"საჰაერო სივრცით გადაადგილების უკვე ყველას ეშინია, ამიტომ ჯავშნები უქმდება"
გვანცა წულაია
13.10.2023

ისრაელში დაწყებული ომი საქართველოს ტურიზმის სექტორზე გავლენას იქონიებს. ისრაელიდან საქართველოში ვიზიტორები აქტიურად შემოდიოდნენ, თუმცა ახლა ეს მიმართულება დიდი საფრთხის ქვეშაა. ცნობილია, რომ უკვე უქმდება ჯავშნებიც და კომპანიებს, რომლებიც ისრაელის ბაზარზე მუშაობდნენ, დიდი პრობლემები ელით.

ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ომით საქართველოში ტურისტული ნაკადი შემცირდება. ისრაელიდან შემოსული ვიზიტორები ქვეყანაში არც ისე ბევრს ხარჯავენ, თუმცა ამ სეგმენტის გამოკლება, მაინც უარყოფითად იმოქმედებს.

ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელძღვანელის, დარგის სპეციალისტის მაია სიდამონიძის განცხადებით, ისრაელიდან ვიზიტორთა ოდენობა მზარდი იყო, მაგრამ ომის გამო პრობლემები უკვე აშკარაა.

„საერთოდ, ისრაელიდან ვიზიტორები სტაბილურად გვყავს ძალიან დიდი ხანია და, რა თქმა უნდა, ომს გავლენა ექნება, მაგრამ როგორი შედეგი დადგება ამას დრო გვიჩვენებს. როგორც ვხვდები, ამ ეტაპზე, გარდა მოგზაურობის მოტივაციისა და სურვილისა, ტრანსპორტის პრობლემაც იქნება. ავიარეისების კუთხით შეზღუდვა დაწესდება.

აქამდე თუ ჯგუფები ჩამოდიოდნენ, ახლა არის იმის საფრთხე, რომ ვეღარ ჩამოვიდნენ, თუმცა ეს ყველაფერი დროში რამდენად გაიწელება, არ ვიცით, რადგან ადრეც ყოფილა კონფლიქტი და მალე ჩამთავრებულა.

ზოგადად, არა მხოლოდ ისრაელიდან, არამედ ყველა ქვეყნიდან, საიდანაც კი საქართველოში შემოდიამ, დაბალმხარჯველიანი ვიზიტორები მოდიან, ამიტომ კერძო სექტორი თავისი ხარჯებისა და ბევრი რაღაცის მიუხედავად, თავის საქმიანობას ვერ ზრდის იმ დონეზე, რომ შემოსავლიანი იყოს. პირიქით, დროთა განმავლობაში მხარჯველუნარიანობა უფრო და უფრო ქვევით მოდის, რადგან სულ უფრო მეტად ეკონომიაზე აქცენტირებული ჯგუფები შემოდიან საქართველოში“, - განუცხადა „რეზონანსს“ სიდამონიძემ. 

ირკვევა, რომ ისრაელიდან ჩამოსული სტუმრები საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების ვიზიტორებზე მეტს და ევროპელებზე ნაკლებს ხარჯავენ. სწორედ ამაზე საუბრობს ტურიზმის სფეროს სპეციალისტი მანანა ალადაშვილი, რომლის აზრითაც ომს ჯერჯერობით არსებითი გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ უარყოფითი მოლოდინი არსებობს.

„ომი ზოგადად ტურიზმზე ახდენს დიდ გავლენას, რადგან უკვე ყველას ეშინია საჰაერო სივრცით გადაადგილება. არავის აქვს გარანტია, რომ რამე არ მოხდება. საქართველოდან გამსვლელებიც კი ცდილობენ, რომ თავი შეიკავონ მგზავრობისგან.

