რეზონანსი
22.10.2022

თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე მედიის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა და განმარტება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე.

ჩანაწერში ისმის მერის მოადგილის განცხადება: „შადრევნის და მცირე კასკადის სამუშაოები სრულად დამთავრებულია, ამ ეტაპზე ხელით მართვაზეა. შენობაში, სადაც საქვაბე იყო, უნდა დადგეს ავტომატური მართვის პულტი, რომელიც ყველანაირი რეჟიმის განხორციელებას შეძლებს".

ანდრია ბასილაიას განმარტებით, ავტომატური მართვის პულტი არანაირ კავშირში არ არის უსაფრთხოების სისტემასთან. ეს არის განათების თანამედროვე სისტემისა და ლამინირებული ჭავლის სისტემის მართვის ავტომატური პულტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ცვალოს ვიზუალი ეფექტი. აღნიშნული პულტი დამონტაჟდება მხოლოდ და მხოლოდ დიდი კასკადის დასრულების შემდეგ.

„კასკადის სრული რეაბილიტაცია როდესაც დასრულდებოდა, უნდა დამონტაჟებულიყო მართვის ავტომატური პულტი, რომელიც არეგულირებს კასკადის ვიზუალურ რეჟიმებს, როგორც განათების თანამედროვე სისტემას, ისე ლამინირებული ჭავლის სისტემას და ბევრი შესაძლებლობა აქვს ვიზუალური კუთხით. ახლა კი, მცირე კასკადსა და შადრევანში გვქონდა ხელით დაპროგრამებული ვიზუალური ჩართვა-გამორთვა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ არ იყო შადრევანში ე.წ. რელე. ავტომატურ გათიშვას ე.წ. რელე უზრუნველყოფს", - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულ ცხრავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმადაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, 18 ოქტომბერს კი 9 პირი დააკავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×