რეზონანსი
20.10.2022

ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია და ამას უნდა ემსახურებოდეს თითოეული ჩვენგანის ნაბიჯი, - აღნიშნულზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

დეპუტატის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია მმართველი პარტიის და ოპოზიციის გაერთიანება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიზნით.

„ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ამ მიზნისკენ ყველამ ერთად უნდა ვიაროთ. ამ პროცესში სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ერთიანობა და ვნახეთ, რომ დიდწილად ქართველი პოლიტიკოსები უფრო ხელისშემშლელ ნაბიჯებს დგამდნენ, ევროინტეგრაციის გზაზე ერთად ბრძოლის მაგიერ. ამის მიუხედავად, საქართველოს დღეს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს, რაც წლების წინ შეიძლება საოცნებო იყო ჩვენთვის. დღეს, საქართველოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად გადადგას წინ ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ერთი რაც ჩვენ გვევალება არის ის, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ წლის ბოლოს ჩვენ ეს პროგრესი დავანახოთ ბრიუსელს, დავანახოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს და სამინისტროს გაწეული საქმიანობისთვის და პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტისა და საგარეო უწყების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება,- „მადლობა მინდა გითხრათ გაწეული მუშაობისთვის. ევროინტეგრაციის კომიტეტი სამინისტროსთან კოორდინაციით და თანამშრომლობით ვცდილობთ მაქსიმალურად მივაწვდინოთ ხმა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის დედაქალაქს, იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები და პოზიციები ისმოდეს ევროკავშირში. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით თქვენთან ერთად მუშაობას, ვინაიდან საქართველო იმსახურებს პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. საქართველო დღესაც იმსახურებს კანდიდატი წევრის სტატუსს და დარწმუნებული ვარ, ამ სტატუსს ძალიან მალე მიიღებს", - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×