"ეს კანონი ბიზნეს არ ეხება და არ არის მათი სანერვიულო, პარლამენტში მიმდინარეობს განხილვა და დაელოდონ"
გვანცა წულაია
15.04.2024

მსახიობებისა და ფეხბურთელების შემდეგ „გამჭვირვალობის“ კანონპროექტში ბინზესის ჩათრევის ნიშნები გამოიკვეთა. კერძო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი მთავრობის მისამართით უკმაყოფილებას გამოხატავს და სხვებსაც მოუწოდებს ხელისუფლებას და საზოგადოებას დაუპირისპირდეს. ასეთი პოლარიზაცია ეკონომიკას საფრთხის ქვეშ აყენებს.

ბიზნესის დიდი ნაწილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში პრობლებას ვერ ხედავს და შესაბამისად, მათ მხრიდან არც უკმაყოფილება ისმის. ისინი პარლამენტის საქმიანობაში არ ერევიან და არც კანონპროექტის უკან გაწვევას სთხოვენ საკანონმდებლო უწყებას.

ფინანსურ გამჭირვალობას ემხრობა მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციის ხელმღვანელი მიხეილ ჭელიძე და პირდაპირ ამბობს, რომ კანონპროექტით ბიზნესდაფინანსებებს არავითარი ზიანი არ მიადგება.

„საერთოდ, ეს თემა პოლიტიკურ საკითხად გადაიქცა და დეტალური კომენტარის გაკეთებისგან თავს ვიკავებ ხოლმე, მაგრამ ისე, ზოგადად, ფინანსურ გამჭვირვალობას ვემხრობით და ვთვლით, რომ ბიზნესის დაფინანსებებს ამით არავითარი ზიანი არ მიადგება.

რაც შეეხება ბიზნესის და პოლიტიკის ურთიერთობას, კერძო სექტორი პოლიტიკისგან დისტანცირებული არ უნდა იყოს და არც არის. ეკონომიკის სამინიტროში არსებობს საკოორდინაციო საბჭოები, რომლის წევრიც არის პრაქტიკულად ყველა წამყავნი ასოციაცია. სწორედ იქ ხდება ინფორმაციების გაცვლა და ასევე, როგორც ინიციატივების წარმოდგენა მთავრობის ეკონომიკური ჯგუფის მხრიდან, ისე ბიზნესის პოზიციების გაზიარება, ამიტომ  შედეგობრივად კარგად მუშაობს ეს საკოორდინაციო საბჭოები, რადგან ძალიან ბევრი საკითხი გათვალისწინებულია.

მოკლედ, რომ ვთქვათ, სანამ დრაფტი მიიღებს კანონის სახეს, მანამდე ბიზნესთან კონსულტაცია საკოორდინაციო საბჭოების მეშვეობით ხდება“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ მიხეილ ჭელიძემ.

კერძო სექტორის მცირე ნაწილისგან კი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევის მოწოდების ირიბი განცხადებები გაკეთდა. ბიზნესის ეს ნაწილი დაუფარავად აცხადებს, რომ მსგავსი კანონი ქვეყანაში საჭირო არ არის.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, საქართველოს მეგობარი ქვეყნები ამ კანონპროექტს უარყოფითად აფასებენ, რუსეთი კი იწონებს. ამიტომ კითხვის ნიშნები აღარ რჩება იმის შესახებ, სჭირდება თუ არა ქვეყანას ამ კანონის მიღება.

„როცა მეგობრები გეუბნებიან, რომ ეს პრობლემა იქნება ქვეყნისთვის და მტერი გეუბნება რომ კარგია, სასწორზე არაფერი აღარ დევს, კითხვის ნიშანი აღარ ისმის და აღარ ხდება იმის განჭვრეტა, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს რამდენად უარყოფით როლს ითამაშებს. 

