რეზონანსი
21.03.2023

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტს ეხმაურება მმართველი გუნდი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, შესაძლოა მართებულიც იყოს დოკუმენტში არსებული შენიშვნები, თუმცა ანგარიში ყურადღებით არის შესასწავლი.

"მგონია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება, რომელიც ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკულია და არა მარტო საქართველოსთან, განვითარებული დემოკრატიებთან დაკავშირებითაც, უნდა იქნას ძალიან ყურადღებით შესწავლილი, დაყოფილი საკითხებად და ამაზე პასუხი უნდა გაეცეს.

სამწუხაროდ ვერ მოვასწარი გადახედვა, შესწავლა, მაგრამ რეალურია, რომ ბევრი ადამიანის ინფორმაციაზე დაყრდნობით არის გარკვეული დასკვნები გაკეთებული. ან არის ქალბატონი ნინო ლომჯარიას მოხსენება იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმარია, მე მგონი იგი დამნაშავეა და ამ დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.

არის გარკვეული შენიშვნები, შეიძლება მართებული შენიშვნებიც, ყურადღებით არის შესასწავლი," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დოკუმენტი მსოფლიოს 198 ქვეყანაში და ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ მდგომარეობას მიმოიხილავს, მათ შორისაა საქართველო. დოკუმენტის მიხედვით, მთავრობამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის მიმართ გამოძიების ჩასატარებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.

დოკუმენტი მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც მოიცავს. ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყო დაკავებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა.

ვრცელ ანგარიშში ასევე საუბარია ნიკა გვარამიას საქმეზე, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, რუსულ აგრესიასა და საქართველოში 2020 წელს ჩატარებულ არჩევნებზე.

ანგარიშში წერია, რომ მთავრობის წარუმატებლობამ, სარწმუნო გამოძიება ჩაეტარებინა და გაესამართლებინა 2021 წლის ივლისის პრაიდის მარშის წინ ძალადობის ორგანიზატორები, ამ სამართალდარღვევების დაუსჯელობა გამოიწვია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ანგარიშვალდებულების ნაკლებობა ასევე გაგრძელდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ პოლიციის არასათანადო ძალის გამოყენებისა და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის ქვეყნიდან გატაცებისა და გადაცემის საქმეებზე.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×