შეიძლება სავალუტო ფონდის პროგნოზსაც კი გადავაჭარბოთ, რადგან სსფ-ს გათვლა კონსერვატული და მოზომილია
გვანცა წულაია
12.10.2023

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთან დაკავშირებით საკმაოდ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა. საუბარია გრძელვადიან, 2022-28 წლის პროგნოზზე, რომელის მიხედვითაც, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ის ზრდის ტემპით 193 სახელმწიფოს შორის მეორე ადგილზეა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი - პირველ ადგილზე. ეკონომისტები ამბობენ, რომ იმ ტემპით, რომელიც ბოლო წლებში ქვეყანას აქვს, ასეთი შედეგის მიღწევა რეალურია და არც უკეთეს მაჩვენებელზე გასვლაა გამორიცხული.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022-2028 წლების განახლებულ შეფასებასა და გრძელვადიან პროგნოზში ასევე ნათქვამია, რომ მომდევნო ხუთ წელში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 54%-ით გაიზრდება.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის შესაფსებისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ განაცხადა, საქართველო სწორი ეკონომიკური მიმართულებით ვითარდება.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება მიუთითებს, რომ ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით სწორი მიმართულებით. საშუალო ზრდის ტემპი რომ გაგრძელდეს შემდგომ წლებში 2030 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 15 ათას აშშ დოლარს გადააჭარბებს, რაც რეალურად იმის დამაჯერებელ პერსპექტივას ქმნის, რომ საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს", - განაცხადა დუნდუამ.

საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში კარგ შედეგზე გადის. პოსტპანდემიური პერიოდი ქვეყნისთვის საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდა და თვეების მანძილზე ქვეყანა ორნიშნა მაჩვენებლით იზრდებოდა. ტემპი არც წლეულს დავარდნილა და მშპ-ს 2023 წელსაც მზარდია, ამიტომ ეკონომისტები ამბობენ, რომ საერთაშიროსო სავალუტო ფონდის პროგნოზი რეალურია.

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანა იმაზე ბევრად უკეთეს მაჩვენებელზე გავიდეს, ვიდრე სავალუტო ფონდის ანგარიშშია ასახული.

„ზოგადად, მონაცემები ძალიან საინტერესოა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ პოსტპანდემიურ 2021-22 წლებში გვქონდა საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა. წელსაც კარგი მაჩვენებელი გვაქვს - 7%-მდე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი შედარებით ფრთხილი, ანუ კონსერვატორულია. მიუხედავად ამისა, მათი შეფასებითაც კი, 2028 წელს საქართველო გავა საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე და ევროკავშირის მინიმუმ 6 ქვეყანას მაინც გავასწრებთ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით. ამის გარდა, ვხედავთ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ჩვენი მშპ როგორ იზრდება, დაახლოებით 116 მლრდ-მდე ადის. ეს ძალიან კარგია, რადგან ასეთი ტემპი არც ერთ ქვეყანას არ აქვს, არც ევრაზიაში და არც აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენ ფაქტიურად ლიდერი ქვეყანა ვართ, რეგიონზე აღარ არის საუბარი.

სამეზობლოში საქართველი უპირობო ლიდერია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სავალუტო ფონდის ანგარიში მაინც კონსერვატული პროგნოზია, რომელიც პერიოდულად ქვეყნდება ხოლმე. შედარებისთვის რომ ვთქვა, 2021-22 წლებში გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამ დროს სავალუტო ფონდის პროგნოზი მხოლოდ 4-5%.

თუ გავითვალისწინებთ იმ ინფრასტრუქტურულ და მსხვილ პროექტებს, რომელიც ქვეყანაში დაგეგმილია, 2028 წელს გაცლებით მაღალი შედეგი გვექნება, ვიდრე ფონდის პროგნოზშია ასახული. პირველ რიგში, ვგულისხმობ ანაკლიის პროექტს, რომელიც ალბათ მომავალ წელს დაიწყება, ამიტომ მნიშვნელოვანი დამატებითი ფაქტორი იქნება იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა არათუ სავალუტო ფონდის პროგნოზის დონის იყოს, არამედ უფრო სწრაფიც კი. ასევე, მხედველობაში უნდა მივიღოთ რამდენიმე მსხვილი ენერგოპროექტიც, მათ შორის შავ ზღვაზე გამავალი კაბელი, რაც დამატებითი ინვესტიციებია“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი ცუცქირიძემ და დასძინა, მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 15 ათას  დოლარს არა 2028 წელს, არამედ შესაძლოა, 2027 წელსაც კი გადააჭარბოს.

ეკონომისტთა მეორე ნაწილს ასეთი შედეგის მიღწევაში ეჭვი შეაქვს. როგორც მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, საქართველოს ეკონომიკას კარგი პერსპექტივა აქვს, მაგრამ მცირდმა ცვლილებამაც კი, შეიძლება აბსოლუტურად სხვა რეალობაში მოგვაქციოს და საპირისპირო მდგომარეობა მივიღოთ.

„ძალიან ოპტიმისტური შეფასებაა და მე მხოლოდ გამიხარდება, თუ ამ შედეგზე გავალთ, მაგრამ მგონია, რომ რეალობიდან არ გამომდინარეობს ეს ანგარიში, თუმცა მათ ჩვენზე მეტად აქვთ წვდომა სხვადასხვა მონაცემებზე. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მართლაც ასე მოხდეს, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ იგივე სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის პროგნოზი დოგმა არ არის და ძალიან ხშირად იცვლება ხოლმე.

სავარაუდოდ, სავალუტო ფონდის პროგნოზი ბოლო დროის ტენდენციაზეა დამყარებული. საქართველოს ეკონომიკას კარგი პერსპექტივა აქვს მომავალ წლებში, მაგრამ მცირედმა ცვლილებამაც კი, თუნდაც რაიმე რეფორმამ ან გეოპოლიტიკურმა მოვლენამ, შეიძლება აბსოლუტურად სხვა რეალობაში მოგვაქციოს და საპირისპირო მდგომარეობა მივიღოთ.

საერთოდ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ყოველთვის ზუსტი შეფასება არ არის, იგი დაახლოებითი მონაცემია. კარგია, თუ ფონდი პოტენციალს ხედავს ჩვენს ეკონომიკასა და მის პერსპექტივაში, მაგრამ სამწუხაროდ, მე ამას ვერ ვამჩნევ“, - განუცხადა „რეზონანსს“ ჯანიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×