თუკი აქამდე მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, ახლა აშკარა გახდება თუ რამდენად ძვირი მენიუ აქვთ კვების ობიექტებს
ქეთო გოგოხია
12.02.2024

კვების ობიექტებს მომხმარებლებისთვის ამიერიდან ჯამური ფასის მითითების ვალდებულება ექნებათ. ამას აქამდე მხოლოდ რესტორნების ნაწილი აკეთებდა, უმეტეს შემთხვევაში კი, ფასის დადგენა რიგი ხარვეზით ხდებოდა, რაც დიდ გაუგებრობას იწვევდა. იმის გამო, რომ მენიუში არ იყო შეტანილი დღგ და მომსახურების საკომისიო, მომხმარებელი ხშირად ტყუვდებოდა ფასში, რაც მისი უფლებების უხეში დარღვევაა. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც კლიენტს მენიუში წარმოდგენილი ფასისგან აბსოლუტურად განსხვავებული საბოლოო ანგარიში მისდიოდა.

ამ ეტაპზე კვების ობიექტებისთვის ხარჯის ნაწილში არაფერი იცვლება, თუმცა რესტორნების სტუმრებს სერიოზული ,,სიურპრიზი“ ელით, ვინაიდან ისინი ფასში სხვაობას საკუთარი თვალით იგრძნობენ. მომხმარებლების ნაწილი მწარე ირონიით იმასაც ამბობს, რომ "45-ლარიანი ხაჭაპური" უკვე ჩვეულებრივი ამბავი შეიძლება გახდეს და ყველაზე იაფი კერძის ფასიც კი საგრძნობლად გაიზარდოს, რაც დიდ გაურკვევლობას გამოიწვევს.

ყოველ შემთხვევაში, როგორც მომხმარებელთა უფლების დამცველი ორგანზიაცია ,,ეტიკის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, კლიენტებისთვის ,,გაძვირდება“ მომსახურება, ანუ ფასი ხილული გახდება, თუმცა ამას ერთი დადებითი მხარე აქვს, რომ უკვე ვერავის მოატყუებენ.

,,კვების ობიექტების დიდი უმრავლესობა მიჩვეულია მომხმარებლების თვალსა და ხელს შორის მოტყუებას, რისთვისაც უკვე ყველანაირ მანიპულაციაზე მიდის. არ გადავაჭარბებ, რომ ასეთ შემთხვევებს მასობრივი ხასიათი აქვს. ჯამური ფასი თითქმის არასდროს იყო მითითებული, რაც გადახდის დროს სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევდა.

ვთქვათ, რომელიმე რესტორანში ადამიანმა პერსონაზე შუკვეთა 10 ხინკალი და ერთი კათხა ლუდი. თუკი ამ პროდუქტების ფასი იცის (პირობითად ხინკალი - 1,5 ლარი და 1 კათხა ლუდი - 3 ლარი), მას ტყუილად გქონია, რომ 18 ლარს გაადიხდის, როცა ჯამურად ხდება დათვლა და სხვადასხვა კომპონენტი ემატება, მომხმარებელს უკვე 30 ლარამდე უწევს გადახდა, თითქმის ორმაგდება ხარჯი“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ამირან შენგელიამ.

მისი ინფორმაციით, ეს არ არის ერთადერთი შემთხევვა, როცა მომხმარებელი ზარალდება კაფე-ბარებსა და რესტორნებში, განსაკუთრებით კი მომსახურების ნაწილში.

,,საერთოდ, მომსახურების ხარჯის დაკისრება მოხმმარებლისთვის არაკორექტული მგონია ბიზნესის მხრიდან. სექტორი ისედაც იმხელა მოგებაზე მუშაობს, რომ ამ ხარჯს არ უნდა აკისრებდეს მომხმარებელს. ამასთან, საკუთარი სასმელით ან ვთქვათ, ტორტით შესვლა რესტორანში უკვე მენიუს ხარჯის 22%-ია, რის გადახდასაც სტუმრებს კვების ობიექტები აიძულებენ.  გამოდის, რომ სარესტორნო ბიზნესის მოხმმარებელი დღეს, ფაქტობრივად, არ არის დაცული.

