რეზონანსი
16.04.2024

სიმართლე მწარეა და მაგიტომ ნერვიულობთ! დაიწყნარეთ ნერვები და ხალხს ელაპარაკეთ, გაეცით პასუხი! ხალხი გამოვიდა გასულ წელს და ამ კანონს უთხრა უარი! ეს არის თქვენი სახე, ცვლილებები მოვიდა, როგორც გასულ წელს ამ დარბაზიდან გაიქეცით, ისე გნახავთ ამ ქვეყნიდან გაქცეულს რუსეთში. ბევრი წახვალთ რუსეთში, ვიცი,- ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრს, რომლებიც მას პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დაუპირისპირდნენ.

ვაშაძის რეპლიკას რუსეთში გაქცევასთან დაკავშირებით, თავად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება სხვა პარტიის სლოგანია.

„ეგ სხვა პარტიის სლოგანია, ნუ მიითვისებთ!“- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი ვაშაძემ პარლამენტის სპიკერს, კოლეგების დამშვიდების ან დარბაზიდან გაძევებისკენ მოუწოდა.

„მთავარი კითხვა, რაც, ალბათ, უნდა დავუსვათ ამ ადამიანებს, რომლებიც სხედან დარბაზში - რას ერჩით საქართველოს, მართლა რას ერჩით ქართველ ხალხს? ვის ინტერესებს ემსახურებით? თქვენ როცა საუბრობთ უცხოურ გავლენებზე, მე გეკითხებით, ვის ინტერესებში შედის ამ კანონის მიღება? არ შედის საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებში, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი დგას ქუჩაში და თქვენ გეუბნებათ, რომ არ მიიღოთ ეს კანონი, რადგან ქართველი ხალხის არჩევანია ევროკავშირი. დიახ, ის ევროკავშირი რომელიც მოიტანს სიკეთეს, დასაქმებას, წარმატებას, ქვეყნის ერთიანობას, განვითარებას. ეს კანონი არ არის საქართველოს ეროვნულ ინტერესში, იმიტომ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი არის ევროკავშირის წევრობა.

მე მახსოვს ქართველი ხალხი, თქვენ გახსოვთ თქვენი ინტერესი, ხმა ჩაიკმინდეთ ახლა რა! ეს კანონი ასამარებს საქართველოს ევროპულ არჩევანს! მართლა სადამდე დახვედით - ევროკავშირი მოგვიახლოვდა, მთელი ევროპა გვეუბნება, რომ კარი ღიაა, გვეუბნებიან, რომ გვინდა დაგეხმაროთო, გვეუბნებიან, რომ გვინდა თქვენი ეკონომიკა ისეთივე ძლიერი იყოს, როგორც ევროპული ეკონომიკაო, გვეუბნებიან, რომ ინვესტიციები უნდა ჩაიდოსო. სიმართლე მწარეა და მაგიტომ ნერვიულობთ! დაიწყნარეთ ნერვები და ხალხს ელაპარაკეთ, გაეცით პასუხი! ხალხი გამოვიდა გასულ წელს და ამ კანონს უთხრა უარი! ეს არის თქვენი სახე, ცვლილებები მოვიდა, როგორც გასულ წელს ამ დარბაზიდან გაიქეცით, ისე გნახავთ ამ ქვეყნიდან გაქცეულს რუსეთში. ბევრი წახვალთ რუსეთში ვიცი.“- განაცხადა ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×