გამჭვირვალობაც არ არის ის, რაც ბოლომდე აუცილებელია. როდესაც ბოლომდე გამჭვირვალობას გთხოვენ და გაძალებენ ყველაფერი გამოფინო, ე.ი. უკვე შენზე ძალადობენ. ეს გამჭვირვალობა არავის სჭირდება, გარდა იმ მიზნისა, რომ შენმა მტერმა შექმნას დაძაბულობა და შენი მტერი ვერ იტანს იმ კონსოლიდაციას, რომელიც ერთმა ბოლო გატანილმა თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა.

ჩვენ შესაძლოა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ სადაც არ არის საომარი, ტყუილად ომს ნუ დავიწყებთ. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ კანონს მოვაქცევთ იმ ჩარჩოში, რომელიც ქვეყანაში პრობლემებს მოაგვარებს და არა პირიქით", - განუცხადა ბურჯანაძემ „კომერსანტს“.

კანონპროექტში პრობლემას ხედავს აგროკომპანია „ნერგეტას“ დამფუძნებელიც და როგორც კოტე ვეკუამ განაცხადა, მისი ამოქმედების შემდეგ საქართველო არასასურველი ქვეყანა გახდება.

„პირველ რიგში არასასიამოვნო ქვეყანა გავხდებით, იმის გამო, რომ ეს კანონი მოქმედებს, თუნდაც ის არ სრულდებოდეს. ჩვენი საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი თავისუფალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ესენი რომ არ იყვნენ, ბევრი რამ არ გვეცოდინებოდა, ამათ გარეშე მთავრობები მოსახლეობის წინაშე ნაკლებად ანგარიშვალდებულად იგრძნობდნენ თავს. ანგარიშვალდებულების ფონს უბრალო მოქალაქეები ვერ შექმნიან, ამას ქმნიან პროფესიონალურად დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია.  ეს კანონი თუ მივიღეთ და ეს ორი მხარე განიარაღდა, ანგარიშვალდებულების ფონს საფრთხე შეექმნება და უსამართლობა მოიმატებს, რაც სექტორების მიხედვით ყველას დააზიანებს.

ევროპა და ამერიკა ჩვენი მოწინააღმდეგეები არ არიან. შეიძლება იქაც არ მოგვწონდეს რაღაცები, მაგრამ იქიდან მოდის ცოდნა არამხოლოდ სოფლის მეურნეობის, არამედ იგივე დემოკრატიის ნაწილში, როგორი უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობა, წესები, ორგანიზება. ისინი ამ ყველაფერს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის აკეთებენ და ამ საქმეს რატომ უნდა დავუპირისპირდეთ?“, - განაცხადა კოტე ვეკუამ გადაცემა „რედაქტ2“-ში.

ასეთ ვითარებაში ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კერძო სექტრომა პოლიტიკური განცხადებების გაკეტებისგან თავი უნდა შეიკავოს და პოლარიზაციას მოერიდოს. როგორც ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ აღნიშნა, უმჯობესია ყველამ თავისი საქმე აკეთოს.

„საერთოდ, ბიზნესმა თავისი საქმე უნდა აკეთოს და პოლიტიკოსმა - თავისი. ბიზნესმენს შეუძლია დააფინანსოს პოლიტიკური ჯგუფები, როგორც ხდება ჩვენთან და ბევრ სხვა ქვეყანაში, ეს პრობლემა არ არის, მაგრამ, რაც შეეხება საქმიანობას, რა თქმა უნდა, გამიჯნული უნდა იყოს.

კონკრეტული განცხადებების ავტორი არ ვიცი ვინ არიან და არც ის ვიცი, რამდენად გავლენიანი ბიზსნესმენები არიან. ბიზნესმენი ჰქვია მწვანილის გამყიდველსაც და რომელიმე ნავთობკომპანიის მფლობელსაც. ასე რომ, მათი განცხადებების გავლენა, რა თქმა უნდა, სხვადასხვაა. საერთოდ, ეს კანონი ბიზნეს არ ეხება და არ არის მათი სანერვიულო. პარლამენტში მიმდინარეობს განხილვა, რასაც უნდა დაელოდონ და პოლარიზაციას მოერიდონ“, - განუცხადა ამირან სალუქვაძემ „ბიზნეს-რეზონანსს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×