რეზონანსი
10.04.2023

„რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რადგან „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, ანა წითლიძესა და „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს დაუგეგმავად მოუწიათ ქვეყნის დატოვება.

როგორც სამნიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, საკითხი დარეგისტრირებულია და მხოლოდ კენჭისყრა სჭირდება.

"ვიცოდით, რომ საკმარისი ხმები გვქონდა, სწორედ ამიტომ მივმართეთ პრეზიდენტს, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც უკვე თხოვნა გაიგზავნა პრეზიდენტთან, ქალბატონმა ანა წითლიძემ და ბატონმა ლევან ხაბეიშვილმა დატოვეს ქვეყანა, როგორც ვიცი დაუგეგმავად. იმედი მაქვს, რომ ასეთი ტიპის პრობლემა მომავალ კვირას არ შეიქმნება", - აღნიშნა სამნიძემ.

მისივე თქმით, საკითხისთვის კენჭისყრა შესაძლებელი იქნება მომავალ კვირას, მორიგ სხდომაზე.

"ოპოზიციაში არის საკმარისი ხმები, ოპოზიცია შეთანხმებულია, რომ საგამოძიებო კომისა შეიქმნას. ოპოზიციაში გააზრებულია, რომ ამ საკითხის, ბოლომდე მიყვანა, ანუ კომისიის შექმნა თითოეული ოპოზიციონერი დეპუტატის, ვინც დარბაზში იქნება ამ საკითხის კენჭისყრის დროს, ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა.

ჩვენ შეგვეძლო კენჭისყრაზე გაგვეტანა ეს საკითხი, ამიტომ მივმართეთ დილით პრეზიდენტს, რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით. ახლა გვიწვევს მიმართვა და ბოდიშს ვიხდით ამისთვის, რომ არ ჩაინიშნოს რიგგარეშე სხდომა.

აქვე ხაზი უნდა გაუსვა, რომ ეს საკითხი დარეგისტრირებულია, საკითხს მხოლოდ კენჭისყრა სჭირდება და ჩვენ შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ კომისიის შექმნას მომავალ კვირას, მორიგ სხდომაზე. ეს საკითხი, დღესაც დგას დღის წესრიგში და ჩვენი ამ ბრიფინგის მიზანია, ეს საკითხი გადაწყდეს და მორიგ სხდომაზე გავიტანოთ კენჭისყრაზე. ამას ახლა თუ არ გავაკეთებდით, შეიძლება საკითხი ჩავარდნილიყო. ამ საკითხის მნიშვნელობას იაზრებს თითოეული ოპოზიციონერი, ამიტომ მომავალ კვირას იქნება მობილიზება", - განაცხადა სამნიძემ.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით დღეს მიმართეს.

სალომე ზურაბიშვილთან გაგზავნილ მოთხოვნას 46 დეპუტატი აწერს ხელს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×