"შეიძლება 30 წელია ქვეყანა არსებობდეს და ფინანსების მოძიების ერთადერთი წყარო იყოს ბანკები?"
ირმა ჩიტაია
08.02.2024

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესის უმეტესობა მხოლოდ ქაღალდზეა. ისინი  ჩანსახშივე კვდებიან. ეს ნიშნავს, რომ სექტორს რეალურად უჭირს. სტატისტიკურად ბევრი ბიზნესი რეგისტრირდება, იხსნება, მაგრამ არსებობას მხოლოდ მცირე ნაწილი აგრძელებს, რაც ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა.

ზოგადად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ეკონომიკური წინსვლისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. საწარმოების რეგისტრაციის აქტიური ტემპი კი ამ ნაწილში ბიუროკრატიის გამარტივებით არის განპირობებული, რითაც საქართველო მოწინავე ქვეყნების ათეულშია.

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტის მიხეილ ჭელიძის ინფორმაციით, რეგისტრირებული კომპანიებიდან 26%-ია აქტიური, ანუ 1 ლარს მაინც იხდის გადასახადს, დანარჩენი 1 წელში კვდებიან.

დღესდღეობით ძნელია თქვა, თუ რატომ ვერ ვითარდება დარეგისტრირებული საწარმოების უმრავლესობა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბაირახტარი ადასტურებს, რომ ბიზნესის რეგისტრაცია მხრივ რეიტინგის ლიდერები ვართ, მაგრამ შემდეგ უკვე ბევრი პრობლემა ჩნდება.

"ყველა სექტორს თავისი გამოწვევევა აქვს. საჭიროა მოხდეს ძირფესვიანი შესწავლა იმისა, რა არ ვითარდება. მაგალითად, ზოგიერთს აქვს კადრების პრობლემა, ზოგს, ფინანსების, ზოგს ექსპორტზე თავის დამკვიდრების, ნაწილსაც ადგილობრივ ბაზარზე ორიენტირებული პრობლემები და ა.შ. ეს ყოვლისმომცვლელი თემაა, რომელიც მთლიანად ეკონომიკურ სექტორს მოიცავს. ამიტომაც, კონკრეტულად ხაზგასმა იმისა, რომ ბიზნესის დიდი ნაწილი, რატომ ვერ განვითარდა ძალიან რთული ასახსნელია", - განაცხადა ,,რეზონანსთან"  პაატა ბაირახტარმა.

ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისთვის ფინანსები აუცილებელია. მაღალი საპროცენტო განაკვეთიც მეწსრმეებისთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია, თუმცა ამ მიმართულებით სახელმწიფო აქტიურად მუშაობს და ბევრ ხელშემწყობ პროგრამებსაც ახორციელებს.

,,რაც შეეხება ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ეს პრობლემაა, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთლიანი რეგიონის. მით უმეტეს მაშინ როცა, მაღალი ინფლაციისა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობებში უწევს ქვეყანის ეკონომიკას მუშაობა. ისიც უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს აქვს ძალიან ბევრი პროგრამა, რომელიც ფინანსებზე  ხელმისაწვდომობას ამარტივებს. ასეთია სესხის თანამონაწილეობა, სესხის სუბსიდირება, პროგრამა "აწარმოე საქართველოში", "დანერგე მომავალი" და სხვა. ზოგადად დიდი ძვრებია სოფლის მეურნეობის მიმართულებით და არის ბევრი პროგრამა.

ამიტომაც, მხოლოდ ეს აღვიქვათ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არასწორი იქნება, თუმცა, ცახადია გამოწვევა არსებობს. შესაბამისად, მისი მინიმიზებისათვის ბევრი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო", - აღნიშნა ბაირახტარმა.

დღევანდელი რეალობა ისაა, რომ დარეგისტრირებული საწარმოების 3/4-ს განვითარების პერსპექტივა არა აქვს და ბიზნესი ჩანასახშივე კვდება. ამ საკითხს, ხელისუფლების მხრიდან არასწორი მიდგომით ხსნის ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი. მისი აზრით, ქვეყანასში არსებული ცუდი ბიზნესგარემო, იწვევს რეგისტრირებული კომპანიების ჩანასახსივე გაქრობას, რაშიც დიდი როლი ბანკებსაც მიუძღვით.

,,როგორც ამბობენ, ბიზნესის წამოწყების კუთხით საქართველო მოწინავეა. რეალურად, ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება შეუძლია ერთ საათში დაარეგისტრიროს იურიდიული ფირმა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სიცოცხლისუნარიანი იქნება. ეს ბევრ განვითარებულ ქვეყნაში, სანამ ბიზნეს დაიწყებ, სავალდებულო ტრენინგებს გადიან. ისინი მომზადებული შედიან ბაზარზე. მართალია, ისინი რეგისტრაციის რეიტინგში ჩამოგვრჩებიან, მაგრამ მათი ბიზნესი, ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანია. შესაბამისად, ეს რეგისტრირების რეიტინგი შეიძლება ითქვას, რომ სრული სისულელეა და ეკონომიკის განვითარების კუთხით არაფრის მომცემია.

ჩვენ მძიმე ბიზნესგარემო გვაქვს და ამიტომაც ვერ ვითარდება ახალი ბიზნესები. აბა, როგორ უნდა იარსებოს საწარმომ იქ, სადაც ერთადერთი ფინანსების მოძიების წყარო კომერციული ბანკებია? სესხებზე ძალიან მაღალი პროცენტებია. წარმოდგენა იქმნება, რომ ბანკი დაინტერესებულია ფირმები გაკოტრდნენ. ურჩევნია, რომ ბიზნესმა სესხი ვერ გადაუხადოს და მთლიანად ხელში ჩაიგდოს, ვიდრე გადახდისუნარიანი იყოს", - განუცხდა "რეზონანსს" მერაბ ჯანიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ხელს უწყობენ მონოპოლიებს, რომელიც ეწინააღმდეგება ბიზნესის განვითარების პრინციპებს. ასეთ ფონზე ვერც მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ განვითარდება და ვერც სიღარიბე დაიძლევა.

,,ჩვენთან მონოპოლიების ხელშეწყობაა. ისეთი სისტემაა, სადაც მდიდარი უფრო უნდა გამდიდრდეს. არსებული სისტემით სიღარიბის დაძლევა წარმოუდგენელია. სფეროების უმრავლესობა მონოპოლიზებულია. ხელისუფლება ლობირებს მათ და არ უწყობს კონკურენციას. არ ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებაში. შეიძლება 30 წელია ქვეყანა არსებობდეს და ფინანსების მოძიების ერთადერთი წყარო იყოს ბანკები, რომლებიც მომგებიანობით მსოფლიო ათეულში არიან ამ ღარიბ ქვეყანაში.

არ ფინანსდება ის სფეროები, რომლებიც განვითარებას და წინსვლას გამოიწვევს ბაზარზე. სწორი მიმართულებით არ ხდება ფინანსების გადანაწილება. სანამ რამე არ შეიცვლება, მუდმივად ვიქნებით ისეთ პირობებში, სადაც უმუშევრობა და სიღარიბე ძალიან მაღალი იქნება. თუ ძირეულად არ შევცვალეთ მიდგომა ბიზნესის განვითარების კუთხით, შეუძლებელია ასეთ სისტემაში მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს", - დასძინა ჯანიაშვილმა ,,რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×