ბოლო წლების დადებითი ტენდენცია თვალსა და ხელს შუა ქრება
გვანცა წულაია
13.02.2024

2024 წლის იანვრის თვეში საქართველოს ექსპორტიც შეუმცირდა და იმპორტიც. კლება ორივე შემთხვევაშიც მაღალია. ჯერჯერობით ოფიციალური და დეტალური მონაცემები არ არის ცნობილი, თუ რომელი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვამ იკლო, თუმცა, როგორც სპეციალისტები ვარაუდოენ, შემცირებასთან კავშირშია ავტომობილები, ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები და მინერალური სასუქები.

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 339.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9 პროცენტით ნაკლებია.

„საქსტატის“ ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 338.2 მლნ აშშ დოლარი იყო (შემცირდა 26.3%-ით), ხოლო იმპორტი 1 001.6 მლნ აშშ დოლარი (შემცირდა 10.2%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარში 663.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 თებერვალს გამოქვეყნდება, შესაბამისად, გაირკვევა თუ რა დასახელების საქონლის იმპორტი და ექსპორტი შემცირდა. მანამდე კი ექსპერტებმა `რეზონანსთან” საკუთარი შეხედულებით ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ექსპორტის კლება შესაძლოა, ავტომობილებს, ფეროშენადნობებს, სპილენძის მადნებს და მინერალურ სასუქებს მიეწეროს.

როგორც სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძე აღნიშნა, მონაცემი კატასტროფად არ უნდა მივიჩნიოთ, რადგან მიმდინარე წლის იანვარი საშუალოდ იმავე დონეზეა, რაც 2021-2022 წლების ანალოგიურ პერიოდში.

"საერთოდ, იანვარი არ არის საერთო ტენდენციის ამსახველი და განმსაზღვრელი. საშუალოდ რომ ავიღოთ, 1/12 არის 8.3%, წლიური მონაცემის, ანუ სხვა თანაბარ პირობებში, იანვარში უნდა მოდიოდეს საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 8%, მაგრამ, როგორც წესი, არის 5-7%-ის მიდამოებში და 8%-ისთვის არასოდეს არ მიუღწევია.

კი ბატონო, ახლა ექსპორტში 26%-იანი შემცირებაა, თუმცა 2023 წლის იანვარში 2022 წლის იანვართან შედარებით იყო დაახლოებით 38%-იანი ზრდა, ამიტომ, თუ პანდემიის შემდგომ პერიოდის (2021, 2022, 2023 წლები) იანვრის მონაცემებს, ავიღებთ, აღმოჩნდება, რომ მიმდინარე წლის იანვარი, საშუალოდ, იმავე დონეზეა, რაც იყო ზემოთ დასახელებულ სამი წლის ანალოგიურ პერიოდში. ასე რომ, რაიმე კატასტროფა არ ხდება.

გვქონდა მნიშვნელოვანი ვარდნა სამი პოზიციის მიხედვით. ესენი იყო: ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები და მინერალური სასუქები. ამ პოზიციების მიხედვით, თითქმის, 900-მილიონიანი კლება გვქონდა შარშან წინა წელთან შედარებით. არა მგონია, ახლაც რაიმე პროგრესი გვქოდეს ამ მიმართულებით, ამიტომ ეს რჩება ჩვენი ექსპორტის აქილევსის ქუსლად.

იგივეს თქმა შეიძლება იმპორტთან დაკავშირებითაც. შარშან ექსპორტში გვქონდა მატება, იმპორტში კი სერიოზული კლება, ამიტომ საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, იმპორტში შემცირებას კი არა ზრდას აქვს ადგილი, წინა სამ წელთან შედარებით”, - განუცხადა "რეზონანსს” სოსო არჩვაძემ და დასძინა, რომ წარმოებული დოვლათის მზრადი ნაწილი მიემართება ქვეყნის შიდა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

რაც არ უნდა ითქვას პოსტპანდემიურ პერიოდში გაუმჯობესებული შედეგი, ახლა ისევ შემცირებისკენაა. საქართველომ წინა წლებში ექსპორტის მიმართულებით მდგომარეობა საგრძნობლად შეცვლა და უარყოფითი სავაჭრო სალდო შეამცირა.

მართალია, ექსპორტის მაშინდელი ზრდის დიდი ნაწილი რეექსპორტს, ანუ სხვა ქვეყნიდან შემოტანილ პროდუქციას და შემდგომ აქედან გატანას, მიეწერა, მაგრამ ეს მიმართულებაც ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. რეექსპორტთან ერთად, გაზრდილი იყო წმინდა ექსპორტიც, მაგრამ 2023 წელს ადგილობრივი საქონლის ექსპორტი 912 მილიონი დოლარით შემცირდა. შარშან 6.090-მილიარდიან ექსპორტში ადგილობრივმა ექსპორტმა 45.8%-იანი წილი დაიკავა და აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 24.4%-ით, ანუ 2 მილიარდ 791 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

სტატისტიკოსი გივი მომცელიძე მიიჩნევს, რომ უარყოფითი სალდოს შესაცირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

"ბოლო 3-4 თვეა, რაც კლება აღინიშნება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. ამ თვის დეტალური მონაცემები ჯერ არ დადებულია, მაგრამ, როგორც წინა თვეები, ალბათ, ახლაც ექსპორტის კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ავტომობილების რეესპორტის შემცირება იქნება. ნაკლები მანქანა გადის ქვეყნიდან. შემოდგომამდე რუსეთში ძალიან ბევრი ავტომობილი გადიოდა საქართველოს გავლით და ამ გარემოებამ, რა თქმა უნდა, შეამცირა ექსპორტი.

ერთ-ერთი მიზეზი მადნეულისა და ფეროშენადნობების კლებაც უნდა იყოს წესით და რიგით. ასე რომ, ჩემი ვარაუდით, კლება იქნება რეექსპორტშიც და წმინდა ექსპორტშიც. რეექსპორტის კლება არ არის სასიამოვნო, ეს ეკონომიკაზეც აისახება და კონკრეტულ სფეროზე - ავტობიზნესზე, რომელიც გარკვეულ დარტყმას მიიღებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთის მოქალაქეები ნაკლებად დარჩნენ საქართველოში და რაღაც-რაღაცები აღარ შემოდის ქვეყამაში.

ექსპორტსა და იმპორტს შორის სალდოს შემცირების კუთხით კარგი ძვრები გვქონდა. დიდი უარყოფითი სალდო ძალიან ცუდია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას არ აქვს არც წარმოება, არც მომსახურება. მისი შემცირებისთვის სხვანაირი მიგდომა გვჭირდება, მაგალითად, საგადასახადო ლიბერალიზაცია. ბიზნეს უფრო მეტის შექმნა უნდა შეეძლოს, კერძო სექტორს უფრო მეტი ფული რჩებოდეს, ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანა უნდა გავხდეთ, რომ აქ შემოდიოდეს ფირმები, რომლებიც გადმოიტანენ თავიანთ საქმიანობას, მით უმეტეს ომის ფონზე.

ძვრები ნამდვილად იყო წინა წლებში უარყოფითი სავაჭრო სალდო შემცირდა, რაზეც შესაძლოა, პანდემიამაც იმოქმედა, რადგან ნაკლები მოთხოვნა არსებობდა, ამიტომ უცხოეთიდან არ გვჭირდებოდა ბევრი რამის ყიდვა, მაგრამ ახლა უარყოფითმა პროცესებმა ისევ იჩინა თავი", - განუცხადა "რეზონანსს” გივი მომცელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×