დემოგრაფების აზრით, მინიმუმ 10-15 წელი ამ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება
გვანცა წულაია
12.02.2024

საქართველოში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა, რაც ერთი მხრივ, ერის დაბერების და მერე მხრივ, მაღალი ემიგრაციის შედეგია. ქვეყნის მოსახლობა დაბერებისკენ მიდის, ამაზე კარგად მეტყველებს სტატისტიკა, რომელიც წლიდან-წლამდე პენსიონერთა რაოდენობის მატებაზე მიუთითებს. ეს პრობლემაა იმ მხრივაც, რომ ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა წლიდან წლამდე მცირდება.

ბოლო დროს ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. მაგალითად, 2020 წელს საქართველოში 46 502 ადამიანი დაიბადა და გარდაიცვალა - 50 537. 2021 წელს ქვეყანაში - 45 946 ახალშობილი გაჩნდა, მაგრამ დაიღუპა 59 906 ადამიანი, 2022 წელს კი დაიბადა 42 319 და გარდაიცვალა 49 118 ადამიანი. 2023 წლის შედეგი ოფიციალური შედეგი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ზემოთ დასახელებულ წლებს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში ბუნებრივი მატება არ ყოფილა და წლიდან-წლამდე სულ უფრო ცოტა ბავში იბადება.

საქართველოს მოსახლეობა დაბერებისკენ მიდის და ამაზე მეტყველებს ქვეყანაში პენსიონერთა რაოდენობის ზრდაც. 2023 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 838 097-მდე გაიზარდა. ოფოციალური სტატისტიკის მიხედვით, პენსიის მიმღებ პირთაგან 71.1% ქალია, ხოლო 28.9% - კაცი.

რეკორდულია შარაშანდელი მონაცემები, რაც საქართველოში პენსიონერთა რაოდენობას ასახავს. სტატისტიკას თუ ჩავყვებით, ვნახავთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული პენსიონერთა რაოდენობა 155 211-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად კი, 2012 წელს საქართველოში  682 886 პენსიონერი იყო, 2013 წელს - 686 675, 2014 წელს - 697 240, 2015 წელს - 707 709, 2016 წელს - 720 194, 2017 წელს - 732  067, 2018 წელს - 745 001, 2019 წელს - 762 621, 2020 წელს - 783 705, 2021 წელს - 793 751, 2022 წელს - 808 326, 2023 წელს კი - 838 097.

რადგან ასეთი მძიმე დემოგრაფიული სურათია საქართველოში, ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სამთავრობო გეგმა შემუშავდება, რაც სიტუაციას სასიკეთოდ შემოაბრუნებს.

„დემოგრაფია ძალიან რთული საკითხია, მათ შორის ითქვა, რომ მხოლოდ ეკონომიკის ზრდა არ არის ამ პრობლემის გადაწყვეტის გასაღები. შეიძლება ეკონომიკურმა ზრდამ წაახალისოს ნეგატიური დემოგრაფიული ტენდენცია. ამის გამო გვჭირდება კომპლექსური ხედვა და სწორედ ამ კომპლექსური ხედვის წარდგენა მინდა შემოდგომაზე, როდესაც 4-წლიან სამთავრობო პროგრამას წარმოგიდგენთ პარლამენტში. საკითხს, როგორც კი დავამუშავებთ, მაშინვე შეგვიძლია წარვუდგინოთ საზოგადოებას ის გეგმა, რომელიც დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებასთან იქნება დაკავშირებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ მთავრობა არ არის კმაყოფილი არც მიგრაციის, არც შობადობის და არც ქორწინება-განქორწინების მაჩვენებლით.

მძიმე დემოგრაფიულ სურათზე საუბრობენ სპეციალისტებიც. დემოგრაფმა და „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩუბურდანიძემ მწვავე პრობლემის მიზეზები დაასახელა და განაცხადა, რომ  უახლოესი 10-15 წელი ასეთ დაბალი შობადობის ყოფაში მოგვიწევს ცხოვრება.

„სხვათა შორის, ირაკლი კობახიძემ, როდესაც იგი იყო პარლამენტში, ახალ კონსტიტუციაში შეიტანა მუხლი, რომ საქართველო არის დემოგრაფიული პროლემის წინაშე და ქვეყანა ვალდებულია იზრუნოს ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, ველოდი, რომ მის პროგრამაში დემოგრაფიული პოლიტიკა დაიკავებდა ერთ-ერთ მთავარ წამყვან ადგილს და ეს ასეც მოხდა.

