რეზონანსი
30.08.2023

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის განხორციელებაზე, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობისგან თანხმობა ვერ მიიღო. უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპაში გამგზავრება მაინც დაანონსდა. ზურაბიშვილის დამოკიდებულება მმართველი პარტიის მხრიდან ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევად შეფასდა. რა მიზეზით არ მიეცა პრეზიდენტს ნებართვა, ამაზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა დღეს დეტალურად განმარტა.

ოფიციალური ვიზიტების განხორციელებაზე, გერმანიის გარდა, სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ აქვს კიდევ 9 სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტით გამგზავრებაზე. ოფიციალური განცხადება მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ზურაბიშვილს კონსტიტუციის 2 მუხლიც შეახსენეს, ერთის მიხედვით პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებს სწორედ მთავრობის თანხმობით ახორციელებს, კონსტიტუციის 54 მუხლით კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე უფლებამოსილი მთავრობაა.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადების შინაარსმა, მმართველი გუნდის წევრებს იმის თქმის შესაძლებლობა მისცა, რომ პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსით მანიპულირებს. "ქართულ ოცნებაში" ინტერესდებიან რატომ დააანონსა თვის ბოლოს სალომე ზურაბიშვილმა და მისმა ადმინისტრაციამ მოსალოდნელი ვიზიტები, როდესაც ჯერ კიდევ 3 აგვისტოს მიიღეს წერილობითი პასუხი მთავრობისგან, რომ გერმანიაში ვიზიტზე ნებართვა არ ჰქონდათ.

ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ შესაძლოა, პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე გამგზავრების შემთხვევაში, შესაძლოა სამართლებრივ წესრიგს არღვევდეს, თუმცა თუ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ოპოზიციის თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემწყობი იქნება, ამის გამო პარტიების უმრავლესობა მზად არის კონსტიტუციის მოთხოვნის დარღვევაზე ყურადღება არ გაამახვილოს. "ნაციონალური მოძრაობისთვის" კი ევროპული გზაც და ქვეყნის მომავალიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე გადის.

საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ პრეზიდენტი აცნობიერებს თუ რას ნიშნავს მთავრობის უარი ვიზიტებზე, თუმცა მიუხედავად ამისა, ვიზიტების განხორციელებას მაინც აპირებს და მიზანმიმართულად მოქმედებს.31 აგვისტო - ბერლინი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრა სალომე ზურაბიშვილს უკვე დაანონსებული აქვს. უარის მიუხედავად, პრეზიდენტმა გერმანიაში გამგზავრება არ გააუქმა. ადმინისტრაციის განმარტებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს, სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგასთან საუბრით იწყებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×