რეზონანსი
14.07.2022

მმართველი გუნდი ყველა რეკომენდაციის აღსრულებისთვის მზად არის, მათ შორის ინსტიტუციური რეფორმისთვის, რომელიც დეოლიგარქიზაციას შეეხება - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

"ჩვენ ვთქვით, აგერ არის რეკომენდაციები, მისი აღსრულების გეგმა და მობრძანდით. თუ ამ კარებში არავინ შემოვა, არაფერი შეიცვლება, მაგრამ ეს ჩვენი ბრალი არ იქნება.

ყველა რეკომენდაციის აღსრულებისთვის ვართ მზად და დეოლიგარქიზაცია ეწერა სამივე ქვეყანას. ეს საქართველოსთვის რეალური პრობლემა არ არის და სხვა ქვეყნებისთვის რეალური პრობლემაა. ინსტიტუციურ რეფორმირებაზეც მზადყოფნა გამოვთქვით. ევროკომისიამ გვითხრა, რომ მათ ინსტიტუციონალურად უნდათ, რომ რეფორმები განვახორციელოთ და გარკვეულმა ევროპარლამენტარებმა გვითხრეს, რომ ჩვენ ერთ ადამიანს ვებრძვით, რომელსაც პოლიტიკურ ოპონენტად აღვიქვამთო. ეს ადამიანი აღარ არის პოლიტიკაში. პოლიტიკაში არის „ქართული ოცნება", რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან ბრძოლა არის ქართველი ხალხის არჩევანთან ბრძოლა,"- განაცხადა დავითულიანმა.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას რიგგარეშე სხდომის გამართვის თაობაზე და აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი სხდომას ჩანიშნავს, ბევრი კანონია გაჩერებული, მათ შორის ისიც, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და ალბათ, მორიგი საკითხების განხილვა მოხდება.

„გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი. ამაზე უმრავლესობის ფორმატში მსჯელობა არ ყოფილა. რეკომენდაციების შესრულების ნაწილში იმდენი სამუშაოა გასაწევი, მე ამ სხდომის მიზანს ვერ ვხვდები, რადგან არაფერია ჯერ მომზადებული, რაც შეიძლება განიხილო. თუმცა, კანონები ბევრია გაჩერებული, მათ შორის ის კანონიც, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, მათ შორის, ერთ- ერთი კანონია, რომლის ინიციატორი მეც ვარ, ძალიან მეჩქარება და სიამოვნებით, მესამე მოსმენით გავიტანდი კენჭისყრაზე. არ ვიცი, თუ ჩაინიშნა, ალბათ, მორიგი საკითხების განხილვა მოხდება,"- განაცხადა დავითულიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×