რა ფასწარმოქმნით მუშაობენ გაურკვეველია. დღგ-ს მომხმარებელი არ უნდა იხდიდეს, არამედ წარმოება. რესტორნებს  სამმაგი მოგება რჩებათ და ამ დროს სრული განუკითხაობაა. სექტორი ამ დროს მუდმივად პრობლემაზე წუწუნებს. მიმაჩნია, რომ რეგულაციები კიდევ გასამკაცრებელია, მომხმარებლის უფლება უფრო უნდა იყოს დაცული“, - აღნიშნა ამირან შენგელიამ.

რაც შეეხება კვების ობიექტების პოზიციას, სექტორში აცხადებენ, რომ რეგულაცია რეალურად აქმადეც იყო, თუმცა ახლა მეტი კონტროლი დაწესდება ტარიფის დადგენის კუთხით, რაც გაურკვევლობას და ეჭვებს გააქარწყლებს. რესტორან ,,ნამდვილის“ დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ამიერიდან ყველა ობიექტს მოუწევს ერთიანი ხარჯის დადგენა და შეთავაზება მომხმარებლისთვის, რაც დადებითი პროცესია და მომხმარებლებთან ურთიერთობაშიც მეტ პოზიტივს შეიტანს.

,,რეგულაციის შესრულება არანაირ დამატებით ხარჯს არ უკავშირდება და შესაბამისად, ის ფასებზე გავლენას ვერ მოახდნს.  რა გადაწყვეტილებაც კონკურენციის სააგენტომ მომსახურების ფასთან დაკავშირებით მიიღო, აქამდეც სრულდებოდა ზოგიერთი ობიექტში, მაგრამ ბევრიც არ ასრულებდა, ესეც ცნობილია. შესაბამისად, მომხმარებლის კუთხით იყო გარკვეული პრეტენზიები, უკმაყოფილება და სახელმწიფომ მათი უფლების დაცვის მიზნით ეს ვალდებულება დააწესა. სულ ეს არის, რასაც კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება ემსახურება.

ვფიქრობ, სწორი ნაბიჯია, ვინც წესს იცავდა, მისთვის არაფერი შეიცვლება, მაგრამ ბევრს ხარვეზის გამოსწორება მოუწევს. ფასი არ იქნება ,,დამალული“  და სტუმარს წინასწარვე ეცოდინება, რამდენი უნდა გადაიხადოს. არანაირ ზედმეტ ხარჯს არ უკავშირდება და არც ტარიფებზე აისახება“, - აღნიშნა ბურჯანაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

ის, რომ მომხმარებლები გაუთვალისწინებელი ხარჯის გამო ხშირად ვარდებიან უხერხულ სიტუაციაში, რესტორან „მაჭახელას“ დამფუძნებელი, ვანო სტურუაც ადასტურებს. იგი ახალ დადგენილებაში პრობლემას ვერ ხედავს ბიზნესისთვის.

"ხშირად გვაქვს ხოლმე შემთხვევა, როდესაც მომხმარებლები, მეტწილად ტურისტები ფასის გამო გაურკვევლობაში ვარდებიან. ისინი მენიუში არ კითხულობენ ხოლმე ფასი დღგ-ს ან მომსახურების საკომისიოს მოიცავს თუ არა და ამის გამო, პრობლემებიც გვქონია. საბოლოო ჯამში, რესტორნებისთვის ახალი დადგენილება ცუდი არ იქნება. ბევრ რესტორანს მენიუში არც პროცენტი და არც მომსახურების საკომისიო არ შეჰყავს. ჩვენთან, მაგალითად, დღგ უკვე შესულია, მომსახურების საკომისიოც შევა და ამაზე არანაირი პრობლემა აღარ იქნება,“-  აღნიშნა სტურუამ.

თუმცა არიან უკმაყოფილოებიც. რესტორნების „შავი ლომის“, „ნინიას ბაღის“ და კაფე „ლეილას“ დამფუძნებელი მერიკო გუბელაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებით სექტორში არაფერი იცვლება, მეტიც, მისთვის გაუგებარია „რატომ დაიხარჯა საკანონმდებლო თავი“.

„იყოს წარმოდგენილი მენიუ სრული ღირებულებით, არანაირი პრობლემა არ გვაქვს. კომუნიკაცია არავის ჰქონია ჩვენთან გადაწყვეტილების მიღებამდე, სხვასთან თუ ჰქონდათ, არ ვიცი. აქამდე ზოგს სრული ღირებულებით ჰქონდა მენიუ, ზოგს - არა. ჩვენ გამოტანილი გვქონდა გარეთ და ეწერა, რომ დღგ ამ ფასს არ მოიცავს და ემატება მომსახურების საფასური. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს არაფერს არ გვიცვლის.

