"უმუშევრობა მართლაც მცირდება, მაგრამ ამ დროს ხალხიც გადის ქვეყნიდან"
ქეთო გოგოხია
15.04.2024

საქართველოში უმუშევრობის დონე მკვეთრად შემცირდა, რაც დიდწილად მაღალი ემიგრაციის ,,დამსახურებაა", თუმცა ამ პროცესზე გარკვეული გავლენა ბიზნესის მხრიდან კადრებზე მაღალი მოთხოვნითაც არის გამოწვეული. გამოწვევა მაინც რჩება და  უმუშევრობის შემცირების დადებით ეფექტს საზოგადოება მაინცდამაინც ვერ გრძნობს. როგორც აღმოჩნდა, 2023 წელს საქართველოში უმუშევრობა 11,7%-ია და ბოლო 20 წლის მინიმუმზეა. მონაცემები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოდელირებულ შეფასებას ეყრდნობა.

ახალი მონაცემები მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის უმუშევრობის ეს დონე საქართველოს 20-წლიან მინიმუმს წარმოადგენს და 10 წლის განმავლობაში უმუშევრობის მკვეთრ შემცირებაზე მიუთითებს. კერძოდ, საქართველო იმ 13 ქვეყანას შორისაა, სადაც ყველაზე მეტი პროცენტით შემცირდა 10 წელიწადში უმუშევრობა. ჩვენს საუკუნეში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოდელირებული შეფასების მიხედვით 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში იყო. რა დროსაც უმუშევრობა 20,7% და 19,6%-ს შორის ფიქსირდებოდა. ამასთან ირკვევა ისიც, რომ 2012 წელს საქართველო იმ 6 ქვეყანას შორის იყო, სადაც ჩვენს საუკუნეში საწყის 12-წლიან პერიოდში, ასევე 2004-2012 წლების 9-წლიან პერიოდში ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით გაიზარდა უმუშევრობა.

უმუშევრობის კლებას ადასტურებენ ეკონომისტებიც, მაგრამ ასევე აცხადებენ, რომ დასაქმება მაინც დიდი გამოწვევაა. ეს მაშინ, როცა დასაქმების რესურსი ყველა სეგმენტს გააჩნია, მაგრამ მიზერული შემოსავლის გამო მოსახლეობა  პერსპეტივას მაინც ქვეყნის გარეთ ეძებს, რაც  საქართველოს შრომის ბაზრის სტატისტიკაზეც ადეკვატურად აისახება. ასე ფიქრობს ანალიტიკოსი ანალიტიკოსი გივი მომცელიძე და ყურადღებას  მაღალ მიგრაციაზე ამახვილებს.

,,უცნაური ფაქტის წინაშე ვართ, როცა უმუშევრობა მართლაც მცირდება და ამ დროს  ხალხი გარბის ქვეყნიდან. სამწუხაროდ,  ეკონომიკას შრომისუნარიანი მოქალაქეების დიდი ნაწილი მოაკლდა. ეს ხდება იმიტომ, რომ უმეტესობა უცხოეთში წავიდა. შესაბამისად, სამუშაო ადგილები ნაკლები შეიქმნა.

მეორე საკითხია, ეკონომიკურად აქტიური ადამიანებიდან რამდენი არის დასაქმებული, რის სტატისტიკაც არ მაქვს.  მოსახლეობის კატეგორია, ვინც საერთოდ ხელი ჩაიქნია სამუშაოს ძებნისგან და კვალიფიკაცია დაკარგა, ესეც აკლდება შრომისუნარიანი მოქალაქეების რიგს, შესაბამისად, უმუშევრობა მცირდება ისე, რომ  სამუშაო ადგილები ნაკლები რაოდენობით  იქმნება. მართალია, ახლა ბიზნესი მეტ ადამიანს ასაქმებს, ვიდრე ადრე და ესეც დადებით გავლენას ახდენს სტატისტიკაზე, მაგრამ მიგრაციის გავლენა მაინც მეტია", - განუცხადა,,ბიზნეს-რეზონანსს" მომცელიძემ.

ანალიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ემიგრაციაში მოსახლეობა დაბალი შრომის ანაზღაურების გამო მიდის, რაც დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის.

,,შრომის ბაზარზე ერთ-ერთი საყურადღებო საკითხი არის დაბალი ანაზღაურება, რის გამოც  მოსახლეობა სამსახურს უკვე ქვეყნის გარეთ ეძებს. ასეთ დროს ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად  არ ყალიბდება, არამედ გადმორიცხვების ხარჯზე. საქართველოს მოქალაქეები რეალურად სხვა ქვეყნების  ეკონომიკაში მონაწილეობენ და იქიდან გამოგზავნილი ფულით იზრდება ეკონომიკა საქართველოში.

მიგრაცია გლობალური პრობლემაა ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნებისთვის, თორემ განვითარებული სახელმწიფოები იაფ მუშა ხელს ითხოვენ. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს პროფესიულ განათლებაზე და ამ სეგმენტის განვითარებას უფრო მეტად შეეწყოს ხელი. ამასთან, სწორად უნდა იქნას შერჩეული პროფესიები, რაც შრომის ბაზარზე მოთხოვნადია. განათლების მიღება უნდა გულისხმობდეს სწორ არჩევანს, რადგან უამრავი მაგალითია, როცა უნივერსიტეტს ამთავრებენ და არ იციან რა აკეთონ", - აღნიშნა გივი მომცელიძემ.

ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების ფონზე კეთილდღეობის დაბალ ეფექტზე გაამახვილა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ყურადღება ეკონომისტმა აკაკი ცომაიამაც, რომლის თქმითაც,  სარგებელს, ფაქტობრივად, მოქალაქეების ძალიან მცირე ნაწილი იღებს და და ვერც შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობაა სახარბიელოა.

,,მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან  ვიგებთ, რომ საქართველოში უმუშევრების რაოდენობა ახალ ისტორიულ მინიმუმზეა.

დღეს რომ ბიზნესიც და ეკონომიკაც გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყოს, მიგრაცია უნდა შემცირდეს. დოვლათის შემქმნელი მოსახლეობა წავიდა ქვეყნიდან ან მიდის და ეს შრომის ბაზარს აკლდება. უმუშევრობას თუ რამე ფაქტორის გავლენა ამცირებს, სწორედ ეს გარემოება არის გადამწყვეტი.

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ უმუშევრობა არ შემცირებულა, მაგრამ მეტი შედეგის მისაღწევად კომპლექსური ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, რაც რეალურად შეცვლის სურათს. ამისთვის ჩვენ  გვჭირდება განათლებული თაობა, მხოლოდ პროფესიული განათლების ხელშეწყობა არაფერს შველის, კვალიფიციური განათლებული კადრი სჭირდება ქვეყანას და პროექტები სწორედ ამისკენ უნდა იყოს მიმართული, ცხადია, განათლების მიღება უნდა გულისხმობდეს სწორ არჩევანს, რადგან უამრავი მაგალითია, როცა უნივერსიტეტს ამთავრებენ და მერე, როდესაც საქმე დასაქმებამდე მიდის, ბევრი დაბრკოლებაა.

კომპლექსური ღონისძიებები უნდა გატარდეს და ადამიანებს დასაქმების მეტი მოტივი და სტიმული მიეცეს, მხოლოდ ასე შეიძლება გაუმჯობესდეს მდგომარეობა და სარგებელი ნახოს ყველამ - ეკონომიკამაც  და ხალხიც ",  აღნიშნა აკაკი ცომაიამ.

ცნობისთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოდელირებული შეფასება უმუშევრობის დონეების საერთაშორისო შედარებებისათვის მნიშვნელოვანი საზომია, რადგან იძლევა საშუალებას ერთიანი სისტემით გაიზომოს და შედარდეს უმუშევრობის მაჩვენებლები სხვადასხვა ქვეყნებს შორის. ინდიკატორს მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად აახლებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×