რეზონანსი
29.03.2024

ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლებმა ცხრა პირი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდამსხმელებთან კავშირებში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაკავებები ორშაბათს ქალაქ ვახდატში განხორციელდა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილები დუშანბეში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატიულ აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს ტაჯიკეთის დედაქალაქში მყოფმა რუსეთის უშიშროების სამსახურის ძალებმა.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 143-მდე გაიზარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×