"ფინანსურმა ჯგუფებმა იციან, კრიზისი ახლოვდება, ფასიანი ქაღალდების ღირებულება დაეცემა, ამიტომ თავს იზღვევენ და ყიდულობენ ოქროს"
გვანცა წულაია
11.04.2024

მსოფლიოში მოსახლეობაში მსყიდველუნარიანობა სულ უფრო მეტად იკლებს და შედეგად ფულის თვითღირებულება ეცემა. თანაც, გლობალურად ბევრი ფული "იბეჭდება", რაც შემდგომში ვალუტების გაუფასურებას იწვევს. ასეთ სიტუაციაში კი, როგორც ექსპერტები ამბობენ, ოქროს დარეზერვება უსაფრთხო ნაბიჯი.

წლიდან წლამდე სხვადასხვა პროდუქტის შეძენისას აშკარა ხდება, რომ ფულის მსყიდველუნარიანობა ეცემა, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ტენდენციად იქცა. მიზეზი გლობალურად ფულის მასის ზრდაა, რის შედეგადაც ძირითად საქონელთან მიმართებით მას, ასე ვთქვათ, ფასი ეკარგება.

გლობალურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა, ფინანსისტმა ნიკა შენგელიამ და განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკა იწვევს ფასიანი ქაღალების გაუფასურებას და ბაზრებზე ინდექსების დაცემას.

"ის პოლიტიკა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს გამოიწვევს ბაზრებზე ვარდნას, ფასიანი ქაღალდების გაუფასურებას. ამ ყველაფერს ყოველ 5-6 წელიწადში მოჰყვება ფინანსური კრიზისი. მალე, 1,5-2 წელიწადში აუცილებლად იქნება მორიგი ფინანსური კრიზისი, ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების ფასი დაეცემა. ვარდნა იმაზე უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე გვქონდა ჩვენ თუნდაც 2008 წელს”, - აღნიშნა `რეზონანსთან” საუბრისას ნიკა შენგელიამ და დასძინა, რომ ახლა ყველა ოქროს ყიდულობს, რადგან მსოფლიოში კრიზისის და ვალუტების გაუფასურების მოლოდინია.

"პროგნოზი გვქონდა, რომ ოქროს ფასი 2500 დოლარს 2025 წლამდე გადააჭარბებდა, მაგრამ ცოტა უფრო ადრე მოხდება. სწორედ ეს არის მომასწავებელი, რომ ფინანსურმა ჯგუფებმა იციან, კრიზისი ახლოვდება და ფასიანი ქაღალდების ღირებულება დაეცემა, ასევე იქნება ვალუტების გაუფასურებაც. ამიტომ ყველა თავს იზღვევს და ყიდულობს ოქროს.

ჩვენმა ეროვნულმა ბანკმაც წინა დღეებში შეიძინა 7 ტონა ოქრო, რაც პირველი შემთხვევაა, რადგან აქამდე რეზერვში ოქრო საქართველოს ცენტრალურ ბანკს არ ჰქონია”, - განუცხადა "რეზონანსს” ნიკა შენგელიამ.

კრიზისის წინა სიტუაციაში ცენტრალური ბანკები თავიანთი ვალუტის სიმყარის დაზღვევას ოქროში ცდილობენ და როგორც ჩანს, საქართველოც ამ გზას დაადგა. პირველად ისტორიაში ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაამატა და 500 მილიონ დოლარად 7 ტონა ოქრო შეიძინა.

არსებული მდგომარეობით, ოქროზე საქართველოს სავალუტო რეზერვების 11% მოდის.

"სებ-ის საბჭოს 2024 წლის 1-ლი მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება”, - აღნიშნულია სებ-ის გადაწყვეტილებაში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს დარეზერვება ძვირფასი ლითონის სიძვირის პირობებში გადაწყვიტა. არსებული მდგომარეობით, 1 უნცია ოქროს საფასური 2300 დოლარს აჭარბებს, რაც ყველა დროის რეკორდს წარმოადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ოქროს ღირებულება 17%-ით გაიზარდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ოქრო შედარებით უსაფრთხო მარაგია, თუმცა, საბანკო სფეროს სპეციალისტის გოჩა თუთბერიძის შეფასებით, გასარკვევია, რამდენად სწორად შეირჩა მის შესაძენად დრო.

"ბოლო პერიოდში ოქრო ძვირდება და თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს პროგნოზი, რომ ძვირფას ლითონზე ფასების ზრდა გაგრძელდება უახლოესი ორი კვარტლის განმავლობაში, მაშინ, ცხადია, მათი მხრიდან ოქროს შესყიდვა გამართლებულია და შედეგად შეიძლება ჩვენც გვქონდეს რაღაც რეზერვი ოქროში, ისე, როგორც უმრავლესობა ქვეყნის ცენტრალურ ბანკს. მხოლოდ ცენტრალურ ბანკებს კი არა, დიდ კომერციულ ბანკებსაც აქვთ აქტივები დაზღვეული ოქროში და ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ.

ჩვენს შემთხვევაში, გასარკვევია, რამდენად სწორად შეირჩა დრო ოქროს შესაძენად. საერთოდ, როდესაც ფასი მკვეთრად მატულობს, მაშინ აქტივებს არ ყიდულობენ. ეს დიდ რისკზე წასვლას ნიშნავს, რადგან შეიძლება შემდეგ უკუპროცესი დაიწყოს და მნიშვნელოვანი ზარალი დადგეს. აქტივი უნდა შეიძინო მაშინ, როდესაც ფასი ეცემა.

მე არ ვიცნობ საფუძვლებს, მაინდამაინც ახლა რატომ გადადგა ეს ნაბიჯი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, თანაც მაშინ, როდესაც მისი ფასი იზრდება და რატომ არ იყიდა მაშინ, როდესაც ოქროს ღირებულება დაბალი იყო. ამიტომ ჩემში კითხვის ნიშანს ბადებს შეძენის დრო.

ზოგადად კი, ოქრო შედარებით უსაფრთხო რეზერვია, რადგან გარკვეული პერიოდი ოქროზე ფასები იზრდება, შემდეგ მცირდება. ის ჩვეულებრივი აქტივია, როგორც სხვა და ფასის მოძრაობა მასაც იგივენაირად ახასიათებს. რაიმე განსაკუთრებული აქ არ ხდება”, - განუცხადა "რეზონანსს” თუთბერიძემ.

მსოფლიოში ტენდენციის შეცვლაზე მიუთითებენ პოლიტიკოსები. როგორც `გირჩის” დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, მსოფლიოში ფული იმხელა ოდენობით იბეჭდება, რომ გარდაუვალია ვალუტების გაუფასურება

"ქაღალდის ფული შინაარსობრივად ფული არ არის - ის არის ფასეული მარტო იმიტომ, რომ ვაიძულებთ ადამიანს ქაღალდის ფული გამოიყენოს. ოქრო და ქაღალდის ფული თუნდაც დოლარი იყოს, გვერდზე რომ დავდოთ, საბოლოო ჯამში ყველა ოქროს აირჩევს. ცენტრალურმა ბანკებმა ყველამ იცის, რომ ნამდვილი ფული ოქროა.

იმხელა ემისია ხდება მსოფლიო მასშტაბით დოლარის, ევროს და ზოგადად ყველა ვალუტის, რომ გარდაუვალია ამ ვალუტების გაუფასურება”, - განაცხადა აელექსანდრე რაქვიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×