მთავარი მიზეზი არის 1990-ინია წლები, როდესაც საქართველოში დაიწყო მიგრაცია, შობადობის კლება, გარდაცვალების მატება. 80-იან წლებში საქართველოში 450 გოგონა დაიბადა. 90-იან წლებში კი მისი ნახევარი, ანუ 225 ათასი გოგონა. ეს თაობა, უკვე შესულნი არიან რეპროდუქციულ ასაკში და ბუნებრივია, რომ გვაძელევენ განახევრებულ შთამომავლობას.

გარდა ამისა, წყვილები უმეტესად არ ქორწინდებიან და თავისუფალ ურთიერთობაში არიან. ამრიგად, ახალგაზრდა წყვილებისთვის გადავადდა ქორწინება. ასევე, გადავადებულია პირველი შვილის ყოლაც. დაქორწინებულების დიდი ნაწილი პირველ შვილი თავიდანვე არ აჩენს, 2-4 წლის შემდეგ იყოლიებენ ბავშვს. სტატისტიკურად ყველაზე მეტი კლება სწორედ პირველ შვილზეა. მე-3, მე-4 და შემდეგ შვილებზე გაზრდილია რაოდენობა. უახლესი 10-15 წელი ასეთ დაბალი შობადობის ყოფაში მოგვიწევს ცხოვრება. შემდეგ უკვე წამოვა ის თაობა, რომლისთვისაც დავიწყეთ დემოფრიული ინიციატივები ბოლო 12 წლის განმავლობაში. ძლიერი დემოგრაფიული პროგრამა რომ არ განგვეხორციელებინა, რომელსაც სხვათა შორის ირაკლი ღარიბაშილი ხელმძღვანელობდა, საქართველოში სამჯერ უფრო მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა.

საერთოდ, დემოგრაფია შედეგს იძლევა ერთი დემოგრაფიული თაობის შემდეგ. დღეს, რომ ინიციატივას განვახორციელებთ, ამის შედეგს მივიღებთ 25 წლის მერე. ახლანდელი დაბადებულები, რომ შევლენ დედობის ასაკში, შემდეგ გავიგებთ რამდენად სწორი პოლიტიკა განვახორციელეთ“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ თამარ ჩიბურდანიძემ და დასძინა, რომ დემოგრაფიული პრობლემის პირდაპირ ბმა ეკონომიკურ მდგომარეობასთან არ შეიძლება,

„ვერ გეტყვით იმას, რომ მიგრაცია არ გაგრძელდება. მოსახლეობა ქვეყნიდან-ქვეყანაში ადვილად მოძრაობას. ეს საერთაშორისო აზროვნებაა და არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი ქართველია, იაპონელია, თუ ამერიკელია. თუ მას გზას გაუხსნი, ის აუცილებლად იმოძრავებს, თუნდაც არ უჭირდეს. ასეთი ფსიქოლოგიაა, წავა, თუნდაც იმიტომ, რომ მას უნდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება. 

ძალიან დიდი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის ძლიერი და მოსახლეობა ამიტომ მიდის ქვეყნიდან. კი, რა თქმა უნდა, სოციალური პრობლემა არის ერთ-ერთი მთავრი პრობლემა, მუშახელიც დაბალანაზრაურებადია, მაგრამ საქართველოდან გაედინებიან მაღალანაზღაურებადი სპეციალისტებიც. ეს არის ზუსტად ევროპული ტიპის მიგრაცია, რომ უფრო მაღალი შემოსავლის მიღებისთვის სხვა ქვეყანაში მიდიან. აქაც ასეა, ვიცნობ ადამიანებს, რომელთაც 3-4 ათასი ლარი ჰქონდათ ხელფასი, მაგრამ მაინც წავიდნენ, რადგან თვლიან, რომ იგივე პროფესიით სხვაგან მეტ ანაზღაურებას მიიღებენ.

დემოგრაფიული პრობლემის პირდაპირ ბმა ეკონომიკურ მდგომარეობასთან არ შეიძლება, რადგან ევროპის წამყვან უძლიერეს სახელმწიფოებსაც აქვს ურთულესი დემოგრაფიული პრობლემები. საქართველოზე მძიმე სურათი აქვს საფრანგეთს, ასევეა გერმანიაც. თუ ეკონომიკასთან კავშირიშია, მაშინ უძლიერეს სახელმწიფოებში რატომ არის დემოგრაფიის პრობლემა? ეს პრობლემა იქმნება იმ ქვეყანაში, სადაც მცირდება და სუსტდება ეროვნული თვითშეგნება ადგილობრივ მოსახლეობაში. ოჯახის კულტი, ფენომენი, მრავალი შვილის ყოლა და ა.შ.“ - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ჩიბურდანიძემ.