ბევრად უფრო სიღრმისეული და აზრიანი ცვლილებები გვჭირდება საკანონმდებლო კუთხით, რომელსაც გამიზნულად თუ გაუმიზნავად არ აკეთებენ და ეს სისულელეა. გაუგებარია ჩემთვის ამ მხრივ რატომ დაიხარჯა საკანონმდებლო თავი. ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ჩვენს სფეროს და კარგი იქნებოდა, თუ ვინმე დაგველაპარაკებოდა. სფეროს სჭირდება ცვლილება, დახმარება და მოსმენა სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა გუბელაძემ.

ის, რომ გაურკვევლობაა რესტორნის ხარჯთან დაკავშირებით, მომხმარებლებიც ადასტურებენ. თბილისელი ლია გოგუაძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ იხსენებს, თუ რამდენჯერ ჩავარდნილად კლიენტები უხერხულ სიტუაციაში. ცალკე საკითხია ფასიც, რომელიც ერთი შეხედვით, ,,გაძვირებულად“ შეიძლება გამოჩნდეს და დიდი გაუგებრობა გამოიწვიოს.

,,კლიენტი ხედავს ფასს, რომელიც აღნიშნულია მენიუში და ამის მიხედვით უკვეთავს. ზოგს წარმოდგენაც არ აქვს, რომ მეტის გადახდა მოუწევს. არის შემთხვევები, როცა კლიენტს თანხა არ ყოფნის და პატრულის გამოძახება გამხდარა საჭირო ან ვიღაც  ბოლო თეთრამდე იხარჯება. მართლა დიდი გაუგებრობაა.

ახლა ისე მოხდება, რომ მორიგ შოკს მიიღებენ, როცა წინასწარ გაეცნობიან ხარჯს, ამისთვსიაც უნდა ვიყოთ მზად. მე პირადად არ გამოვრიცხავ, ბოსტნეული სყველაზე მარტივი  სალათაც კი 20 ლარამდე ,,გაუძვირდეს“ მომხმარებელს, რაც შემდეგში უკვე ხაჭაპურის თემასაც გადაფარავს, დიდი გაუგებრობა გველის“, - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ ლია გოგუაძემ.

ინიციატივას გამოეხმაურნენ მთავრობაშიც. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი და საგადასახადო სამართლის ექსპერტი ზურაბ ძნელაშვილი იწონებს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას, რესტორნებმა მენიუში ფასი დღგ-ის და მომსახურების ხარჯის ჩათვლით რომ უნდა მიუთითონ. მხოლოდ  მენიუს ბოლოში მითითება, რომ ფასები არ მოიცავს დღგ-ს, არასაკმარისია.

"კვების ობიექტების მიერ საქონლის/მომსახურების ფასის დღგ-ს გარეშე მითითება სააგენტოს მიერ არასწორად ჩაითვალა! ძალიან სწორი პოზიციაა, რაც გამომდინარეობს არა მხოლოდ მომხმარებლის დაცვის მიზნებიდან, არამედ ასევე საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.

დღეს ასეთი მიდგომით (ვგულისხმობ, ფასების მითითებას დღგ-ს გარეშე) მუშაობს ძალიან ბევრი ცნობილი ბრენდული კვების ობიექტი (და ზოგიერთი სასტუმროც), რაც არასწორია.

იქნებ ამის შემდეგ მაინც დაესვას წერტილი ფასებით მანიპულირებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას. მენიუს ბოლოში მითითება რომ ფასები არ მოიცავს დღგ-ს, არასაკმარისია. დღგ-ის გადამხდელის მიერ საქონლის/მომსახურების ფასი მომხმარებლისთვის გაცხადებული უნდა იყოს დღგ-ის ჩათვლით. ყველა სხვა შემთხვევა არასწორია. აღნიშნული საკითხი დავსვი სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ბოლო კონფერენციაზე და მიხარია, რომ იგი გაზიარებულია. მადლობა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სწორი განმარტებისთვის", - დაწერა სოციალურ ქსელში ფინანსთა მინისტრის მრჩეველმა.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  2024 წლის იანვარში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სააგენტოში 60 განაცხადი დაფიქსირდა. აღნიშნულ  პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით,  მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×