმნა პრობლემები ფალსიფიცირებულ პრეპარატებთან დაკავშირებით, რამაც განაპირობა ხარისხის კონტროლის სისტემის გარკვეული პერეორიენტაცია,

იმ სფეროებში, სადაც ტრადიციულად დომინირებდნენ სამედიცინო, ქიმიური და ეკონომიკური განათლების მქონე სპეციალისტები, გაჩნდა მოთხოვნა ფარმაცევტული განათლების სპეციალისტებზე.

ფარმაცევტთა საერთაშორისო ფედერაციის (FIP-Federation International Pha-rmaceutique) ინიციატივით, ჯანმომ ჯერ კიდევ წინა საუკუნის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განიხილა ფარმაცევტულ სფეროსთან დაკავშირებული საკითხები და მიიღო შესაბამისი რეკომენდაციები:

“ფარმაცევტის როლი საცალო და საავადმყოფოს აფთიაქში“;

“ფარმაციის არსი და ფარმაცევტის ფუნქციები”;

“ხარისხიანი ფარმაცევტული საქმიანობა - სარგებელი სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის”;

“მომავალი ფარმაცევტების მომზადება: სასწავლო პროგრამების შემუშავება”;

“ფარმაცევტის როლი თვითმკურნალობაში”.

დიახ, თანამედროვე პირობებში ფარმაცევტის როლი უნდა გაიზარდოს. დროა!!! „ფარმაცევტები გამოვიდნენ სავაჭრო დახლიდან და შეუდგნენ პაციენტებზე ზრუნვას,  დახმარების აღმოჩენას, პაციენტებს უნდა შესთავაზონ სერვისები და არა მხოლოდ გასცენ ტაბლეტები“. მხოლოდ წამლის გაცემას არ აქვს მომავალი. ეს მოქმედება შესაძლებელია განხორციელდეს ინტერნეტით, სპეციალური მოწყობილობებით ან ფარმაცევტის თანაშემწის მიერ. ფარმაცევტებს გააჩნიათ უმაღლესი აკადემიური განათლება და მოქმედებენ როგორც ჯანდაცვის პროფესიონალები, მათ შეუძლიათ უფრო დიდი სამსახურის გაწევა საზოგადოებისათვის, ვიდრე რასაც აკეთებენ დღეს.

ესპანეთში, აფთიაქებში ფარმაცევტები არა მხოლოდ კონსულტაციას უწევენ პაციენტებს, არამედ ახდენენ პირველად დიაგნოსტიკას, ადამიანების ჯანმრთელობის ზოგიერთი მდგომარეობის დროს.

დიდ ბრიტანეთში, ფარმაცევტები კონსულტაციას უწევენ პაციენტებს და ექიმებს ფარმაკოთერაპიის საკითხებზე, ასევე უფლება აქვთ რეცეპტის გამოწერის.

თურქეთში, აფთიაქში მუშაობენ მხოლოდ სპეციალური უმაღლესი განათლების მქონე პროფესიონალები, რომელთა კომპეტენციაში შედის კონსულტაცია სამკურნალწამლო საშუალებებთან დაკავშირებით ყველა საკითხზე.

ზოგიერთ ქვეყანაში ფარმაცევტები ჩართული არიან აცრებში, ამერიკაში აკეთებენ ტესტს კორონავირუსზე.

ზოგიერთ ქვეყანაში განიხილება საკითხი იმის შესახებ, რომ ოჯახის ექიმის პარალელურად იყოს ოჯახის ფარმაცევტი.

ფარმაცევტების პოტენციური შესაძლებლობისა და პროფესიული ცოდნის  არასათანადოდ შეფასება და გამოუყენებლობა საზოგადოების საკეთილდღეოდ,

ერთი მხრივ აზიანებს საზოგადოებას,

მეორე მხრივ თვით ფარმაცევტებს ტოვებს პროფესიონალური საქმიანობის მიღმა, დამოკიდებულს მხოლოდ ეკონომიკურ ინტერესებზე. შედეგად ისინი ახორციელებენ მხოლოდ კომერციულ საქმიანობას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის

ხელმძღვანელი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×