მოსახლეობის დაბერება გაზრდა ბიუჯეტსაც ტვირთს უმატებს. მაგალითად, წლის განმავლობაში პენსიის სახით 3 303 646 156 ლარი გაიცა და ეს რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. მაგალითად, 2022 წელს ქვეყანაში პენსის სახით 2 698 627 886 ლარი გაიცა.

პარალელურად ოპოზიციის მხრიდან. გამუდმებით მიდის 1000-ლარიან პენსიაზე საუბარი. მათ კარგად იციან, რომ ქვეყნის ბიუჯეტი ამ ხარჯს ვერ გაწყვდება, თუმცა როგორც თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა, ეს პოლიტიკური სპეკულაციაა ამომრჩეველთა ყველაზე დიდ ნაწილზე.

„პირველი კურსის სტუდენტიც კი მიხვდება იმას, რომ 1000-ლარიანი პენსიის გაცემა შეუძლებელია. ეს პოლიტიკუტი სპეკულაციაა მოსახლეობასთან, რადგან ოპოზიციამ იცის, რომ ამომრჩეველთა ყველაზე დიდი წილი, ასაკობრივი სეგმენტით, მოდის პენსიონრებზე. თითქმის ყველა პენსიონერი მიდის არჩევნებზე, ძალიან აქტიური ფენაა და მათი ხმა სჭირდებათ. ამიტომ ეს მოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია და პენსიონრების მოტყუება. მოხუცებულის, პენსიონერის, ყველაზე მოწყვლადი ფენის მოტყუება, მხოლოდ იმიტომ, რომ ხმა მიიღო, არის პოლიტიკური უზნეობაა“, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ თამარ ჩიბურდანიძემ.

მოსახლეობის დაბერებასა და დემოგრაფიის პრობლემის გაჩენის მიზეზებზე ისაუბრა ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს" დამფუძნებელმა ზვიად ტომარაძემაც და  ხაზი გაუსვა, რომ ჯერჯერობით ამ გამოწვევის მოსგვარებლად რეალური ნაბიჯები არ იდგმება.

„დიდი ხანია დემოგრაფიის პრობლემა არსებობს საქართველოში. სიკვდილიანობა რომ შობადობაზე უფრო მეტი იქნებოდა, ამაზე რამდენიმე წლის წინ აკეთებდნენ დასკვნებს დემოგრაფები. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ იმას, რომ რეალური ნაბიჯები იდგმება.

მძიმე დემოგრაფიული სურათი ორმა მოცემულობამ შეიძლება შეცვალოს. პირველი ეს არის შობადობის ზრდა და მეორე ემიგრანტების საქართველოში დაბრუნებამ, თუმცა რომელ დაბრუნებაზეა საუბარი, პირიქით, უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ქვეყანას. რაც შეეხება შობადობის ზრდას, შესაძლოა, გატარდეს პროგრამები და არ არის აუცილებელი რაღაც ახალი ველოსიპედის მოგონება, რადგან არაერთი ნაშრომი აქვთ დაწერილი ჩვენს დემოგრაფებს. უბრალოდ, საჭიროა სურვილი და ნება.

პარლამენტში შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭო და არ არის შექმნილი მწვავე პრობლემის, დემოგრაფიული საბჭო. ამაზე მხოლოდ ან არჩევნების დროს საუბრობენ ან ისეთ დროს, როცა ამის საჭიროებას ხედავენ, მაგრამ რეალური ნაბიჯები არ იდგმება. არავის არაფერს არ ვუკარგავ, პარლამენტში ნამდვილად დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, რამდენიმე საკითხი გავიდა, თუმცა ეს იყო 2015-2017 წლებში, მას მერე კი სახელმწიფოს მხრიდან პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა, არადა შეიძლება შობადობის წახალისება და ამის პარალელურად ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება და შენარჩუნება.

ეკონომიკური საკითხებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ახალშექმნილ ოჯახს, რა თქმა უნდა, სჭირდება საცხოვრებელი, რომელიც საქართველოში უკვე ძალიან მაღალი ფასი ადევს. ბავშვის ხარჯები იქნება თუ სხვა რამ, ოჯახს სჭირდება შემოსავალი, რომ გასწვდეს ყველაფერს. ჩვენი ახალგაზრდობის დიდ ნაწილს ეს სახსრები არ გააჩნია და ამის გამო, ბევრი იკავებს თავს დაოჯახებისგან. თუ ოჯახი არ შეიქმნა, შესაბამისად, ბავშვიც არ დაიბადება, ან თუ იბადება ერთ შვილზე კმაყოფილდებიან, რადგან არ აქვთ შესაბამისი პირობები“, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ზვიად ტომარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×