ირაკლი კობახიძე საერთოდაც მის განულებას არ გამორიცხავს
გვანცა წულაია
08.02.2024

საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი წლიდან-წლამდე მცირდება. აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს ქვევით სულ უფრო ნაკლები ადამიანი რჩება. მთავრობის ახალი მეთაური კი ამბობს, რომ თუ ბოლო 3 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენარჩუნდა, სიღარიბის განულება `მალე მიიღწევა". სიღარიბის განულება რეალობისგან შორსაა, მაგრამ ეკონომისტები ამბობენ, რომ მისი შემცირება ნამდვილად შესაძლებელია.

2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლი მნიშვნელოვანად შემცირდა. ოფიცილურ სტატისტიკას თუ ჩავხედავთმ ვნახავთ, რომ `ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დროს (2012 წელი) სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მოსახლეობის 30% იყო. 2013 წელს - 26.2%, 2014 წელს - 23.5%, 2015 წელს - 21.6%, 2016 წელს - 22%, 2017 წელს - 21.9%, 2018 წელს - 21.1%, 2019 წელს 19.5%, 2020 წელს - 21.3%, 2021 წელს - 17.5% იყო, 2022 წელს - 15.6%. გამოდის, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 14.4%-ით შეამცირდა.

კლების ტენდენციის მიუხედავად, საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სწორედ ეს საკითხია. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ნახევარი მლნ ადამიანი კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმაა, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

"30% იყო სიღარიბე 2012 წელს და 2022 წლის მაჩვენებელი არის 15.6%. ეს ნიშნავს, რომ ნახევარმა მლნ ადამიანმა თავი დააღწია სიღარიბეს. თუმცა, კვლავ გვაქვს ძალიან მძიმე მაჩვენებელი. ნახევარი მლნ ადამიანი კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმაა, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული პრობლემაა.

რაც შეეხება იმას, თუ რა ტემპებში და ვადებში დავძლევთ სიღარიბეს. აქ იყო ნახსენები 0.7% 2027 წლის ჩათვლით, ასეთ შემთხვევაშიც კი, 100 000 ადამიანი დაძლევს სიღარიბეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა, რაც დაკავშირებულია ეკონომიკის ზრდასთან. ბოლო 3 წელი ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი გვქონდა, თუ ასეთ ტემპს შევინარჩუნებთ, მერწმუნეთ, ბევრად უფრო მალე იქნება მიზანი მიღწეული, რომელსაც ჰქვია სიღარიბის განულება. მთავარია, ეკონომიკური ზრდა", - განაცხადა კობახიძემ.

სიღარიბის განულება ძალიან კარგი სურვილია. ეკონომისტები ამბობენ, საქართველოს მაჩვენებლის შემცირების პოტენციალი ნამადვილად გააჩნია. გიორგი ცუცქირიძე ვარაუდობს, რომ უახლოეს სამ წელში შესაძლებელი სიღარიბის აბსოლუტურად ზღვარს ქვევით მოსახლეობის მხოლოდ 8-10% იყოს.

"საერთოდ, სიღარიბის მაჩვენებლის შეფასება ხდება, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც, რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობა. პირველი ეს ეკონომიკური განვითარება, შემდეგ დასაქმება, საშუალო ხელფასი, პენსიის მაჩვენებელი და სხვა მიმართულებები. ასევე, სხვადასხვა სოციალური პროგრამები, პაკეტები რადგან საუბარი არის ძირითადად მოწყვლად ჯგუფებზე. ამ და სხვა ფაქტორებით ხდება სიღარიბის შეფასება და არა მხოლოდ იმ კრიტერიუმით საშუალო ხელფასმა მოიმატა თუ არა.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად იზრდება. ეს კი მნიშვნელოვნად გაზრდის ბიუჯეტსაც, რაც ბუნებრივია სხვადასხვა სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე წავა და ეს პირდაპირ აისახება სიღარიბის შემცირებაზე. ეკონომური ეინსვლა სამუშაო ადგილებსაც გააჩენს, რაც ბუნებრივია, პოზიტიურად აისახება ადამიანთა კეთილდღეობაზე. პირობითად, ვინც ჯერ უმუშევარია, შემოსავალი გაუჩნდება და ამ გზითაც შემცირდება სიღარიბე. ასეთ შემთხვევაში, ადამიანები გადავლენ მოწყვალადი ჯგუფიდან საშუალო შემოსავლიანთა კატეგორიაში.

2012 წელს აბსოლუტური სირარიბის ზღვარს ქვევით, ანუ ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფი, იყო მოსახლოების 30%. ფაქტიურად, ყოველი მესამე ადამიანი გადიოდა ამ კატეგორიაში. 2022 წელს მაჩვენებელმა 15.6%-მდე დაიკლო და საშუალოდ რომ დავთვალოთ, სიღარიბის ზღვარს ქვევით ახლა ყოველი მეექვსე ადამიანია.

გვაქვს შანსი, რომ 8-10%-მდე ჩამოვიდეს მაჩვენებელი და ასეთ შემთხვევაში ყოველი მეათე ადამიანი იქნება სიღარიბის ზღვარს ქვევით. ამ მონაცემებში ვგულისხმობ უახლოეს სამ წელიწადს”, - განუცხადა "რეზონანსს” ცუცქირიძემ.

სიღარიბის დაძლევის მთავრი ბერკეტი სწრაფი ეკონომიკური ზრდაა. ასეთ შემთხვევაში სასურველი შედეგი ბევრად მალე გვექნება. ამის მიღწევა კი, ეკონომიკის დოქტორის ირაკლი მაკალათიას ვერსიით, აქტივების განკერძოებით მოხდება.

"მთავარი ფაქტორი არის ეკონომიკის ზრდა, რასაც ასტიმულირებს კერძო სექტორი. ეკონომიკაში კერძო სეტქორის წილი უნდა გაიზარდოს. რეალურად, ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ გვქონდეს ეკონომიკის მაღალი, ორნიშნა მაჩვენებელი. ეკონომიკური აქტივების 70% ჯერ კიდევ არის სახელმწიფო საკუთრებაშია, მთავრობის ბალანსზეა. ამაში ვგულისხმობ სასოფლო-სამეურნეო მიწებს, წიაღს, ტყეს, წყლის რესურს, უამრავ შენობა-ნაგებობას, სახელმწიფო კომპანიებს და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ რესურსი არ მუშავდება, არ არის ეკონომიკაში ჩართული და მისი ეკონომიკური სარგებელი დღეს არის ნული., რა ეკონომიკური ზრდაც გვაქვს და რასაც ვაღწევთ, არის იმ 20-30%-ის დამსახურება, რაც ეკონომიკაშია ჩართული.

პოლიტიკოსებმა, მთავრობა იქნება, თუ ოპოზიცია, აქცენტი უნდა გააკეთონ სწორედ ამ აქტივების განკერძოებაზე, სახელმწიფო საკუთრებიდან გადავიდეს კერძო სექტორში, საქართველოს მოქალაქეების საკუთრებში. აქტივების გაცოცხელება გამოიწვევს იმას, რომ გაჩნდება ახალი ბიზნესი, გვეყოლება მეტი დასაქმებული ადამიანი, გაიზრდება შემოსავლები.

პლუს ამას ეკონომიკური რეგულაციების შემსუბუქება. გაუქმება იდეალურია, მაგრამ მაქსიმალური შემსუბუქებაც კარგია. ამით შევძლებთ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, დანარჩენ შემთხვევაში ყოველთვის გვექნება 5-6%, რაც ინერციით სვლას ნიშნავს~, - განუცხადა "რეზონანსს” ირაკლი მაკალათიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×