რეზონანსი
24.01.2023

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმაურება და სამარცხვინოს უწოდებს.

"კასიანოვისგან ასეთ არარელევანტურ განცხადებებს ჩვენ მიჩვეული ვართ. ეს არის სამწუხარო მოვლენა. მე შემიძლია ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა ალბათ, უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან კასიანოვს, თუ ჩვენ "ბუკებს" გავაგზავნიდით უკრაინაში. ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. სწორედ, კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ ომში ჩართვისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან. ჩვენ მოვისმინეთ კასიანოვის განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, რაც ძალიან მძიმე იყო და ეს ამ რიტორიკის გაგრძელებაა.

ყველამ იცის, რომ ფრენების აღდგენას არავითარი კავშირი არ აქვს რუსების მოზღვავებასთან საქართველოში. ამასთან დაკავშირებით უკვე სამი სპეკულაციური კამპანია გამოვიარეთ - ერთი იყო მარტში, მეორე იყო ზაფხულის სეზონზე და მესამე იყო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სამივე იყო ცარიელი სპეკულაცია. არავითარი რისკები არ შექმნილა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, არც საქართველოში მცხოვრები უკრაინელების უსაფრთხოებისთვის. ეს ყველაფერი იყო ცარიელი სპეკულაცია, სამარცხვინო სპეკულაცია. კასიანოვის დღევანდელი განცხადება არის სამარცხვინო სპეკულაციური განცხადება.

ცალმხრივად არის შეწყვეტილი ფრენები რუსეთის მხრიდან, ეს იყო მათი მხრიდან დაწესებული სანქცია და თუ ეს სანქცია გაუქმდება რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს მათი გადაწყვეტილებაა და ჩვენ ამაზე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ერთადერთი რაც შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილება იქნება შეღავათი მილიონამდე ქართველისთვის, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით საქართველოდან, შესაძლოა უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდეს, "თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×