ახლა, რა თქმა უნდა, არ არის აქტიური ისრაელის მიმართულება, რეისებიც თითქმის შეჩერდა. ზოგადად, ისრაელიდან აქტივობა დიდია. ხშირად გვყავს სტუმრები ამ ქვეყნიდან, მაგრამ ვიზიტორები არც ისე მხარჯველები არიან, თუმცა ჩვენი მეზობელი, მოსაზღვრე ქვეყნების სტუმრებისგან განსხვავებით ისრაელიდან ჩამოსული მოქალაქეები უფრო მეტს ხარჯავენ, მაგრამ ევროპელებზე ნაკლებს“, - განუცხადა „რეზონანსს“ ალადაშვილმა.

საქართველოს ისრაელიდან მრავალგვარი ტურისტული ნაკადი სტუმრობდა და ახლა, ის კომპანიები, რომლებიც მხოლოდ ისრაელის ბაზარზე მუშაობდნენ, ძალიან დაზარალდნენ. როგორც ტურ-ოპერატორთა ხელმძღვანელმა ია თაბაგარმა განაცხადა,  ოქტომბერში ისრაელიდან ტურისტების შემოსვლა აქტიურდებოდა ხოლმე, მაგრამ ახლა ჯავშნების გაუქმება თვალში საცემია.

„ისრაელი უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში საქართველოს ერთგული პარტნიორი იყო. ძალიან ბევრი ტუროპერატორი თუ ინდივიდუალური მოგზაური ჩამოდიოდა საქართველოში და თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ისრაელი არის ის ქვეყანა, საიდანაც მრავალჯერადი ვიზიტები გვქონდა. ის ადამიანები, რომლებიც უკვე იყვნენ წლების წინ საქართველოში, კიდევ და კიდევ ჩამოდიოდნენ - ზოგიერთი 5-ჯერ, ათჯერაც იყო ნამყოფი. ამით ისრაელი ყოველთვის გამოირჩეოდა. კავკასიის ქვეყნებს არ შევადარებ, მაგრამ აღმოსავლეთიდან ნომერ პირველი ქვეყანაა, საიდანაც შეიძლებოდა სწორი გათვლები გაგვეკეთებინა და ვაკეთებდით კიდეც.

ისრაელი საკმაოდ მყარი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის. ისინი საშუალო და საშუალოზე დაბალი მხარჯველები არიან, თუმცა იყვნენ მაღალმხარჯველი ვიზიტორებიც. ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ზოგადად, ძალიან კარგ იმიჯს უქმნიდნენ საქართველოს. მათ ჩვენი ქვეყანა უყვართ და ძალიან აფასებდნენ გასტრონომიულ კულტურასაც, ბუნებასაც და ა.შ.

ახლა უამრავი ჯავშანი უქმდება, როცა წელიწადის ამ დროს ძალიან გახშირებული იყო ისრაელიდან ვიზიტები. არა მხოლოდ პირდაპირ ისრაელიდან გაუქმდა გარკვეული ტურები, არამედ ამერიკული ჯგუფებიდანაც. რომლებიც მომდევნო კვირებში აპირებდნენ ჩამოსვლას. ამ ჯგუფებშიც იყვნენ ებრაელები, რომლებმაც ასევე გააუქმეს თავიანთი ჯავშნები.

ისრაელის ომი კიდევ უფრო აისახება ტურისტული ნაკადის შემცირებაზე საქართველოში. მოლოდინები არის საკმაოდ ნეგატიური. ის კომპანიები, რომლებიც მხოლოდ ისრაელის ბაზარზე მუშაობდნენ, ძალიან დაზარალდნენ და არავინ იცის, როდის აღდგება ტურიზმი.

გამოცდილებამ გვაჩვენა და ყოველთვის ვამბობთ, რომ არ უნდა ვიყოთ კონკრეტულ ერთ ქვეყანაზე მიბმული. გამოსავალი არის, პირველ რიგში, დასავლეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები, ჩრდილოეთ ამერიკა, სადაც ძალიან უნდა გავზარდოთ ჩვენი მარკეტინგი და მაქსიმალურად უნდა მოვიზიდოთ იქიდან ხალხი“, - განაცხადა გადაცემა „საქმეში“ ია თაბაგარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×