გვანცა წულაია
10.10.2023

ფქვილის იმპორტზე გადასახადი კიდევ ერთხელ ამოქმედდა, თუმცა ამჯერად განსხვავებლად. ცვლილება ის არის, რომ გადასახადი გაიზარდა და ფქვილთან ერთად დაიბეგრება ქერიც და ქატოც. პირდაპირ ითქვა, რომ ფქვილზე გადასახადის დაწესების გამო პური არ გაძვირდება, მაგრამ საინტერესოა, ქატოს და ქერის დაბეგვრა ხომ არ მოახდენს გავლენას მეცხოველეობაზე?

ფქვილის, ქერისა და ქატოს იმპორტზე ახალი გადასახადი 10 ოქტომბრიდან ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას, იმპორტიორს მოუწევს ყოველ კილოგრამზე 0.25 ლარის გადახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 ტონა ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ქერს და ქატოს, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ქერისა და ქატოს იმპორტისას 1 ტონაზე გადასახადი 100 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული დადგენილება ძალაში 2024 წლის პირველ მარტამდე იქნება.

მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება ფქვილის იმპორტის მზარდი ტენდენციის ფონზე მიიღო, რაც თავის მხრივ განპირობებულია ძირითადად, რუსეთში ფქვილზე დაბალი ფასით, რასაც ადგილობრივი წისქვილკომბინატები კონკურენციას ვერ უწევენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ეს გადაწყვეტილებები პურის ფასზე არ იმოქმედებს. იგივეს ადასტურებენ პურის მწარმოებელთა ასოციაციაშიც.

"დადგენილების ხელახლა ამოქმედება განპირობებულია იმით, რომ ქართული ფქვილი და ხორბალი უფრო მეტად გაიყიდოს, რადგან ბევრი მეწარმე პრიორიტეტს მაინც რუსულ ფქვილს ანიჭებდა. მინდა გითხრათ, რომ დიდი საწარმოები საქართველოში დამზადებულ ფქვილს მოიხმარენ. შესარევად კი ყიდულობენ რუსულს, რადგან ქართული ფქვილი ნაკლებად პასუხობს იმ მოთხოვნებს, როგორსაც რუსული. შერევა კარგ შედეგს იძლევა და მომხმარებელს პურზე სტაბილური ხარისხი ხვდება. იმპორტზე გადასახადი იმოქმედებს მარტამდე. შემდეგ კი ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

მიმდინარე ეტაპზე, ქვეყანაში ხორბალიც შემოდის რუსეთიდან, გარდა ფქვილისა. ადრინდელი ცვლილებით 1 ტომარაზე გადასახადი გამოდიოდა 10 ლარი და ახლა გამოვა 12.5 ლარი. ამ გარემოებამ არ მოიტანა იმხელა ცვლილება, რომ პურის თვითღირებულება გაზრდილიყო. სხვათა შორის, ამას დაემატა ის, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი დაახლოებით 13-თეთრით გაიაფდა. ბუნებრივი აირი პურის წარმოებისთვის ღირდა 90 თეთრამდე და შემდეგ, გახდა 1.40 ლარამდე. ამაზე რამდენჯერმე მივმართეთ შესაბამის სამსახურებს, რადგან თანხაში დიდი ცვლილება იყო, მიიღეს კიდეც მხედველობაში და ამიტომ 13 თეთრიანი შეღავათი გაკეთდა. იგივე საკითხს ვაყენებთ წყალზე, რადგან გადასახადი აქაც ბევრია.

დღეისათვის, საქართველოში დამზადებული 1 ტომარა ფქვილი 49-50 ლარი ღირს, რუსული ფქვილიც დაახლოებით ამ ფასშია. როგორც წინა ჯერზე მოხდა, არც ამჯერად არ არის პურის გაძვირება მოსალოდნელი. როდესაც სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობდა, მაშინ დაისვა კითხვა - თუ რა ნიშნულამდე შეგვეძლო პურზე ფასის დაჭერა და ჩვენ დღევანდელი ტარიფებიდან და კალკულაციიდან გამომდინარე 52 ლარი დავუსახელეთ 1 ტომარა ფქვილზე. თუ ღირებულება ამ მაჩვენებელს ასცდება, მაშინ ცვლილებაზე დავფიქრდებით”, - განუცხადა `რეზონანსს” მალხაზ დოლიძემ.

როგორც ზევით ავღნიშნეთ, ცვლილება ამჯერად სხვაგვარია და ფქვილთან ერთად დაიბეგრება ქერიც და ქატოც. მალხაზ დოლიძემ იმ მიზეზს ასახელებს რის გამოც გადასახადი აღნიშნულ ორ მარცვლეულზეც დაწესდა.

"ქერზეც და ქატოზეც გადასახადი ამოქმედდა იმის გამო, რომ როდესაც ქართული წისქვილი ხორბალს ამუშავებს, რჩება ქატო და ქერი. კონკურენციაში ეს პროდუქტებიც არის. ქერი და ქატო სჭირდება მეურნეობებს, მეცხოველეობას. რუსეთიდან შემოტანილი ამ პროდუქციის ფასები სხვაგვარია, აქ სხვა ღირებულებაა, ამიტომ ფასები აქაც რომ დაახლოებოდა ერთმანეთს, ამის გამო იქნა ცვლილება შემოღებული”, - დასძინა "რეზონანსთან” მალხაზ დოლიძემ.

მეცხოველეობაში ქატოც და ქერიც საკმაოდ ინტენსიურად მოიხმარება, ამიტომ საინტერესოა, მათზე დაწესებული გადასახადი მოახდენს თუ არა რაიმე ცვლილებას. სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ტარიფი, რომელიც ქვეყანში რამდენიმე თვით იმოქმედებს, მეცხოველეობი დარგში რაიმე სახის პროდუქტის გაძვირებას არ გამოიწვევს. როგორც მიხეილ ჭიჭაყუა ფიქრობს, გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს, თუმცა თუკი  აღმოჩნდა, რომ გადასახადის დაწესებამ მეცხოველეობაზე იმოქმედა, მაშინ მისი დარეგულირებაც მოხერხდება.

"ჩვენ ქერსაც ვაწარმოებთ, მაგრამ წარმოება ისევე როგორც ხორბალში, იქაც დაბალი გვაქვს. ქერი მეცხოველეობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ მთავარი არ არის, ქატო უფრო მასობრივი მოხმარებისაა. მთავრობა ახლა ცდილობს, რეგულირების მექანიზმი ჩამოაყალიბოს. არ მგონია, ამ გადაწყვეტილებამ რაიმე გავლენა მოახდინოს. ჩვენ მარცვლეულის ბევრ სახეობას ვიყენებთ. თუ აღმოჩნდა, რომ რაიმე გავლენა მართლაც იქნება, ამის დარეგულირებაც შეიძლება.

სასურველია, ფერმერებს მიეცეთ სტიმული და მათი შემოსავალი აიზარდოს. თუ თუ მთავრობა ყურადღებას გაამახვილებს, ფერმერებს მოუსმენს და ერთობლივად შეჯერდებიან, ძალიან კარგი იქნება.

მთავარია ხორბალი შემოდიოდეს, იფქვებოდეს და ამით ჩვენი წისქვილები მუშაობდეს. ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი ადგილობრივი მარცვლეული იყიდებოდეს. ფერმერი კმაყოფილი უნდა იყოს, რომ მან მარცვლეულის ნორმალურ ფასად გაყიდვა შეძლოს”, - განუცხდა "რეზონანსს” ჭიჭაყუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×